რუსი ძალოვანები მედვევდემა გააშველა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mediko.png##fbimage#
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იძულებული გახდა   ქვეყნის გენერალურ პროკურატურასა  და საგამოძიებო კომიტეტს შორის არსებულ კონფლიქტში ჩარეულიყო. პრეზიდენტმა გენერალური პროკურორი იური ჩაიკა და საგამოძიებო კომიტეტის თავჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი გუშინ საკუთარ რეზიდენციაში დაიბარა და  ”გააშველა” - წერს გაზეთი ”კომერსანტი.”

კონფლიქტი ამ ორ უწყებას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში არსებულ იატაქვეშა სათამაშო ბიზნესზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ იატაქვეშა ბიზნესის  მფარველები და ”პატრონები” მოსკოვის რამდენიმე რაიონის  მთავარი პროკურორები და მათი მოადგილეები იყვნენ. საგამოძიებო კომიტეტის ანონიმმა ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია  რუს ჟურნალისტებს მიაწოდეს. სწორედ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს ინფორმაცია ”კომერსანტმა” და ”გაზეტა.რუ”-მ, იმის შესახებ, რომ იატაქვეშა ბიზნესსა და პროკურატურას შორის მთავარი კურატორი რუსეთის გენერალური პროკურორის შვილი, 35 წლის იურისტი და წარმატებული ბიზნესმენი არტიომ ჩაიკაა.

რუსული მედია წერს, რომ ყველა მაქინაციას სწორედ არტიომ ჩაიკა უწევდა კოორინაციას.  ვითარება ორ უწყებას შორის კიდევ უფრო 23 მარტს დაიძაბა მას შემდეგ,  რაც საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის პროკურატურაში ჩხრეკის ჩატარება სცადა და იქ გამომძიებლები სპეცრაზმთან ერთად მივიდნენ. გენერალური პროკურატურის ჩარევის შედეგად გამომძიებლებმა შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. 

მას შემდეგ რაც გაზეთებიდან  საკუთარი შვილის წინააღმდეგ გამოძიების ”დადასტურებული ეჭვების” შესახებ შეიტყო, რუსეთის მთავარმა პროკურომა პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა, იუწყება ”კომერსანტი.” იური ჩაიკას საპასუხოდ, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ   იატაქვეშა სათამაშო ქსელის ორგანიზების   შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში  გამოძიება მოწმის სტატუსით არტიომ ჩაიკას დაკითხავს. 

დღეს  ”კომერსანტმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინდელ შეხვედრაზე  მედვედევმა დაპირისპირებულ მხარეებს მოსთხოვა კონფლიქტმა საჯარო სახე არ  მიიღოს, ”რადგან ეს არა მარტო ორივე უწყების მუშაობას უშლის ხელს, არამედ მთელი ხელისუფლების იმიჯს აზარალებს”.  ”ეს შეხვედრა პირდაპირ აისახება მიმდინარე გამოძიების შედეგებზე - აღარ იქნება ხმაურიანი მხილებები, ხოლო საქმიდან  პროკურორები და მათი ნათესავები გაქრებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არტიომ ჩაიკას ამ საქმეზე აღარავინ დაკითხავს,” - წერს გაზეთი ”კომერსანტი.” 

კომენტარები