Wikileaks: აშშ-მ კომპანია Global CST-ი ლათინური ამერიკიდან გააძევა

ებრაულმა გამოცემა Haaretz-მა ინტერნეტ პორტალ Wikileaks-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც აღწერილია, რომ აშშ-მ  ისრაელის თავდაცვით სამხედრო ჰოლდინგს Global CST-ს  ლათინური ამერიკის ბაზარზე შესვლის უფლება არ მისცა და მათ მიერ წამოწყებული გარიგებები  ჩაშალა.

კომპანია, რომელსაც  ისრაელის გენერალური შტაბის ოპერატიული მართვის ყოფილი უფროსი, ისრაელ ზივი ხელმძღვანელობს, დაკავებულია  იარაღით ვაჭრობით, სპეციალური დანაყოფების მომზადებით, სტრატეგიული დაგეგმარებითა და სამხედრო კონსულტაციებით.  ის წარმატებით საქმიანობს აფრიკის ქვეყნებში, თუმცა ლაითონომერიკულ ბაზარზე მისი შესვლის მცდელობას, რომელიც, ტრადიციულად, აშშ-ს ბაზრად ითვლება, ვაშინგტონის ძლიერი წინააღდეგობა  მოჰყვა.

Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2009 წელს პანამაში აშშ-ს ელჩმა ქვეყნის პრეზიდენთან, რიკარდო მარტინელისთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ პანამასთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროში  ყველა პროექტს გაყინავს, თუ ეს ქვეყანა უარს არ იტყვის კომპანია Global CST-თან თანამშრომლობაზე. წამოყენებული მოთხოვნების ასახსნელად ელჩმა პანამის პრეზიდენტს კოლუმბიის პოლიციის უფროსთან, გენერალ ოსკარ ნერენახოსთან დაკავშირება ურჩია. პანამის ხელისუფლებამ რჩევა გაითვალისწინა და კოლუმბიელ გენერალს მიმართა. გაზეთ Haaretz-ის ცნობით, ამ უკანასკნელმა კომპანიის სპეციალისტები ”ცუდად დაახასიათა.” კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდა გენერალმა პანამის ხელისუფლებას, უცნობია, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ Global CST-თან გარიგება ჩაიშალა.

Global CST-ის წარმომადგენლები 15 აპრილს აფხაზეთს სტუმრობდნენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კვირის დასაწყისში კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსა და  ჰოლდინგ Global CST-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა მოსკოში შედგა. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით პორტალმა Izrus.co.il-მ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაღაფშთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰოლდინგის ხელმძღვანელმა,  ისრაელ ზივმა განაცხადა, რომ ”ჰოლდინგი მზად არის  მიაწოდოს აფხაზეთს   არაშეტევითი სახის  სამხედრო  ტექნოლოგიები, ასევე  ითანამშრომლოს  უსაფრთხოების სფეროში.”

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იცხაკ გერბერგმა ამ ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისრაელის პოლიტიკა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ”ნათელია.” ”ისრაელი არ აღიარებს მათ დამოუკიდებლობას და არ აპირებს მათთვის რაიმე სახის იარაღის მიყიდვას,” განაცხადა გერბერგმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას ”„შესაძლოა, რომელიმე კერძო ბიზნესმენი სოხუმში ჩავიდა,  მაგრამ მათ არ შეუძლიათ მთავრობის სახელით ილაპარაკონ. ვიმეორებ, მათთვის იარაღის მიყიდვას არ ვაპირებთ,” დასძინა ისრაელის ელჩმა.

 

კომენტარები