დინამო ესპანელმა ჩაიბარა

თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დაინიშნა. დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ის ჟურნალისტებს დღეს სასტუმრო თბილისი მერიოტში წარუდგინეს. ”ჩვენ გვინდა, რომ რამდენიმე წელიწადში დინამო ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდეს. გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ძლიერი მწვრთნელის მოწვევა იყო და მიხარია, რომ მიზანი შევასრულეთ. ალექს გარსია მსოფლიოს საუკეთესო კლუბ ბარსელონაში წლების მანძილზე მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ჩვენი კლუბი ბევრს მიაღწევს,” - განაცხადა რომან ფიფიამ.

ალექს გარსია 2007-2009 წლებში ბარსელონას ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა, რომელთან ერთად ორჯერ იმარჯვა ესპანეთის ჩემპიონატში, ერთხელ კი ტრიპლეტი შეასრულა - ჩემპიონატის გარდა კატალონიის პირველობა და ესპანეთის თასიც მოიგო.

ესპანელ სპეციალისტთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა 2+1 ფორმატით. ის 7 ივნისიდან შეუდგება მუშაობას, თანაშემწედ კი რამდენიმე თანამემამულე და ქართველი სპეციალისტები ეყოლება.

12 ივნისიდან თბილისის დინამო სლოვენია-ავსტრიაში სეზონისწინა შეკრებას გაივლის, სადაც 4 შეხვედრას ჩაატარებს, თვის ბოლოს კი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

ევროტურნირების წილისყრა 20 ივნისს შედგება.

კომენტარები