ზიმბაბვეს გაკვეთილი ანუ ისევ ინფლაციის შესახებ

2008 წლის ივნისში ზიმბაბვეში ინფლაციის დონემ 2,5 მილიონ %-ს მიაღწია. ქვეყნის ეროვნული ვალუტა 99.9%-ით გაუფასურდა. 1997-2007 წლებში ჯამურმა ინფლაციამ 3,8 მილიარდი % შეადგინა, ხოლო ცხოვრების დონემ (გამოსახული მთლიან შიდა პროდუქტში) 38%-ით დაიკლო. ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ზიმბაბვეს ეკონომიკა გაანადგურა, მოსახლეობა გააღატაკა და მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია. მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, 2008 წლისთვის 3 მილიონზე მეტი ზიმბაბველი გადავიდა საცხოვრებლად.

ყველაფრის მიზეზი კი ბიუჯეტის დეფიციტი იყო. ზიმბაბვეს მთავრობა მრავალჯერ ნაცად გზას დაადგა და გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსებას შეეცადა. როდესაც გადასახადების აკრეფითა და სესხების საშუალებით ამ ამოცანის გადაჭრა გაუჭირდა – ფულის საბეჭდი მანქანა ჩართო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პურის საყიდლად წასულ ზიმბაბველს თან რამდენიმე კილოგრამი ქაღალდის ეროვნული ვალუტა უნდა ჰქონოდა.
 
ზიმბაბვეს ჰიპერინფლაციის დაძლევის მიზნით, სხვადასხვა ეკონომისტების მიერ მრავალი რეკომენდაცია შემუშავდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო საერთაშორისო ეკონომიკისა და მონეტარული პოლიტიკის ექსპერტის, სტივ ჰანკეს რეკომენდაციები. ჰანკე ზიმბაბვეს მთავრობას სამი მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას ურჩევდა:
 
პირველ რიგში აუცილებელი იყო ე.წ. დოლარიზაცია – დისკრედიტებული ეროვნული ვალუტის აშშ დოლარით ჩანაცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზიმბაბვეს მოქალაქეებს სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დროს, ისევე როგორც საბანკო დეპოზიტების განთავსების ან სესხის აღების შემთხვევაში, ნაცვლად ეროვნული ვალუტისა, აშშ ვალუტის გამოყენება უნდა შეძლებოდათ.
მეორე რეკომენდაცია, ცენტრალური ბანკის (საქართველოს ეროვნული ბანკის ანალოგი) გაუქმებას და ე.წ. სავალუტო საბჭოს შექმნას გულისხმობდა. ის გააკონტროლებდა ეროვნული ვალუტის ფიქსირებულ გაცვლით კურსს აშშ დოლართან (რომელიც თავის მხრივ სარეზერვო ვალუტის როლს ითამაშებდა).
 
და ბოლოს, ჰანკე ურჩევდა ზიმბაბვეს მთავრობას, დაეშვა ე.წ. თავისუფალი საბანკო საქმიანობა, რომელიც კომერციული ბანკებისთვის საკუთარი ფულის გამოშვების უფლების მიცემას გულისხმობს – მთავრობის მხრიდან ყოველგვარი რეგულირების გარეშე.
 
ყველა ეს რეკომენდაცია ერთ მიზანს ემსახურებოდა – დოლარიზაციას, ეროვნული ვალუტის სარეზერვო ვალუტაზე მიბმას, ვალუტათა შორის თავისუფალ კონკურენციას, სავაჭრო ოპერაციებში ვალუტის არჩევანის თავისუფლებას ფულის მიმართ მოსახლეობის ნდობა უნდა აემაღლებინა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.
რა გზას დაადგა ზიმბაბვე?
 
2009 წლის თებერვლიდან ზიმბაბვე ფაქტობრივად ეროვნული ბანკის გარეშე არსებობს. შედეგად, ერთი მხრივ, მთავრობას აღარ შეუძლია საკუთარი ხარჯების დასაფინანსებლად ვინმეს მიაკითხოს, ხოლო მეორე მხრივ, კომერციული ბანკები გაცილებით უფრო ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ
საქმიანობას, რადგან აღარ ჰყავთ „მხსნელი”, რომელიც მათ უკიდურესი გაჭირვების დროს დაეხმარება.
 
