სიცოცხლის მეჯლისი სამყაროს დასასრულის დღეს

2 მაისამდე ცოტა ხნით ადრე, ნიუ იორკის ქუჩები სამყაროს დასასრულის მომასწავებელი ინფორმაციით აჭრელდა. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვინმე ფიცპატრიკმა ამ აქციას 140 ათასი აშშ დოლარი „მიუძღვნა”. დღეს უკვე რთული სათქმელია, რამდენად ეფექტურად იმუშავა უცნაურმა კამპანიამ, მაგრამ ფაქტია,  განკითხვის ჟამი არც ნიუ იორკში და არც მის საზღვრებს გარეთ 21 მაისს არ დამდგარა. მეტიც – “სამყაროს დასასრულის” დღეს, ვენაში, ევროპის ყველაზე მასშტაბური ანტიშიდსის ღონისძიება – “სიცოცხლის მეჯლისი” უკვე მეცხრამეტედ აღინიშნა.
ღონისძიების მთავარი ხიბლი არა ინიციატივის მხარდასაჭერად ჩამოსული ცნობილი პოლიტიკოსები თუ შოუბიზნესის წარმომადგენლები, არამედ რიგითი სტუმრები იყვნენ: დაარსების დღიდან, Life Ball ყოველწლიურად ცვალებადი თემატიკის მქონე კარნავალია, რაც შოუს განუმეორებელ ელფერს სძენს. ორგანიზატორების თქმით, ეს, ერთი შეხედვით, პარადოქსული ჩანაფიქრი (მძიმე ავადმყოფობის დასაძლევად, მხარდასაჭერი აქციის ამგვარ სანახაობად ქცევის მცდელობა, “სიცოცხლის მეჯლისის” კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარების მიზეზად მსოფლიოში არაერთხელ იქცა) ღონისძიების დაარსების დღიდან აქტუალურია და შემთხვევითი ნამდვილად არ არის: “ფანტაზია რეალობის სახელით გამართულ ბრძოლაში უმთავრესი იარაღია, – აცხადებენ ორგანიზატორები, – კრეატიული კოსტიუმები კონცეფციის შემადგენელი ნაწილია. ყველა ჩვენგანს სჭირდება ნიღაბი; ზოგს სულაც იმისათვის, რომ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენოს. როგორც სიცოცხლეს, ისევე სიკვდილს მრავალი ნიღაბი გააჩნია”. 
წლევანდელი მეჯლისი ჰაერის თემატიკას მიეძღვნა. “ჰაერი. გაშალე ტოლერანტობის ფრთები!” 2009 წელს წყლის თემით („წყალი. დაე, მოედინებოდეს სიყვარული!”) დაწყებული სტიქიების ოთხწლიანი ციკლის ნაწილია, რომელსაც მომავალ წელს Life Ball სლოგანით – „ცეცხლი. სამყაროს დაბადება” – დაასრულებს. 

შავი გედები, ყვავები, ფლამინგოები, წეროები, ანგელოზები, პეპლები, ბერძნული ღმერთები, სუპერმენი, უცნაური მწერები და ფრინველები – ვარდისფერი ხალიჩის თითქმის არც ერთი სტუმარი წელს ფრთების გარეშე არ მოსულა. 
შედარებით თავშეკავებულად გამოწყობილნი გამოცხადდნენ ღონისძიების ვარსკვლავი სტუმრები – ჯენეტ ჯექსონი, ბილ კლინტონი, ბრუკ შილდსი, მისონების ოჯახი, Dsquared2 და სხვ. 

ჯენეტ ჯექსონი, რომელიც წინა დღეს კანიდან მეჯლისის ერთ-ერთი სპონსორის, Red Bull-ის თვითმფრინავით გადმოფრინდა, შიდსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მებრძოლი ვარსკვლავია. მისი სიმღერა – Together Again – 1997 წელს, სწორედ შიდსით დაღუპული მეგობრების ხსოვნას ეძღვნებოდა. “მჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს რამდენიმე სიცოცხლე გააჩნია. ერთმნიშვნელოვანი სიკვდილის არ მწამს. ამ სიმღერით ჩემი დაღუპული მეგობრების ცრემლების გარეშე გახსენება მინდოდა. მიხარია, რომ Together Again სიყვარულის მარადიულობას ამტკიცებს”, – განუცხადა ჯექსონების ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა პრესას. 

