65 მილიონი დოლარი ფოთის პორტისთვის

ფოთის პორტი 65 მილიონ დოლარად გაიყიდა. 100%-იანი წილის მფლობელმა არაბულმა კომპანია Rakia-მ პორტის 80% გადაზიდვებისა და ნავთობის დანიური ჰოლდინგის AP Moller-ის შვილობილ კომპანიას – APM Terminals-ს გადასცა. 

 
APM Terminals-ი მსოფლიოს 33 ქვეყანაში 54 პორტს ფლობს. 2009 წელს კომპანია Lloyd-ის ყოველწლიურ გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე წლის ოპერატორად დაასახელეს. 2010 წელს კიდევ ერთი ჯილდო მენეჯმენტისა და ოპერაციების კატეგორიაში მიიღო და საერთაშორისო კონკურსზე – Safety at Sea International – ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ოპერატორად დასახელდა. 
 
2011 წლამდე ფოთის პორტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Rakia ფლობდა. კომპანიამ პორტი და მის მიმდებარედ, 300 ჰექტარი მიწა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გასავითარებლად, 2008 წელს ეტაპობრივად შეიძინა: ჯერ 90 მილიონ დოლარად 51% შეისყიდა, მომდევნო წელს კი დარჩენილი 49% – 65 მილიონ დოლარად. პორტის შესაძლო გაყიდვის შესახებ Rakia-მ პირველად 2010 წელს განაცხადა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პორტი მათთვის სტრატეგიული აქტივი არ იყო და მართვას, მისგან ერთჯერადი მოგების მიღება ერჩივნათ.
 
დანიური AP Moller ჯგუფისთვის ფოთის პორტი სტრატეგიული აქტივია. ბიზნესჯგუფი მსოფლიოს 130 ქვეყანაში ათასამდე კომპანიას აერთიანებს. AP Moller-ი და მისი შვილობილი კომპანიები, მათ შორის, APM Terminals-ი და Maersk-ი ამერიკის სატრანსპორტო სფეროში წამყვანი კონტრაქტორი კომპანიებია. აქამდე დანიურ ჰოლდინგს შავ ზღვაში პორტი არ ჰქონდა. მისი ტერმინალებიდან საქართველოსთან ყველაზე ახლოს იტალიის ტერმინალი იყო. 
 
ფოთის პორტთან ერთად, კომპანიას ვალდებულებების პაკეტიც გადაეცა: პორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამართვა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
 
AP Moller-ის საერთაშორისო სტატუსი სხვა ინვესტორი კომპანიების ფოთში შემოსვლისათვის დამატებითი სტიმული იქნება. ამავდროულად, საქართველოს ეძლევა შანსი, სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია გაიმყაროს. 

კომენტარები