ქვეყანაში სრულფასოვნად ფუნქციონირებს მულტისავალუტო რეჟიმი და მოქალაქეებს გაცვლით ოპერაციებში ეროვნული ვალუტის გარდა აშშ დოლარის, ევროს, ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ან სამხრეთ აფრიკული რანდის გამოყენების უფლებაც აქვთ. რიგითი ზიმბაბველი თავად იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვალუტა უფრო სანდოა.
 
შედეგად, 2009 წლის თებერვლიდან ზიმბაბვეში მოსახლეობის რეალური შემოსავლები და კერძო კომპანიების მოგება იზრდება. ანალოგიურად იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც, რაც მთავრობას მეტი სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
 
აღნიშნული შედეგების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზიმბაბვეს ჯერ კიდევ პრეზიდენტი მუგაბე მართავს. სწორედ მუგაბეს მმართველობის გამო, ზიმბაბვე მცირე ოდენობით საერთაშორისო დახმარებას იღებს, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არ ოპერირებენ და მინიმალურია უცხოური კერძო კაპიტალის ქვეყანაში შემოდინება.
 
და მაინც, მიუხედავად ამისა, ფულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ზრდამ, რაც ეკონომიკის, როგორც უკიდურესად რთული სისტემის, მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს, ხელშესახები შედეგები მოიტანა და ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დააყენა. 
 
ზიმბაბვეს უკანასკნელი წლების გამოცდილება ნათლად აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი ეკონომიკური გარემო და კონკურენცია სხვადასხვა ვალუტებს შორის. მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანი – გადაწყვიტონ რომელი ფულის გამოყენება სურთ, და არ იყვნენ ვალდებულნი მთავრობის მიერ დადგენილი სავალდებულო ვალუტით (თუნდაც მას „ეროვნული ვალუტა” ერქვას) ისარგებლონ, მნიშვნელოვან
გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად იფუნქციონირებს ქვეყნის ეკონომიკა.
 
2010 წლის მარტში საქართველოში ინფლაციამ 14%-ს მიაღწია. ჩვენ არ გვაქვს ჰიპერინფლაცია, როგორც ეს ზიმბაბვეში იყო, და არ გვიწევს 3 კილოგრამი ათასლარიანი კუპიურებით პურზე სიარული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა და თითოეული ჩვენგანი არ ვზარალდებით. ნეგატიური გავლენა იგივეა, რაც ჰიპერინფლაციის შემთხვევაში, უბრალოდ მასშტაბია ნაკლები, რაც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
 
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ინფლაციის მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტებზე ფასების ზრდაა, და რომ ეროვნული ბანკის მიერ ფულის მასის ზრდა არაფერ შუაშია. არ არის აუცილებელი ყოველთვის განვითარებულ ქვეყნებს ვუყუროთ იმისათვის, რომ რამე სასარგებლო ვისწავლოთ. ზიმბაბვე ამის კარგი მაგალითია. ეროვნული ბანკის გაუქმებამ, დოლარიზაციამ და მულტისავალუტო რეჟიმის შემოღებამ ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად და ეფექტიანად მოთოკა ინფლაცია.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე კი ვკითხულობთ: „ლარიზაცია” ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს ... დეპოზიტი ლარში გაცილებით ურისკო და პროგნოზირებადია, ვიდრე დოლარში ... საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, თუმცა ეროვნული ბანკი გირჩევთ: შეინახეთ დეპოზიტი ლარში და შეიმცირეთ რისკები, გაზარდეთ მოგება!”.
 
2009 წელს ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის მმართველი და ჰიპერინფლაციის შემოქმედი, გიდეონ გონო, დააჯილდოვეს „Ig ნობელის პრიზით” არა ეკონომიკაში, არამედ მათემატიკაში, რადგან „მან, 1-ცენტიანით დაწყებული და 100-ტრილიონიანით დამთავრებული ბანკნოტების ბეჭდვით, მარტივი საშუალება შეუქმნა ზიმბაბვეს მოქალაქეებს ემუშავათ სხვადასხვა მასშტაბის ციფრებთან”. საერთოდ, „Ig ნობელის პრიზით” აჯილდოებენ მათ, ვინც საკუთარი შემოქმედებით ჯერ აცინებს, ხოლო შემდეგ აფიქრებს ადამიანებს. დაფიქრება ჩვენც არ გვაწყენდა. 

კომენტარები