ევროპის სახლი

 

შალვა დადიანის ქ. 2. თბილისი, 0105 უბანი: სოლოლაკი ტელ: 470310/470312 სამზარეულო: ქართული ბარათები: მიიღება ნებისმიერი ბარათი ფასი: 80ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: დადიანის ან ლესელიძის ქუჩაზე 7 აპრილს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე, დადიანისა და ლესელიძის ქუჩების კუთხეში მდებარე ორსართულიან შენობაში ევროპის სახლმა დაიდო ბინა. მე-19 საუკუნის ბოლოს ფსევდორენესანსული არქიტექტურული სტილით აგებული  შენობის მეორე სართული საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეს უჭირავს, პირველ სართულზე – რესტორანია, უფრო ქართული, ვიდრე ევროპული.  

ევროპის სახლის მოწოდება ქართული და ევროპული კულტურების დაახლოება, კულტურებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების მხარდაჭერაა. მცდელობა, რომ ეს ტენდენცია რესტორნის ინტერიერში ასახულიყო, მეტ-ნაკლებად სახეზეა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა, ეს კულტურათაშორისი დიალოგი გასტრონომიულადაც გამოხატულიყო, მით უმეტეს, რომ საქართველოში, ამ ბოლო დროს, კერძების აღრევის, ახალი ქართული სამზარეულოს შექმნის მცირე, მაგრამ გარკვეული ტენდენცია მაინც სახეზეა და ქართული კერძების შემოქმედებითი ინტერპრეტაციით განვითარების მიმართულება უკვე არსებობს. ევროპის სახლში კი რატომღაც თავდაპირველი ტენდენცია უკუიქცა: ერთი წლის შემდეგ, ამ სახლის სამზარეულო უფრო ძველქართული ფესვებისკენაა მიმართული, ვიდრე სინთეზური ახალქართულისკენ.

რესტორნის ძირითადი სივრცე ფსევდობურჟუაზიული, ეკლექტური ელემენტებითაა გადატვირთული. მარმარილოს ფილებით გაწყობილი იატაკი სიცივის გარდა ვერავითარ გარემოს ვერ ქმნის. მრავალფეროვანი ნელ-თბილი განათება (ჭაღები, ბრები) უფრო აბნევს მომსვლელს, ვიდრე სიმყუდროვეს ქმნის. სამაგიეროდ, უფრო მყუდროა რესტორნის ძირითადი სივრციდან გამოყოფილი ოთახები – „კუპეები”. აზიური ოთახი შუა საუკუნეების გრავიურებით ან ევროპული ოთახი ბიბლიოთეკა-კაბინეტის ინტერიერით.

ღვინის ბარათი მრავალფეროვანია, ზომიერი ფასებით. ბაზარზე ახლად გამოჩენილი ჩამოსხმებიც აქვთ, მენიუში რომ არ არის მოხსენიებული. მაგალითად, თელავის ღვინის მარნის კონდოლი მწვანე-ქისი (25ლ) ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ღვინო თეთრებიდან. ასე რომ, თამამად მოიკითხეთ თქვენთვის სასურველი ღვინო, მიუხედავად იმისა, თუ მენიუში ვერ აღმოაჩენთ.

როგორც აღვნიშნეთ, რესტორნის კულინარიული კონცეფცია თავდაპირველად ემყარებოდა მსოფლიო სამზარეულოს, იგივე fusion კონცეფციას. ამ მიმდინარეობის მიხედვით, მზარეულის შემოქმედებითი მიდგომითა და გავლენით მიიღება ისეთი კერძი, რომელიც იმდენად დაშორებულია პირველწყაროს, რომ არსებითად ახალ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. ევროპის სახლის შემთხვევაში მივიღეთ უფრო „სხვა საქართველო”, ვიდრე არსებითად ახალი. ამის კარგი მაგალითია მწვანე ლობიო კვერცხით (7ლ). აქ ახალი ის არის, რომ მწვანე ლობიო უფრო მოწალულია, ვიდრე ტრადიციულად კარგად მოხარშული, თუმცა თავისთავად გემრიელი კერძია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „სხვა სამზარეულოს” მიმართულებაც არ არის თანმიმდევრული: მაგალითად, პრასის ფხალი (12.90ლ), რომელიც არც ფორმით, არც შინაარსით არ განსხვავდება იმ ფხალისგან, რომელსაც მორიგ ქართულ რესტორანში შეხვდებით.  ფორმის მხრივ, უფრო  წარმატებულია ელარჯი (6.00ლ) კუბებად დაჭრილი მადისაღმძვრელად მომწვარი ზედაპირით. „სხვა სამეგრელოს” ხარჩო (10.90ლ) ინდური ქერის კერძს მოგვაგონებს და ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომლითაც სხვა კერძების განვითარება ნამდვილად ღირს.

ამდენად, უმჯობესი იქნება, თუ ერთი წლის შემდეგ ევროპის სახლი საკუთარ კულინარიულ მიმდინარეობას გადახედავს, პრიორიტეტებს თავიდან განსაზღვრავს და ან ყველასთვის გასაგებ ქართულ რესტორნად ჩამოყალიბდება ან, რაც უფრო სასურველია, ევროპული კერძების გავლენით სინთეზურ სამზარეულოს შექმნის. მით უმეტეს, რომ ეს ტენდენცია ევროპის სახლის მსოფლმხედველობას უფრო ესადაგება.
 

კომენტარები