ოქრუაშვილის მიმართვას უმრავლესობა ”სასაცილოს” უწოდებს

ქართული პარტიის” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა  დღეს ქართველი ჯარისკაცებისადმი მიართვა გაავრცელა, რომელშიც მათ მოუწოდებს ”გადმოვიდნენ ბარიკადებზე და დადგნენ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის გვერდით, „ქართველი ხალხის გვერდით .”

ქართული პარტიის ლიდერის განცხადებას  საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი, გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება ”სრულიად ბუნებრივი მოვლენა”ა დემოკრატიული საზოგადოებისთის, მაგრამ, მისი თქმით, პოლიტიკა მთავრდება იქ, სადაც „ბარიკადებზე შეიარაღებული ძალები გამოყავთ“.

"სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში გვაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც მსგავსმა უპასუხისმგებლო მოქმედებამ და პოლიტიკოსების მიერ პროვოცირებულმა სამხედრო დაპირისპირებამ გამოიწვია ქვეყნისთვის საბედისწერო და სავალალო შედეგები, რასაც დღესაც ვიმკით,” განაცხადა თარგამაძემ. მან  დასძინა, რომ მიუღებელია ასეთი ქმედების არა მხოლოდ მცდელობა, არამედ მისკენ მოწოდებაც კი.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი ოქრუაშვილის მიმართვა ”სასცილოდ” მიიჩნია. უმრავლესობის  ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად, რადგან პოლიტიკურად ის და მისი პოლიტიკურ ძალა ”უკვე კარგა ხანია  მოსკოვში იმყოფებიან.”

„ცინიზმია, რომ ამ ძალას „ქართული პარტია“ ჰქვია, როდესაც ყველა იცის, რომ ის რუსული პარტიაა,“ აღნიშნა გაბაშვილმა. მისივე თქმით,   სასაცილოა ოქრუაშვილის მიმართვა ქართველი ჯარისადმი, ვინაიდან „არც პუტინის, არც მედვედევის და არც ოქრუაშვილის მიმართვით, საქართველოს შეიარაღებული ძალები, ქართული არმია არ გახდება რუსული და მოსკოვის არმია. ასე რომ, ოქრუაშვილს რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ შეუძლია ჩვენს არმიას მიმართოს,“ განაცხადა გაბაშვილმა. 

კომენტარები