თურქეთი კონსტიტუციური ცვლილებების მოლოდინში

 2011 წლის 12 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თურქეთში ყველაზე აქტუალური საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებებია. გასული წლის  სექტემბერში ჩატარებული რეფერენდუმის დროს, ამ ნაბიჯს მოსახლეობის 58% მიემხრო. ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციაში შესწორებების საკუთარი ვარიანტები, თუმცა გამარჯვების ნაკლები შანსი აქვთ. მათი ყველაზე დიდი წარმატება ის იქნება, თუ მმართველ პარტიას უმრავლესობას ჩამოართმევენ. თურქეთის პარლამენტში 550 ადგილია, საკონსტიტუციო ცვლილებებს კი მისმა 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი.
ერდოღანმა არაერთხელ ახსენა, რომ ქვეყნის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა სურს. მართალია, პრემიერს პირადი მოტივი ამოძრავებს – გაპრეზიდენტების  შემთხვევაში უფრო დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს – მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ძლიერი პრეზიდენტი, სამხედროების ძალის დასაბალანსებლად, აუცილებელია. სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დებატები ამ საკითხზე უფრო აქტუალური გახდება. ახლანდელი პრეზიდენტი, აბდულა გიული, ამ მოდელის შემოღებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. თუ მმართველი პარტია ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ დააგროვებს, მაშინ მის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იუსტიციის სისტემის რეორგანიზაციაა. ის მიზნად სამხედროების პოლიტიკური გავლენის შესუსტებას ისახავს.  

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე, პოლიტიკა და ჯარი ერთმანეთისგან გამიჯნული არ ყოფილა. წლების განმავლობაში სამხედროები ქემალისტური რესპუბლიკის პრინციპების სადარაჯოზე იდგნენ. ყოველთვის, როცა პროდასავლური, ანტიკომუნისტური ან სეკულარული პრინციპები საფრთხის ქვეშ დგებოდა, სახელმწიფო საქმეებში თურქული ჯარი ერეოდა. სამხედრო ძალამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში, არჩეული მთავრობა 4-ჯერ გადააყენა. სამხედროების მიერ ჩამოყალიბებული „ღრმა სახელმწიფო” (derin devlet), დროთა განმავლობაში, პარალელურ მთავრობად იქცა. იგი წარმოადგენს „გლადიოს” ტიპის ქსელს, რომელიც  NATO-ს ქვეყნებში 1950-იან წლებში ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელის მისია ანტიკომუნისტური კამპანიისა და საბჭოთა ოკუპაციის შემაკავებელი ძალების ცენტრის შექმნა გახლდათ. თავდაპირველად ეს ორგანიზაცია იდეოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ ინტელექტუალური ელიტის კონსოლიდაციას ითვალისწინებდა. თუმცა პერიოდულად “ღრმა სახელმწიფოს” ოფიცრები სამხედრო ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აქცენტი ქურთების მუშათა პარტიის (PKK) მიერ წამოწყებული საშიში კამპანიის – თურქეთის ეთნიკური ქურთების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ჩახშობაზე გადაიტანეს.

 „ღრმა სახელმწიფოს” თურქეთში ორი განშტოება ჰქონდა: 1) სპეციალური სამხედრო ერთეული, რომელიც სამხედრო ელიტისგან შედგებოდა;  2)  ერგენეკონი – სამოქალაქო-პოლიტიკური ფრთა. 2007 წელს, ამ უკანასკნელის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების დროს, 300 ადამიანი დააკავეს. პროკურორები დავობდნენ, რომ მკვლელობების, ტერორიზმის და ქაოსის გამო, თურქეთის სტაბილურობას ექმნებოდა საფრთხე და ახალი  სამხედრო გადატრიალებისთვის ნიადაგი მზადდებოდა. დღეს AKP, სასამართლოზე კონტროლის გამკაცრებით, სამხედრო ხუნტის საქმიანობის აღკვეთას ცდილობს. 

თურქეთში, სამოქალაქო და მილიტარისტულ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირება, მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობით არ შემოიფარგლება. დღის წესრიგში ქვეყნის ორიენტაციის საკითხიც დგას – რა პოლიტიკურ გზას აირჩევს ის – ისლამისტურს თუ სეკულარულს. დარჩება დასავლეთის მოკავშირედ, თუ მისი საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთზე და, პირველ რიგში, ისლამურ ქვეყნებზე გადაერთვება.  

თურქეთი 1960-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. AKP-ს პირველი ვადის დროს გატარებულმა რეფორმებმა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას ბიძგი მისცა. სხვადასხვა დოკუმენტებში ხაზგასმულ რეფორმებში, რომლებსაც ბრიუსელი მხარს უჭერს, საკონსტიტუციო ცვლილებებიც იგულისხმება. მაგრამ  ორგანიზაციაში თურქეთის მიღებას საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან. შედეგად, გაწევრიანების იმედიც ნელ-ნელა იკლებს. მოსალოდნელია, რომ ევროპიზაციის სახელით მომხდარ დემოკრატიზაციას, თურქეთის ისლამიზაცია მოჰყვეს და ქვეყანამ პროდასავლური საგარეო კურსიდან საბოლოოდ გადაუხვიოს. 

კომენტარები