ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Center for American Progress-ის (CAP) ანგარიშის მცდარად წარმოდგენა

წინამდებარე სტატია გადმობეჭდილია The American Conservative-დან სემუელ ჩარაპის თხოვნით. ტაბულას მიერ CAP-ის ანგარიშის გაშუქებით უკმაყოფილო ჩარაპმა ამ სტატიის ტაბულაში გამოქვეყნების უფლება მოიპოვა.
ჯონ ნუნანმა ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Center for American Progress-ის (CAP) ანგარიშის აშკარად სხვა ვერსია წაიკითხა, რადგან ამ ანგარიშის მისეული აღწერა სავსეა შეცდომებით. ის წერს:

„ჯერ ერთი, ანგარიში ამტკიცებს, რომ რუსეთმა კი არა, აშშ-მა გააღრმავა კონფლიქტი არასწორი პოლიტიკური ნაბიჯების წყალობით, და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია რუსეთის მიერ „მასტაბილიზებელი” ფაქტორია”.
 
აშშ გაკრიტიკებულია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის, თითქოს ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მასტაბილიზებელი” ფაქტორია, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, ავტორები კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას აშშ-ის პოლიტიკისთვის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად აყალიბებენ, ხოლო სამხედრო ძალების დაბრუნებას 2008 წლამდე არსებულ პოზიციებზე ერთ-ერთ მიზნად სახავენ. შემიძლია ვთქვა, რომ ნუნანი ამას უბრალოდ იგონებს.
 
ნუნანი განაგრძობს ანგარიშის ავტორების მოსაზრებების დამახინჯებას:
 
„მეორე, ანგარიში, როგორც ჩანს, წამოეგო რუსეთის მიერ მრავალგზის გამოთქმულ აზრს, რომ მოსკოვი არ წარმოადგენს კონფლიქტის მხარეს და რომ ის განთავისუფლებულია საქართველოში წარმოქმნლი კრიზისის მოგვარების პასუხისმგებლობისგან”.
 
რეალურად კი, ანგარიშის ავტორები საკმაოდ ცხადად წერენ:
 
„მართლაც, ვაშინგტონში გამართული დისკუსიების დროს ხშირად იგნორირებულია ის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გარდა, არსებობს საქართველოს კონფლიქტები აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან. ამას იმიტომ კი არ აღვნიშნავთ, რომ მკაფიოდ გავმიჯნოთ საგარეო და სეპარატისტული კონფლიქტები კონცეპტუალურად ან პრაქტიკაში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს სამი კონფლიქტი აქვს (რუსეთთან, აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან), რომლებიც ორ დონეზე მიმდინარეობს (სახელმწიფოთშორისსა და შიდასახელმწიფოებრივ დონეებზე)”.
 
ანგარიშში ავტორები ამბობენ:
„კონფლიქტის მოგვარების ქმედითი პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს იმ ფაქტის აღიარებით, რომ რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია პროგრესის მისაღწევად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი ისეთი პარტნიორი უნდა იყოს, რომელსაც სურს კონფლიქტის მოგვარება, თუ გვინდა, რომ კონფლიქტი წარმატებით მოგვარდეს. რუსეთი ნამდვილად გახლავთ პრობლემის ნაწილი, მაგრამ ის ასევე კონფლიქტის მოგვარების ნაწილია”.
 
და ისევ:
„რუსეთის პარტნიორად გამოცხადება არ გულისხმობს იმას, რომ აშშ-ის დამოკიდებულება და მხარდაჭერა საქართველოსადმი შეიცვლება, ან რომ ის რუსეთს აღარ წაუყენებს მოთხოვნებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მოსკოვს სხვანაირად უნდა მოექცნენ და არა როგორც, მხოლოდ და მხოლოდ ნორმების დამრღვევს”. 
 
