ისრაელი რუსეთს ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს

ისრაელმა რუსეთი ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლასთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის მოწოდებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ისრაელის ოფიციალური პირების მტკიცებით, 7 აპრილს ისრაელში სასკოლო ავტობუსს ღაზას სექტორიდან სწორედ  რუსული წარმოების რაკეტა „კორნეტი“ ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ newsru.com ავრცელებს.

სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად  მსუბუქად დაშავდა მძღოლი, ხოლო 16 წლის მოზარდი მძიმედ  დაიჭრა. ამ ბრალდებამ ისრაელსა და რუსეთს შორის დაძაბულობა გამოიწვია, წერს newsru.com.

გაზეთ Yedioth Ahronoth-ის ინფორმაციით, რაკეტა „კორნეტი“, რომელიც პალესტინელმა ტერორისტებმა სკოლის ავტობუსის მიმართულებით ისროლეს, მხოლოდ რუსეთში იწარმოება. გაზეტის ცნობით,  რაკეტები რუსეთმა სირიას იმ პირობით მიჰყიდა, რომ ის  სხვა პირებსა და ორგანიზაციებს ხელში არ ჩაუვარდებოდათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, სირიისთვის მიყიდული რეკეტები ჰეზბოლას ხელში აღმოჩნდა.  Yedioth Ahronoth წერს, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრის კანცელარიამ იერუსალიმის პროტესტი ისრაელში რუსეთის ელჩს, პიოტრ სტეგინს ოფიციალურად გადასცა.

საინფორმაციო სააგენტო ინტრეფაქსის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა  პასუხისმგებლობაზე ტერორიტების ხელში მოხვედრილი რუსული რაკეტის გამო. „ასეთი ბრალდება ისრაელს არა ერთხელ გამოუთქვამს, თუმცა დამამტკიცებებლი საბუთი არც ერთხელ  არ წარმოუდგენია და არა მგონია, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყოს. ახლაც ვთხოვთ მოსკოვს წარმოადგინოს ამ ინფორმაციის დამამტკიცებელი საბუთები, ვიდრე ვერდიქტს გამოიტანს თუ ვისია ეს რაკეტა,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრ სალტანოვმა.

ებრაული მედიის ინფორმაციით,  ისრაელის ხელიუფლება შიშობს, რომ ლიბანის  არმიისთვის მიყიდული რუსული საზენიტო, სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები ხელში ლიბანელ ტერორიტებს ჩაუვარდათ და ისინი იარაღის ღაზას სექტორში  გადაგზავნას ეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე ჰეზბოლასთან დაწყებული ომის დროს  ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ჰეზბოლას ირანისა და სირიის საშუალებით, რაკეტა ”კორნეტით” ამარაგებდა.  რუსეთი ამ ბრალდებებს დღემდე უარყოფს.  

კომენტარები