აპატურაი: საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის კუთხით ”აშკარა პროგრესია”

NATO-საქართველოს ურთიერთობები ”სწორი მიმართულებით მიდის”, განაცხდა დღეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ. ის თბილისში  გუშინ ღამით ჩამოვიდა.  საქართველოში აპატურაის  ორდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ალიანსის წევრი ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მომზადებაა,  რომელიც ”უახლოეს მომავალში” ბერლინში გაიმართება. მინისტერიალს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე აპატურაიმ აღნიშნა, რომ საქართველომ  ”აშკარა პროგრესი” განიცადა ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების მხრივ. ამასთანავე, მან დასძინა, რომ ”მეტია გასაკეთებელი.” აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ”NATO-ს წევრი ქვეყნები არ აღიარებენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს,” თქვა აპატურაიმ. მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არ ჩაერევა. ”NATO ვერ ურჩევს საქართველოს, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, თუმცა ალიანსი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის მომხრეა,” დასძინა აპატურაიმ.

”NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩვენთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ პრინციპი, რომელიც ალიანსის მხრიდან არაერთხელ იქნა გაჟღერებული და რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი, ძალაში რჩება და უფრო მტკიცდება," განაცხადა აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ. ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ კი NATO-ს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ”საქართველოს უკვე გააჩნია ყველა საჭირო ეფექტის მქონე ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას ალიანსში გაწევრიანდეს.” ”საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ გააგრძელოს დემოკრატიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც აქამდე NATO-ს მიერ პოზიტიურად შეფასდა", განაცხადა ბარამიძემ.

დღესვე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას აპატურაიმ დაადასტურა, რომ საქართველოს NATO-შინ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ”ძალაში რჩება.” 

კომენტარები