რისთვის ვიბრძვით

ხალხის გამოღვიძებას, როგორც წესი, იარაღის ძალა ეღობება. ასე მოხდა 1848 წელს, როცა ევროპელი აჯანყებულები იძულებულნი გახდნენ იმპერიული ჯარების წინაშე დაეჩოქათ. ასე მოხდა – ბუდაპეშტში 1956 წელს, პრაღაში 1968 წელს, ტიანანმენში კი 1989 წელს. იარაღს ვერც არაბული გაზაფხული გადაურჩა – კადაფიმ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, სამაგალითო წესრიგი დაემყარებინა. 

ლიბიელი მანიფესტანტების ხვედრზე დამოკიდებულია თავისუფლებისათვის ამბოხებულთა მომავალი ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით. მეტიც, ამან შეიძლება ადამიანის უფლებების ბედი განსაზღვროს მთელ პლანეტაზე. 
 
ვიცით, რომ ჩინეთის კომუნისტ ლიდერებს აშფოთებს ყველაფერი, რაც კაიროს და ტუნისის აჯანყებას უკავშირდება და ძალას არ იშურებენ ამ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაზღუდად. რუსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენად გადამდებია რევოლუციური ვირუსი. ამ ვირუსით ინფიცირებას რუსული ოპოზიცია ნატრობს; მიხაილ გორბაჩოვი; სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, კრემლი კი შავი ჭირივით უფრთხის. ლიბიაში საერთაშორისო ინტერვენცია საბედისწეროა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მომავალიც აქ წყდება. 
 
თავისი ბუნებით, ყველა ომი დაუნდობელია. მსხვერპლი მსხვერპლია. მისთვის, ვისაც მკვდრეთით აღდგომა არ ძალუძს, სამართლიანი ომი არ არსებობს. აბა აუხსენით შემთხვევით მსხვერპლს, რომ ის სამართლიანად მოკვდა. თუ ღვთაებრივ სიბრძნეს და ყოვლისშემძლეობას არ დაიჩემებ,  შეუძლებელია რომელიმე ომს სამართლიანი უწოდო – ის შეიძლება მხოლოდ აუცილებელი იყოს. ან არ იყოს. უარესის თავიდან ასაცილებლად კი ცუდს უნდა დავჯერდეთ. 
 
სწორედ ბენღაზიში მოსალოდნელი ხოცვა-ჟლეტისა და 700 ათასი აჯანყებული ადამიანის სისხლის მდინარეების შესაჩერებლად დათანხმდა გაერო, მისთვის უჩვეულოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, ნიკოლა სარკოზის და დევიდ კამერონის მოთხოვნას. ბენღაზის ბლოკადა პირველად ფრანგმა პილოტებმა გაარღვიეს. ძნელია რომელიმე თავდასხმას სამართლიანი უწოდო, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს აუცილებელობა, რომლის მიზანი საფრთხეში მყოფი ხალხის დაცვაა. 
 
ზოგიერთი, ჩემი ჩათვლით, ვფიქრობთ “როგორც იქნა!” რამდენ ხოცვა-ჟლეტას უნდა მოვესწროთ, ბოლოს მისთვის ხელის არშეშლა რომ აღარ ვინანოთ? რამდენი გერნიკა გადავიტანეთ პიკასოს მიერ ილუსტრირებული ფრანკისტების და ფაშისტების დანაშაულების შემდეგ? 
ჩაურევლობისა და ჩარევის გამოცდილება ყველა თაობას აქვს – ამ შემთხვევების სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია. 
 
ბერლინის კედლის შემდეგ, ევროპელებისთვის, ასეთი შემთხვევა იყო სრებრენიცა, ხოლო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის რუანდა –
სამი თვის მანძილზე, დღეში 10 ათასი განადგურებული ტუტსი. 1973-ე  რეზოლუცია სრულებითაც ვერ უზრუნველყოფს, რომ განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა აღარ განმეორდება – სამაგიეროდ, ამასთან შეგუება  უფრო რთული იქნება. “მე ვარ და ჩემი ნაბადი”-ს ტიპის პოლიტიკას მწვანე შუქი აღარ ექნება. 
 
აბსოლუტური სუვერენიტეტის იდეა ტირანებს საშუალებას აძლევდა, საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეები გაენადგურებინათ. დღეს სუვერენიტეტის ასეთი გაგება დისკრედიტირებულია. ჩვენ დიდი გეოპოლიტიკური პრემიერის მომსწრენი გავხდით – სიცოცხლის საყოველთაო უფლება, მკვლელობის სუვერენულ უფლებას აღემატება.
 
რუსეთმა და ჩინეთმა უჩვეულოდ შეიკავეს თავი. მათ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება არ დაბლოკეს და საერთაშორისო მაშველების მარცხის იმედად არიან.  
 