ბილ კლინტონი, რომელიც Life Ball-ს უკვე მეორედ ესტუმრა (გასულ წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის ვუპი გოლდბერგთან ერთად იმყოფებოდა), ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში რატომღაც ვეღარ მოხვდა. მედიის წლევანდელი ფავორიტი, ექსტრავაგანტული ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი გახლდათ: “მარტო შიდსის შესახებ ლაპარაკი არ კმარა. ყოველმა ჩვენგანმა ინფორმაცია უნდა მოიძიოს, მერე ტვინიც დააყოლოს და ამ ყველაფრის ანალიზი გააკეთოს”, – განაცხადა ვესტვუდმა.

შოტენტორიდან მერიის მოედნამდე ვარდისფერ ხალიჩაზე 2-საათიანი მსვლელობის შემდეგ, როდესაც ყველა სტუმარი უკვე Rathausplatz-ზე, ღია ცის
ქვეშ გაწყობილ დარბაზში აღმოჩნდა, ღონისძიება ფართო მასებისთვის დაიხურა: სცენა, რომელზეც უზარმაზარი წითელი ბაფთა იყო გადაჭიმული (შიდსით დაავადებულთა მიმართ სოლიდარობის გამომჟღავნების ნიშანი), გრანდიოზულ შოუპროგრამას დაეთმო. შოუ ყოველწლიურად რომელიმე ცნობილი დიზაინერის კოლექციის ჩვენებით სრულდება. რობერტო კავალის, პაკო რაბანის, ვივიენ ვესტვუდის, ჟან-პოლ გოტიეს, კელვინ კლაინისა და სხვათა შემდეგ, წლევანდელი პროგრამა ტყუპი დიზაინერების – დინ და დენ კეიტენების (Dsquared2) მოდის სახლის ჩვენებამ დახურა. 
სხვათა შორის, ძმები ვარდისფერ ხალიჩაზე წელს მათ მიერ სპეციალურად Life Ball-ისთვის შექმნილი დიზაინის მქონე Mini Cooper-ით გამოცხადდნენ.

 თუმცა Rathausplatz-ზე გამართული შოუ მხოლოდ გასართობ ფუნქციას არ ატარებს. პროგრამის თითქმის 30% შიდსის ისტორიის, მასთან ბრძოლის მეთოდებისა და მიღწეული შედეგების გაცნობას ეთმობა. მით უმეტეს, რომ წლევანდელი ღონისძიება ტრაგიკულ იუბილეს – შიდსის ვირუსის აღმოჩენის 30 წლის თავს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი კაცობრიობას გასული საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ აფრიკაში, შიმპანზისაგან შეეყარა, ოფიციალური ქრონიკა მაინც 1981 წლიდან იწყება. დღემდე შიდსმა 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 
1992 წელს, გერი კეზლერისა და იმხანად თავად ინფიცირებული, დოქტორ ტორგომ პეტროსიანის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ღონისძიებას შიდსის დაძლევის მსოფლიო ფონდში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხა შეაქვს. Life Ball ინფიცირებულთა მიმართ ტოლერანტობის გაღრმავებას, ფინანსურ მხარდაჭერას, ინფორმაციული ვაკუუმის ხარჯზე ლგბტ საზოგადოების დისკრიმინაციის აღმოფხვრასა (იქიდან გამომდინარე, რომ 80-იან წლებში ვირუსის მატარებლები ხშირად ჰომოსექსუალები იყვნენ, ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ შიდსი ჰომოსექსუალთა დაავადებაა, რაც მომავალში მათი დევნის ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად იქცა) და მსოფლიოს ყურადღების შიდსის ვირუსზე მიპყრობას ისახავს მიზნად.
უკვე 1993 წელს, Life Ball-ის შემოსავალმა მილიონ ავსტრიულ შილინგს მიაღწია (დაახლოებით, 80 ათასი ევრო). 2001-2005 წლებში ელტონ ჯონის Aids Foundation-თან თანამშრომლობამ კი, რიგით მე-13 ღონისძიებას (2005 წ.) 1.017.600 ევრო მოუტანა. 

სამყაროს დასასრულის დღეს ჩატარებული სიცოცხლის მეჯლისის ორგანიზატორებს შემოსული თანხის დათვლა ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ; თუმცა 2012 წლის 21 მაისისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. როგორც ამბობენ, მაიას კალენდარში ეს თარიღი ქვეყნიერების დასასრულადაა გამოცხადებული. სამყაროს რიგით მეორე დასასრულის დღეს, Life Ball სლოგანით – “ცეცხლი. სამყაროს დაბადება” აღნიშნავს. 

კომენტარები