რეჟიმის შეცვლის და კონსტიტუციური წესრიგის მომხრე პარტიები ქართულ ოპოზიციაში

თბილი ამინდის დადგომასთან ერთად, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები თბილისში რეჟიმის შეცვლის სეზონური კამპანიის დაწყებას გეგმავენ. ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, 2007 წლის შემდეგ მათ ტაქტიკა არ შეუცვლიათ: დედაქალაქის ქუჩებში არეულობის მოწყობით ხელისუფლების პროვოცირება, გამოიყენოს ძალა, რაც დასავლეთის თვალში მთავრობის ლეგიტიმურობის დაკარგვას და ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს.

ამ წლის სიახლე არაბულ სამყაროში მომხდარი ამბოხებებით შექმნილი საერთაშორისო კონტექსტია, რომლებიც ბევრმა დასავლეთში თავდაპირველად დემოკრატიულ მოძრაობად არასწორად შერაცხა. ამჟამად დასავლეთში ამ შეფასების გადასინჯვა ხდება, თუმცა თბილისის რადიკალური ოპოზიციონერები, როგორც ჩანს, ამ გადაფასებას არ ეთანხმებიან. არაბული "რევოლუციებით" დასავლეთის თავდაპირველი აღტყინებით გაგულისებულები, ეს ქართველი ოპოზიციონერები რიტორიკას არ ცვლიან. იმედოვნებენ რა ამ სცენარით საქართველოს დასავლეთიდან იზოლირებას, არეულობის მომხრენი საქართველოში რეჟიმის შეცვლის რუსული გეგმიდან მოგების მიღებას ცდილობენ.

ოპოზიცია სამი ფრთისგან შედგება: პარტიები, რომლებიც კონსტიტუციური წესებით მოქმედებენ; რეჟიმის ამბოხებით შეცვლის მომხრეები; და რამდენიმე მცირე ჯგუფი, რომლებსაც გაურკვეველი შუალედური პოზიცია უკავიათ, რომელთაგან ზოგი ყურად იღებს დასავლეთის რჩევას, გამოიჩინოს თავშეკავება და მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას, ზოგი კი არა.

რეჟიმის შეცვლის მომხრეები ორ ბანაკად იყოფიან: სახალხო კრება და ქართული პარტია, რომლებიც ლიდერებს შორის პირადი შუღლის გამო არიან დაპირისპირებულები (შალვა ნათელაშვილის არანაკლებ რადიკალური ლეიბორისტული პარტია დამოუკიდებლად მოქმედებს).

2 მაისს სახალხო კრებამ 21 მაისიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მასობრივი დემონსტრაციების დაწყების შესახებ განაცხადა. ბრიფინგზე, ორგანიზატორებმა მოსახლეობას "სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმისგან ქვეყნის განთავისუფლების გადამწყვეტი ბრძოლისკენ" მოუწოდეს. ისინი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ იმ იმედით, რომ დემონსტრანტები "სააკაშვილს აიძულებენ, გადადგეს" (1-ლი არხი; Интерфакс, 2 მაისი).

ამ ტიპის მოწოდებებს რადიკალური ოპოზიციონერები ქართული სატელევიზიო არხებით შეუზღუდავად აკეთებენ. დემონსტრაციები, რომელთა დაწყებაც თავდაპირველად 21 და 29 აპრილს იგეგმებოდა, ჯერ 2 მაისისთვის გადაიდო, შემდეგ კი – სახალხო მხარდაჭერის ნაკლებობის გამო – 21 მაისისთვის. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე, ყოფილი პროკურორი და სასაზღვრო დაცვის უფროსი, ბადრი ბიწაძე, სახალხო კრების ლიდერები არიან, თუმცა ამ გაერთიანების სახედ ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ქალთა შორის ჭადრაკში (1962-78), ნონა გაფრინდაშვილს, იყენებენ. ბურჯანაძემ ზოგ ოპოზიციურ წრეებში ნდობა დაკარგა იმით, რომ  თავისი პარტიის – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, კრემლის მხარდაჭერის მოპოვება მოინდომა. იგი დაუფარავად ცდილობდა, საკუთარი თავი რუსეთისთვის სასურველ ქართველ პარტნიორად წარმოედგინა და აცხადებდა, რომ რუსეთთან დაახლოებით, საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას შეძლებდა. ბურჯანაძესა და ბიწაძეს პირადი კონფლიქტი აქვთ ქართული პარტიის მათსავით რადიკალურ ზოგიერთ ლიდერთან, რაც მათ შორის თანამშრომლობას, ამ ეტაპზე მაინც, აფერხებს.

ვინაიდან ქართული პარტია რამდენიმე მცირე ჯგუფის გაერთიანებაა, მას ოთხი ლიდერი ჰყავს და ოთხივეს დიდი ამბიციები აქვს. ეს პარტია საქართველოს დასავლეთისკენ ლტოლვის საპირისპირო კარტით – კულტურული კონსერვატიზმით თამაშობს. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, ცოტა ხნის წინ 50 ათასი ადამიანის მობილიზებით იმუქრებოდა, ანუ, "არმიით", რომელიც "მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი მისია" (Интерфакс, 14 აპრილი). 2007-2008 წლებში სუბარი საქართველოს ომბუდსმენი იყო, თუმცა მან ამავე დროს საკუთარი პოლიტიკური პარტია დააარსა და გარკვეული დროის განმავლობაში ორივე ასპარეზზე საქმიანობდა, რაც თანამდებობრივად შეუთავსებელი იყო. სხვა ლიდერები – რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელი, ეროსი კიწმარიშვილი, ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების რაოდენობით მეორე კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე არიან. გაჩეჩილაძე ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილეობაშია შემჩნეულია, მათ შორის ბოლოდროინდელ ინციდენტებში მიუნხენის აეროპორტსა და ავიაკომპანია Air France-ის პარიზის რეისზე (Интерфакс, 12 აპრილი).

