ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ანდრეი სანიკოვის ახლო მოკავშირეს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დიმიტრი ბონდარენკოს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ბონდარენკო დამნაშავედ სცნო “მასობრივი გამოსვლების ორგანიზებაში, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს უხეშად არღვევდა.” საქმე ეხება 19 დეკემბრის ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაწყებულ საპროტესტო აქციებს.

თავად სანიკოვს ბრალი ედება მასობრივი არეულობების დაგეგმვაში. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ 2010 წლის 30 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით მედიის საშუალებით  სანიკოვი წინასწარი განზრახვით ავრცელებდა ინფორმაციას არადემოკრატიული არჩევნებისა და ხმის მიცემის გაყალბების შესახებ. ”სანიკოვი მოუწოდებდა ამომრჩევლებს მისულიყვნენ მინსკის ოქტიაბრსკის მოედანზე, მან წინასწარ დაგეგმა პროვოკაცია და ისე რომ არც კი დალოდებია არჩევნების შედეგების გამოცხადებას, აუწყა მოქალაქეებს მოქმედი ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ,” აღნიშნა პროკურორმა. ბრალდების მხარის მტკიცებით, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მოუწოდებდა მოსახლეობას მიეღოთ “აქტიური ზომები სახელისუფლებო დაწესებულებების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ამის შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა  ხალხის აღელვებულ მასას  და მათ მთავრობის სახლისკენ გაუძღვა.”

ბელორუსის პრეზიდენტი და მისი მთავრობის წევრები დასავლეთის ქვეყნებმა დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ლიდერების მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს და მათ სანქციები დაუწესეს.  

კომენტარები