ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს

ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრეჰემმა აშშ-ს სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც ვაშინგტონის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. დოკუმენტში სენატორები მოუწოდებენ რუსეთს გაიყვანოს საოკუპაციო ძალები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
 
”თითქმის სამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან და რუსული ჯარები კვლავ იკავებენ საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკის ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დიპლომატიური ინტერესებისთვის,” აღნიშნა სენატორმა შაჰინმა ”ეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებას ნიშნავს და არის ნათელი გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ რუსული ძალების ყოფნა საქართველოში არ არის პრობლემის გადაჭრის ნაწილი,” დასძინა მან.
 
სენატორმა გრეჰემმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე იყო ”აგრესია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ახალი დემოკრატიის” მიმართ. ”მე გავაგრძელებ საქართველოს გვერდით დგომას, რათა დავრწმუნდე რომ ეს ახალგაზრდა დემოკრატია წინ წავა და გახდება ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,” აღნიშნა მან.
  
ამერიკელი სენატორების მიერ ინიცირებულ დოკუმენტს აშშ-ს სენატის კომიტეტებში განიხილავენ, და სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაამტკიცებენ. 

კომენტარები