"ცეცხლის წამკიდებელი" პოლიტიკოსების საგანგებო ალიანსს, ქართულ პარტიას, სუსტი სოციალური საყრდენი აქვს. თუმცა, მას ქუჩის აქციებისათვის თბილისში გარკვეული სოციალური ჯგუფების მობილიზება შეუძლია (როგორც ეს რადიკალურმა ოპოზიციამ, ოდნავ განსხვავებული ლიდერებით, 2007-2009 წლებში შეძლო). თბილისი (მეტად, ვიდრე პროვინციები) ახერხებს იმ სოციალური ჯგუფების მობილიზებას, რომლებსაც პრივილეგიები ჯერ საბჭოთა კავშირის კოლაფსმა, შემდეგ კი 2003 წლის შემდგომმა მოდერნიზაციამ დააკარგვინა. გარდა თბილისის გარკვეული უბნებისა, საქართველოს პარტიის სამიზნე კახეთის რეგიონის მევენახეები არიან, რომლებსაც რუსეთის ემბარგომ ქართულ ღვინოზე მძიმე დარტყმა მიაყენა. ადანაშაულებს რა ამ ვითარების შექმნაში მიხეილ სააკაშვილის მთავრობას, ქართული პარტია მევენახეებს რუსეთთან მუშაობით ემბარგოს მოხსნას და ზოგადად, მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ჰპირდება.

მოსკოვიც ამ ემბარგოს პოლიტიკური შედეგების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობს. 29 აპრილს, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენადი ონიშჩენკომ, განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს ქართულ ღვინოზე ემბარგოს მოხსნის საკითხი თუმცა არა საქართველოს მთავრობასთან, არამედ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოპოზიციური ჯგუფის, თავისუფალი საქართველოს, ლიდერი კახა კუკავა იმავე დღეს მიესალმა ამ შეთავაზებას. მოსკოვში ამ პოლიტიკური საჩუქრის მისაღებად მას, ალბათ, სხვებიც გაჰყვებიან. საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, თბილღვინოს, ხელმძღვანელობამ  ემბარგოს ნებისმიერი გზით გაუქმების პერსპექტივა მოიწონა: "მოლაპარაკებების ფორმატს მნიშვნელობა არა აქვს; მნიშვნელოვანი მხოლოდ შედეგებია", განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა (Интерфакс, 29 აპრილი).

კონსტიტუციის ჩარჩოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები, ძირითადად, გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები არიან. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ამ ორმა პარტიამ გარკვეული სიმწიფე გამოავლინა, რამაც დასავლელი დამკვირვებლების დადებითი შეფასება დაიმსახურა და საქართველოში მრავალპარტიული სისტემის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა. ქრისტიან-დემოკრატები ყველაზე დიდი ჯგუფია მცირე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ოპოზიციის ეს ფრთა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებას მოითხოვს, რამაც პოლიტიკურ პარტიებს თანაბარი სათამაშო მოედანი უნდა შეუქმნას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. სულ რვა პარტია, რომელთა შორის საკონსტიტუციო წესებით მოთამაშეებიც არიან და რეჟიმის შეცვლის მომხრენიც, საკონსულტაციო ფორუმშია ჩართული და მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობასთან საკანონმდებლო ცვლილებებზე მოლაპარაკებებს მართავს.

რეჟიმის შეცვლის მომხრე პარტიებისგან განსხვავებით, ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები მკვეთრად დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებია. თარგამაძისა და ალასანიას პარტიები პარლამენტის გავლით (და არა ქუჩის საპროტესტო აქციებით) საკანონმდებლო ცვლილებებისთვის იბრძვიან; ისინი საკონსტიტუციო ვადით განსაზღვრული (და არა ვადამდელი) არჩევნებისათვის ემზადებიან და მომავალში საქართველოში ხელისუფლების სამართლებრივი შეცვლის (ქუჩიდან შეცვლის ნაცვლად) საფუძვლის მომზადების საქმეში თანამშრომლობენ. ეს პარტიები ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად (რუსთავი 2, 27 აპრილი).

ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ვერ მოხდება არაბული მოდელის საქართველოში გადმოტანა:
1. საქართველოში ლეგიტიმური კონსტიტუციური წყობაა, რომლის უკანონო მასობრივი აქციებით დამხობას სუსტი სახალხო მხარდაჭერა აქვს;
2. ახალგაზრდა თაობები საქართველოს სწრაფი მოდერნიზების ძირითადი ბენეფიციარები არიან მაშინ, როდესაც საპროტესტო ტალღის ლიდერები წარსულზე ორიენტირებულები;
3. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები რეფორმირებული, არაკორუმპირებული და პროფესიულად ეფექტიანები არიან;
4. საქართველოს სამთავრობო ელიტა და საზოგადოების დიდი ნაწილი ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ესწრაფვიან. სტაბილურობის ასეთი საყრდენები არაბულ ქვეყნებში, სადაც არეულობები მოხდა, არასოდეს ყოფილა.

კომენტარები