ანგარიშის ავტორებმა კარგად იციან, რომ რუსეთი ფაქტობრივად კონფლიქტის მხარეა და მოუწოდებენ მოსკოვს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შეუძლებელია ეს არ დაინახოთ ანგარიშის კითხვისას. რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის მოთხოვნის კონტექსტში ავტორები მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას რუსეთის სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთში, და ეს პოზიცია სამხედროების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს:
 
„ამ განცხადების კონტექსტში, აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს რუსეთს, რომ მან სათანადოდ შეცვალოს სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ ოსეთში. საქართველოს დაუცველობის ყველაზე ნათელი ფაქტორი შორი დამიზნების სარაკეტო სისტემების განთავსებაა (სმერჩი და ტოჩკა-U) სამხრეთ ოსეთში, რადგან მათ თბილისს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაარტყან. საქართველოს ოფიციალური პირები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ საფრთხეს, რომელსაც სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის კონცენტრაცია უქმნის ქვეყანას, რადგან ისინი ძალზე მობილურები არიან და აქედან გამომდინარე, მხოლოდ სწრაფი თავდასხმის მიზნით შეიძლება იქნან გამოყენებულები. 
 
შეერთებულმა შტატებმა უნდა სთხოვოს რუსეთს სამხრეთ ოსეთის ავანპოსტებზე განთავსებული სწრაფი შეტევის ტრანსპორტისა და ტანკების რიცხვის შემცირება, ან მათი გატანა მაინც სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთით, რაც არ შეამცირებს რუსეთის მიერ ამ რეგიონის დაცვის უნარს. მომავალში რუსეთმა უნდა განიხილოს აქ დისლოცირებული ზოგიერთი საბრძოლო შენაერთის ჩანაცვლება არასაომარი პერსონალით.
 
შორი დამიზნების არტილერიის განთავსება სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ამძაფრებს საქართველოს დაუცველობას, ხოლო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას არაფერს მატებს. ამერიკის მთავრობამ უნდა მოითხოვოს ამ ტიპის შეიარაღების გატანა ამ რეგიონიდან. მაგრამ, შუალედურ ეტაპზე, სამხრეთ ოსეთში ძალების კონცენტრაცია უფრო გამჭვირვალედ რომ მიმდინარეობდეს, უკვე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა”.  
 
ანგარიშის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ კონფლიქტის მოგვარების ტვირთი აშშ-ს აწევს. ეს კიდევ ერთი გამოგონილი აზრია. პირიქით, მათთვის უდავოა, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე. ის კი მართალია, რომ ანგარიში დიდ ყურადღებას უთმობს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აშშ-სა და საქართველოს პოლიტიკა. სავარაუდოდ, ამერიკელებს უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამერიკულ და მის მოკავშირეთა პოლიტიკაზე, ვიდრე რუსულზე. თუმცა, ავტორებს ისიც ესმით, რომ აშშ-ის მთავრობის დღევანდელი პოლიტიკა არაადეკვატურია, ხოლო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ზოგჯერ უკუშედეგი მოაქვს. ამის გამო ავტორებს არ შეუწყვეტიათ რეკომენდაციების შემუშავება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს რუსეთის პოლიტიკა, რომელთაგან ბევრი რეკომენდაცია კონსტრუქციული და გონივრულია. აი, ამასთან დაკავშირებით კი, ნუნანს არაფერი აქვს სათქმელი.
 
მრავლისმეტყველია, რომ ნუნანს რეალურად არაფერი აქვს სათქმელი აშშ-ის წარსულ, დღევანდელ ან სამომავლო პოლიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებითად, მისი სვეტი ცოტათი თუ განსხვავდება უკმაყოფილებისგან იმის გამო, რომ ავტორები საკმარისად მტრულად განწყობილნი არ არიან რუსეთის მიმართ. რა თქმა უნდა, ანგარიშის ავტორები დაინტერესებულნი არიან კონფლიქტის მოგვარებით, რაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებასაც გულისხმობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინტერესები არ მოსწონთ. ნუნანი კი, როგორც ჩანს, უფრო ქულების თვლითაა დაკავებული, ვინ უფრო დიდი მომხრეა თავისუფლების. ნამდვილად ღირს ამ ანგარიშის წაკითხვა და განხილვა. სირცხვილია, რომ ნუნანს არც ერთის გაკეთება არ უცდია. 

კომენტარები