საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ს ვიზების ხანგრძლივობა გაიზრდება

აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობა გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება აშშ-ს მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლის გათვალისწინებით და მარტში ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ტურისტული და სამუშაო (B1/B2), ასევე ტრანზიტული (C1/D) მრავალჯერადი ვიზების ხანგრძლივობა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა შეეხება A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, R კატეგორიებსაც, რომლებიც არსებული მრავალჯერადი 12-თვიანი ვიზებიდან 60 თვემდე გახანგრძლივდება. რაც შეეხება B, C, D კატეგორიის მრავალჯერად ვიზებს, მათი მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გახანგრძლივდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე ”მიესალმება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს.” საგარეო უწყების თქმით, ვიზების ხანგრძლივობის გაზრდა ხელს შეუწყობს ქართველ და ამერიკელ ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას და სტიმულს მისცემს სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. 

კომენტარები