როლს როისმა ჩინელებს დაგრძელებული გოსტი უჩვენა

 შანხაის საავტომობილო შოუზე შედგა როლს როისის „პატარა” მოდელ გოსტის გრძელბაზიანი ვერსიის პრემიერა, ავტომობილის, რომელზეც ინგლისური კომპანია ჩინეთის ბაზარზე დიდ იმედებს ამყარებს. მის წარმოებას როლსი წელსვე დაიწყებს და საბაზო გოსტზე დაახლოებით 20 პროცენტით ძვირად გაყიდის. სხვათა შორის, როლს როისის ისტორიაში, ეს პირველი ავტომობილია, რომლის პრემიერაც აზიაში ჩატარდა.

მწარმოებლის განცხადებით, ესაა ავტომობილი, რომელიც „იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ფართო და კომფორტული ავტომობილი სჭირდება, თუმცა არც საბაზო გოსტის დინამიზმის უნიკალური ბალანსი და ზომიერება ეთმობა”. ამ ავტომობილს წელს შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ, მომავალი წლიდან კი მისი წარმოება სრული ტემპით დაიწყება.

 

გრძელბაზიანი ვერსიის ბორბლებს შორის ბაზა 170 მილიმეტრით დაგრძელდა, რისი წყალობითაც, უკანა სავარძლებზე მჯდარ მგზავრთა ფეხებისთვის ადგილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გარდა ამისა, ავტომობილს პანორამული გამჭვირვალე სახურავიც აქვს. საერთო ჯამში, გრძელი გოსტის სიგრძემ 5.40 მეტრს მიაღწია და ამგვარად, ის მოკლებაზიანი ფანტომისას დაუახლოვდა. ვიზუალურად, დაგრძელება უფრო დიდი ზომის უკანა კარებს დაეტყო.
 
კაპოტქვეშ ისევ 6.6-ლიტრიანი V12 ტურბოძრავია განლაგებული, რომელიც სტანდარტულ გოსტზეც დგას და 570 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს ავითარებს. როლს როისის მონაცემებით, დაგრძელებულ გოსტს ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა 5 წამში შეუძლია. ამასთან, მაბრუნი მომენტის მაქსიმუმს, ეს აგრეგატი მუხლა ლილვის სულ რაღაც 1 500 ბრ/წთ-ზე ავითარებს.
 
გრძელბაზიანი გოსტი საზრიან საკიდარზე დგას, რომელიც ოთხივე ბორბალს დამოუკიდებლად აკონტროლებს და მუდმივად ახერხებს მართვადობასა და კომფორტს შორის ბალანსის დაცვას. საკიდარის ელექტრონულ სისტემას მრავალი სენსორი ემსახურება, რომლებიც საგზაო პირობებს, გადაადგილების სიჩქარეს და სხვა პარამეტრებს აკონტროლებს.
 
ეს ავტომობილი, უპირველესად, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი, სადაც გრძელბაზიან ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებული აქცენტი კი ჩინეთზე კეთდება, რომელიც უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და სადაც თითქმის ყველა დიდ ავტოკომპანიას უფრო მეტი ავტომობილი ეყიდება, ვიდრე შინაურ ბაზარზე. ჩინეთში დაგრძელებული გოსტი 5.118 მილიონი იუანი ეღირება, რაც 548 ათასი ევროსა და 784 ათასი დოლარის ტოლფასია. 
 

კომენტარები