სასამართლომ გაამართლა ბლოგერი, რომელმაც ყურანზე მოშარდა

ქალაქ სტრასბურგის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ბლოგერი, რომელმაც მუსლიმების წმინდა წიგნი, ყურანი დაწვა და შემდეგ მასზე მოშარდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ერნესტო როხას აბატე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იქცეოდა, როდესაც მან  2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ინსცენირების დროს ყურანი გამოიყენა.

2 ოქტომბერს ბლოგერმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას მიერ ნიუ იორკში მოწყობილი ტერაქტის ინსცენირებაა ასახული. აბატემ ყურანიდან ფურცლები ამოხია და თვითმფრინავები გააკეთა, რომელიც დააჯახა ორ ჭიქას, რომელიც სიმბოლურად ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრის შენობებს წარმოადგენდა. შემდეგ მან ქაღალდის თვითმფრინავები და ყურანი დაწვა და ”ცეცხლის ჩაქრობის მიზნით” აალებულ ფურცლებზე მოშარდა.

სტრასბურგის მეჩეთმა და ადგილობრივმა ანტირასისტულმა ორგანიზაციამ 30 წლის აბატეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვიდეომასალა მიმართული იყო ტერორიზმის და არა მუსლიმური საზოგადოების წინააღმდეგ. თავად აბატემ განაცხადა, რომ ის უბრალოდ ერთობოდა. ”ისლამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,” აღნიშნა მან. 

კომენტარები