“მხოლოდ შენ ერთს”

ცოტა ხნის წინ, უკვე გაქირავებაში ჩაშვებული ფილმის, „ჭამა და სექსის” შემქმნელებს, საუნდტრეკების ხელახლა ჩაწერა და ფილმის მუსიკალური გაფორმების შეცვლა მოუწიათ. ფილმს ნამდვილად უხდებოდა დები იშხნელების მუსიკალური ნაწარმოებები. თუმცა, სამწუხაროდ, თავდაპირველი ვერსიის ნახვა მხოლოდ მან შეძლო, ვინც კინოთეატრში ვიზიტი, პრემიერიდან ხუთი დღის მანძილზე მოასწრო. იშხნელების შთამომავლებმა ფილმის შემქმნელები საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და კინოში გამოყენებული თითოეული სიმღერისთვის, ჰონორარის სახით 2 ათასი ლარი მოითხოვეს. ასეთი სიმღერა კი სულ 7-ია. საქმე სასამართლომდე არ მისულა. სოლიდური თანხის გადახდას, ფორმულა კრეატივის ჯგუფმა იშხნელებზე უარის თქმა ამჯობინა. 

საავტორო უფლებებს საქართველოში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი” არეგულირებს. კანონმდებლობის მიხედვით, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების იმ ნაწარმოებებზე ვრცელდება, „რომლებიც ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს”. ამ უფლების არსებობისთვის ნაწარმოების რეგისტრაცია ან სხვა სახის ფორმალობების დაცვა აუცილებელი არ არის. ის თავისთავად არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც იდეა რაიმე ხელშესახებ, მატერიალურ ფორმას მიიღებს. საავტორო უფლებების ქონა მთელ რიგ პრივილეგიებს გულისხმობს: ავტორს ან საავტორო უფლებების მფლობელს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ენიჭება. ეს გულისხმობს, რომ შეუძლია, ნება დართოს ან აკრძალოს მის საკუთრებაში მყოფი ნაწარმოების რეპროდუცირება,  გავრცელება-გაყიდვა, საჯაროდ ჩვენება თუ შესრულება, თარგმნა და ა.შ. გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლისებს, უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს საავტორო ჰონორარი. 
 
იშხნელების შთამომავლებმა “ჭამა და სექსის” შემქმნელები საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს და კინოში გამოყენებული თითოეული სიმღერისთვის, ჰონორარის სახით 2 ათასი ლარი მოითხოვეს.
საავტორო უფლებები, ავტორის მთელი სიცოცხლის მანძილზე მოქმედებს და მისი სიკვდილიდან 70 წლის განმავლობაშიც ძალაში რჩება. ეს წესი ევროკავშირსა და აშშ-შიც  მოქმედებს, სადაც საავტორო უფლებების დაცვის დოკუმენტს ირონიულად „მიკი მაუსის დაცვის აქტსაც” უწოდებენ. ასეა თუ ისე, იშხნელების შთამომავლები მხოლოდ იმას ითხოვდნენ, რაც მათ კანონით ეკუთვნით. თამარ იშხნელი, რომელიც ფილმის მთავარი თემის, „არ დაიჯერებ”, ავტორი გახლავთ, 1994 წელს გარდაიცვალა. ამრიგად, მის შვილთაშვილებს წინაპრების შემოქმედების კონტროლი, კიდევ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეუძლიათ.
 
საავტორო და საპატენტო უფლებები შეგვიძლია, ერთი სახელწოდების ქვეშ გავაერთიანოთ – ინტელექტუალური საკუთრება. დებატები ამ თემის გარშემო ახალი არ არის. საკითხმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 1980-იან წლებში, ბაზარზე არსებულმა დიდმა კონკურენციამ კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიებს გადააწყვეტინა, პროგრამულ უზრუნველყოფაზე მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ. მაშინ, როდესაც 80-იან წლებამდე, პროგრამისტები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყენებდნენ და ავრცელებდნენ კომპიუტერულ კოდებს. 
 
მთავარი კითხვა ასეთია: არის თუ არა ინტელექტუალური საკუთრება კერძო საკუთრების ჩვეულებრივი სახე?
 
