დაუზუსტებელი წლები - საქართველოს მოდის კვირეული

31მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით საქართველოს მოდის კვირეული მიმდინარეობდა. ძირითადი ჩვენებები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში მოწყობილ პოდიუმზე გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი ამოცანა ქართველი მოდელიორების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და პოპულარიზაციაა. კეთილშობილურ გამოწვევას ისინი ნაწილობრივ უმკლავდებიან - ამ სეზონზეც, ისევე როგორც შარშან, მათ მნიშვნელოვანი სტუმრები, კრიტიკოსები, ბლოგერები, ინდუსტრიის წარმომადგენლები დაპატიჟეს და ჩამოიყვანეს. ეს პირველ რიგში სოფო ჭყონიას დამსახურებაა. სწორედ ის განაგებს კვირეულის ამ საკითხს. ამჯერად მან მოდის სამყაროს უკვე კულტად ქცეული პერსონა, პარიზში მცხოვრები ამერიკელი დიზაინერი, რეჟისორი, ბლოგერი, ჟურნალისტი, მოდისა და სტილის დიდი ენთუზიასტი დაიან პერნე მოიწვია. ქართული პუბლიკისათვის უცხო და საინტერესო საღამო დაიან პერნემ ახლად გარემონტებულ სასტუმრო ”საქართველოს” კლუბ etage gallery-ში გამართა.

ფოტო: Reuters ©
დათუნა სულიკაშვილი
ყოველწლიურად პერნე ატარებს მოდასთან დაკავშირებული ვიდეოფილმების ფესტივალს - A Shaded View on Fashion Film. სწორედ ამ ფესტივალის წლევანდელი პროგრამიდან მან 16 საუკეთესო მინი- ფილმი აჩვენა ქართველ მაყურებელს და მსურველებს თავის ფესტივალში მონაწილეობა შესთავაზა. დაიან პერნემ კერძო საუბარში აღნიშნა: ”თბილისი ძალიან მომწონს, მომნუსხველი, ლამაზი ადგილია, განსაკუთრებით ძველი სახლები მხიბლავს და ქართული სამზარეულო: არ ველოდი თუ ნიგოზს ამხელა პოტენციალი ჰქონდა. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ბევრი არ მინახავს. გამოვყოფდი ნინო ჩუბინიშვილის შავი ტყავის ნამუშევრებს”. დაიან პერნეს მოგზაურობის ამსახველი მასალა მისსავე ბლოგზე www.shadedviewonfashion.com შეგიძლიათ ნახოთ.

ფოტო: Reuters ©
Gola

დაიან პერნეს მიერ ნაჩვენები ფილმები ალბათ ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც კვირეულს თანამედროვე მოდასთან აკავშირებდა. სხვა მხრივ მოდის კვირეულზე ნაჩვენები კოლექციები ან პირდაპირ ძველ ტანისამოსს წარმოადგენდა, როგორც ბასტიენ დე ალმეიდას საკოლექციო ”ვინტაჟ” კაბების ჩვენების დროს, ან დიზაინერები მრავალჯერ გადაღეჭილი მოძველებული იდეების რეპრეზენტაციას ახდენდნენ, გეგონებათ ვერავინ მიხვდება ან არავის უნახავს იოჯი იამამოტო, ალბერ ელბაზი, ვივიენ ვესტვუდი და მარტინ მარჯიელა. გარდა იმისა, რომ არ ჩანდა ორიგინალური, თანამედროვე იდეები, ასევე არ ჩანდა თუნდაც ცდა იმისა, რომ სხვისი იდეები კარგად შეასრულო. გასაგებია, რომ მოდა ფუფუნებაა. იმისთვის რომ ღირებული დიზაინი შექმნა, ბევრი უნდა იმუშაო, ნახო, დახარჯო და განიცადო. მაგრამ ამ სეზონზე ნაჩვენები კოლექციები სამწუხაროდ ვერანაირ გამოწვევას ვერ პასუხობდნენ. დაუჯერებელია ასეთი ტანსაცმელი ვინმემ ჩაიცვას.

ფოტო: Reuters ©
გიორგი ფანცულაია
ყურადღების ღირსი მხოლოდ კვირეულის დასკვნითი გიორგი ამირეჯიბის ჩვენება აღმოჩნდა. მართალია აქაც მრავლად იყო უკვე მასპროდუქციის ტრენდები: ასიმეტრიული სილუეტი, დრაპირება, დისონანსური პროპორციები, აქცენტი მხრებზე და თეძოებზე, მაგრამ მასალის არჩევანი, შესრულების მანერა, დამუშავება და საერთო მუქი გამა ამ კოლექციას მიმდინარე ტენდენციების ინდივიდუალურ, ძლიერ ინტერპრეტაციად წარმოადგენდა და მთელი კვირეულის განმავლობაში გაწვალებული მაყურებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი გახდა.

კარგ ორგანიზებასთან ერთად, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მოდის კვირეულის მომავალი სეზონი უფრო საინტერესო და ღირებული იქნება.

 

 

 

 

კომენტარები