ვლადიმირ პუტინს მშვენივრად ესმის ჯვაროსნული ლაშქრობების თემა – რუსი მღვდლები ხომ მუსლიმი ჩეჩნების გასანადგურებლად მიმავალ ტანკებს აკურთხებდნენ.
როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად ვლადიმირ პუტინი ღელავს. ის სიტყვასიტყვით იმეორებს კადაფის ბრალდებებს, გმობს “შუა საუკუნეების დროინდელ ჯვაროსნულ ლაშქრობას” და დასავლეთის ბომბებით განადგურებულ უდანაშაულო მსხვერპლზე ნიანგის ცრემლებს ღვრის. 
“ტანდემოკრატიის” მეორე ბურჯმა, პრეზიდენტმა მედვედევმა ჩათვალა, რომ პუტინის სიტყვები მოსკოვის საერთაშორისო ინტერესებს ვნებს. ის მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმ ლექსიკის გამოყენებას, რაც რუსეთის vox populi-ს 70%-ის მოწონებით სარგებლობს.  
 
მაშინ როცა КГБ-ФСБ-ს კეთილი მოციქული დასავლეთს “სულების გადარჩენაზე” ლოცვისკენ მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაცია მემორიალი წარსულს იხსენებს და ბედავს კრემლის მესვეურს ურჩიოს, რომ საკუთარ სულს მიხედოს. 
 
“როგორც ჩანს, პუტინს სრულიად დავიწყებია, რაც საკუთარ ქვეყანაში ჩაიდინა და არც ამ ტრაგიკულ მოვლენებზე თავისი პასუხისმგებლობა ახსოვს. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი სულის ცხონებისთვის უნდა ილოცოს”. 
 
ვლადიმირ პუტინს მშვენივრად ესმის ჯვაროსნული ლაშქრობების თემა – რუსი მღვდლები ხომ მუსლიმი ჩეჩნების გასანადგურებლად მიმავალ ტანკებს აკურთხებდნენ.  მას დაბომბვის ბრწყინვალე გამოცდილებაც აქვს (ამ შემთხვევაში, მასიური დაბომბვის – გროზნომ ლიბიისგან განსხვავებით იგივე ბედი გაიზიარა, რაც ვარშავამ 1944 წელს). პუტინმა ზუსტად გაშიფრა, რომ კადაფის დაგმობა, დღის წესრიგში მის კავკასიურ გმირობებს დააყენებდა. 
 
ზოგიერთი წუხილით და შეშფოთებით შემოიფარგლება. ვიღაცები საერთოდ არ იმჩნევენ, რომ რაღაც ხდება, საერთაშორისო ოპერაციაში ჩაბმას თავს არიდებენ – ურჩევნიათ თვითმფრინავებს თვალი შორიდან ადევნონ. 
 
ასეთთა რიცხვს, პირველ რიგში, გერმანია განეკუთვნება, რომელიც ძველი ბონის ფედერაციული რესპუბლიკის – ეკონომიკური გიგანტის და პოლიტიკური ცეროდენას რეპუტაციის მემკვიდრეა. მხოლოდ გაღიმებას ან ქილიკს დავჯერდებოდით, ევროკავშირის ყველაზე აყვავებული, უკვე გაერთიანებული გერმანია, ჩაურევლობის პოლიტიკას სხვებსაც რომ არ ახვევდეს თავს: ძალის ყოველი გამოყენება თავის თავში გადაცდომის რისკს მოიცავს, მაშინ მივუშვათ მკვლელები, რომ ირგვლივ ყველაფერს მუსრი გაავლონ. 
 
ამ ლოგიკით, გამოდის, რომ  ევროპა დესპოტებს იარაღს მიჰყიდის, თავად კი ამ იარაღს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სინდისი სუფთაა და კომერციული ინტერესიც გადარჩენილია! ვიღას ახსოვს კლაუზევიცის ირონიული სიბრძნე, რომელიც გვახსენებს, თუ როგორ შეიძლება მოგვევლინოს მოძალადე “მშვიდობის მტრედად”, ტირანიის მოწინააღმდეგე და თავისუფლების დამცველი კი – “ცოდვილ მეომრად”.
1973-ე რეზოლუციის უპირატესობა ისაა, რომ იგი მოქმედების არეალს მკაცრად საზღვრავს. შეიარაღებული ინტერვენციის მიზანი მხოლოდ დაცვაა, და არავითარ შემთხვევაში თავდასხმა, დაპყრობა, დემოკრატიის დამყარება და სახელმწიფოს შექმნა. ის მოსახლეობის მაგივრად მოქმედებას კი არ გულისხმობს, არამედ იმას, რომ მოქალაქეებმა, ავად თუ კარგად, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ. 
 
რთულია იმ გამანადგურებელი ენერგიის გაუვნებელყოფა, რომელსაც შეიარაღებული ტექნიკა აძლევს აღვირახსნილ დიქტატორებს შიშველხელებიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. ლიბიის მაგალითი განსაკუთრებული შემთხვევაა, მისი წარმატება არც გარანტირებულია და არც ადვილად განსაზოგადებელი. ბენ ალი-მუბარაქის ყაიდის კორუმპირებული პოლიციური  რეჟიმი, კადაფისეული აბსურდული, ტერორისტული და ტოტალიტარული ძალაუფლებისგან აშკარად განსხვავდება. ჯერ კიდევ ადრეა ვამტკიცოთ,  რომ ამით  ხელსისხლიანი დიქტატორების ეპოქა დასრულდა. მაგრამ დაე ყველამ იცოდეს, რომ შეუიარაღებელი ხალხის დაცვის აუცილებლობა, მათ თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია.  
 

კომენტარები