ამ ორს შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს: ინტელექტუალური საკუთრება შეზღუდული რესურსი არ არის, რადგან მისი სხვების მიერ მოხმარებითა თუ გავრცელებით ზიანი არავის ადგება: უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციის კოპირებისას თუ განვრცობისას, თავდაპირველი ინფორმაცია არ იკარგება. ინტელექტუალური პროდუქტის ავტორი, შემდგომაც ზუსტად იმავე სახით ფლობს ინფორმაციას, როგორც თავიდან. რაც არ უნდა დაემართოს მის სახეცვლილ ვარიანტებს, ორიგინალის შინაარსსა თუ ხარისხზე ეს არ მოქმედებს.
 
ინტელექტუალური პროდუქტის, როგორც საკუთრების ჩვეულებრივი ტიპის, უარყოფა  არ გულისხმობს, რომ ავტორებმა საკუთარი საქმიანობიდან მოგება არ უნდა მიიღონ ან ამ პროდუქტთან მათი სახელი არ უნდა ასოცირდებოდეს. თუმცა, მკაცრი საავტორო კანონები, რომელთა აღსრულება ხელისუფლების დიდი დოზით ჩარევას გულისხმობს, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე გვაყენებს. პიროვნების მიერ მონოპოლიის ფლობა ისეთ სიკეთეზე, რომელიც არაგამომრიცხველია (მისი სხვების მიერ მოხმარებით მას არაფერი აკლდება), ინფორმაციის გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის შეფერხებას იწვევს. 
 
ხელოვანთა მსგავსად, უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს გამოგონების ავტორიც. ამ შემთხვევაში ავტორს გამოგონებაზე, ოღონდ არა იდეაზე, გარკვეული ვადით მონოპოლიას საპატენტო კანონი ანიჭებს. როდესაც საქმე ეხება გამოგონებას, მასზე პატენტის ფლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროგრესს აფერხებს. მაგალითად, სამედიცინო პროდუქტის შემთხვევაში, ეს საშუალებას ართმევს სხვას, უკვე არსებული ფორმულა გააუმჯობესოს ისე, რომ თავიდან არ მოუხდეს გამოგონება. გაუმჯობესება კი ყველასათვის უკეთესი იქნებოდა.
 
მარტივად რომ ვთქვათ, ინტელექტუალურ შემოქმედებაზე ისეთივე უფლებების ქონა, როგორც კერძო საკუთრებაზე, ზღუდავს სხვების მიერ ხელშესახები რესურსების გამოყენებასა და თავისუფალ გამოხატვას. ინტელექტუალური საკუთრების მცველი კანონები შეზღუდულ რესურსად აქცევენ იმას, რისი სარგებლიანობაც რეალურად ამოუწურავია. ცხადია, რომ საავტორო უფლებების დაცვის მიღებული ბალანსი ციფრულ ხანაში ოპტიმალური აღარ არის. ციფრული ეპოქის რეალობა ინტელექტუალური საკუთრების სისტემის ადაპტირებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერნეტის შეუზღუდავი რესურსი ინტელექტუალური საკუთრების დამცველებს აბსურდული ამოცანის წინაშე აყენებს – მათ კიბერსივრცის კოლონიზაცია უნდა შეძლონ. 
 
აბსურდულობის შეგრძნებას აძლიერებს გახშირებული კომიკური შემთხვევებიც: მაგალითად, აშშ-ში, საავტორო უფლებების დარღვევის შიშით, რიგი საცხობები უარს ამბობენ, სადღესასწაულო ტორტებზე დისნეის გმირები გამოსახონ. დისნეის საკუთრების უფლების „შემლახავი” ბავშვები კი გაწბილებულები რჩებიან. რთული სათქმელია, ვისი უფლება ილახება ნამცხვარზე ნემოს გამოსახვით, ან რატომ არ აქვს ბავშვს უფლება, ტორტზე სტაფილოსფერი თევზი ეხატოს. 
 
ისიც საკითხავია, რატომ რჩება ძალაში საავტორო უფლება მაინცდამაინც 70 და არა, ვთქვათ, 50 წელი (სიკვდილის შემდგომ), როგორც ეს აშშ-ში 1998 წლამდე იყო. თუკი ნაწარმოები ავტორის შთამომავლების ჩვეულებრივი, კერძო საკუთრებაა, გაუგებარია რატომ იცავს კანონი მას შემქმნელის სიკვდილიდან მხოლოდ 70 წლის მანძილზე. ხოლო თუ ხელოვნების ნიმუში ერისათვის ასეთი ძვირფასია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მის ყველა წევრს ამ ნაყოფით დატკბობისა თუ იმპროვიზების თავისუფლება, თუნდაც ავტორის გარდაცვალების შემდგომ.

კომენტარები