ბაქოში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნა გააკრიტიკეს

კავკასიის მუსლიმთა სამმართველომ უარყოფითად შეაფასა თბილისში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Interfax Azerbaijan-ი იუწყება. სააგენტოს ცნობით,  საქართველოში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელის, ალი ალიევის თქმით, ახლადშექმნილ სამმართველოში ”არც ერთი აზერბაიჯანელი არ მუშაობს.” ალიევმა აქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანელები ამ სტრუქტურაში მხოლოდ ”მეორეხარისხოვან თანამდებობებზე” დანიშნეს.

მისი თქმით, სამმართველოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ბაქოში იყო და აზერბაიჯანელებისგან შედგებოდა. ”ახლა  კი ყველას შეეძლება თავისი თავი მუფთად ან შეიხად აირჩიოს, რაც, არასწორად ითვლება,” განაცხადა ალი ალიევმა.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო abc.az წერს, რომ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შექმნით კავკასიის მუსლიმთა დეპარტამენტი მოსკოვის საპატრიარქოს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ”ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მრევლი მისგან გარბის,” წერს სააგენტო.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გასულ კვირას დაფუძნდა და მის ფუნქციებში საქართველოში მოქმედი მეჩეთებისა და მუსლიმური საზოგადოებების კონტროლი შედის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აქამდე ამ ფუნქციების განხორციელება აზერბაიჯანის მუსლიმთა სამმართველოს კომპეტენციაში შედიოდა. 

კომენტარები