ევროტრიუმფატორი პორტუ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/prt.png##fbimage#
გუშინ ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, დაბლინ არენაზე უეფას ევროპის ლიგის ფინალში პორტუმ ბრაგას კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს ერთადერთი გოლით 1:0 სძლია. ეს იყო პირველი პორტუგალიური ფინალი ევროტურნირების ისტორიაში.

გოლი, რომელმაც ფინალის ბედი გადაწყვიტა, შესვენებამდე წუთით ადრე გავიდა: პორტუს ნახევარმცველმა გუარინმა მეტოქის შეტევა ჩაჭრა, ფლანგზე წაიწია და საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ფალკაომ ბრწყინვალედ ითამაშა - მოხდენილი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0. ეს რადამელ ფალკაოს მე-17 გოლი იყო წლევანდელ გათამაშებაში. გარდა იმისა, რომ მან ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო, ევროთასების რეკორდიც დაამყარა: ერთ გათამაშებაში ამდენი გოლი არავის გაუტანია!

ძალიან ბედნიერი ვარ! წლევანდელ სეზონში შესანიშნავად ვთამაშობთ და მიხარია, რომ ტიტულებს ვიხვეჭთ. ევროპის ლიგის მოგება, ეს ასრულებული ოცნებაა! - განაცხადა 25 წლის ფალკაომ, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბრაგას მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეკარე ელტონთან პირისპირ გასულმა მოსორომ ცუდად დაარტყა - პორტუს კაპიტანმა მეკარემ ბურთი ტერფით მოიგერია.

პორტუს 33 წლის მწვრთნელისთვის ანდრე ვილიაშ-ბოაშისთვის დუბლინში მოგებული ევროპის ლიგა მეორე ტიტულია ორიოდ კვირის წინ მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგ. ვილიაშ-ბოაში ევროთასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორია! მას კვირას მესამე ტიტულის მოპოვების შანსიც აქვს: ქვეყნის თასის ფინალში მისი პორტუ, რომელმაც პირველობა დაუმარცხებლად მოიგო, გიმარაეშს ხვდება.

ეს პორტუს ისტორიაში მეოთხე ევროთასია: 1987 და 2004 წლებში კლუბმა ჩემპიონთა თასი აღმართა, 2003 წელს კი უეფას თასი. თუ ფიფა-უეფას მიერ აღიარებულ საერთაშორისო ტიტულებს მივიღებთ მხედველობაში, პორტუს 7 გამარჯვება დაუგროვდება: 1987 წელს კლუბმა ევროპის სუპერთასი, 1987 და 2004 წლებში კი საკონტინენტთაშორისო თასებიც მოიგო. 7 საერთაშორისო თასით პორტუ ევროპის კლუბებს შორის მე-9 ადგილზეა, საუკეთესო კი იტალიის მილანია 17 გამარჯვებით.

ზაფხულში პორტუს ევროპის სუპერთასის მეორედ მოგების შანსი ექნება: პორტუგალიელები მონაკოში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები