ლე პენის საარჩევნო წარმატება

საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმათა უმრავლესობა, 25%, სოციალისტურმა პარტიამ მიიღო, მმართველმა სახალხო მოძრაობისთვის კავშირმა (UMP) 16%, ნაციონალურმა ფრონტმა – 14%. სხვა მცირე მემარცხენე პარტიებმა და მწვანეებმა კი ხმათა 8-10% დააგროვეს. ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 50%-ზე ნაკლები იყო.  

ახლანდელი ადგილობრივი არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგებს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი გავლენა ექნება. მიმდინარე შედეგებისა და საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის რეიტინგი 29%-მდე დაეცა. ნიკოლა სარკოზის ინიციატივები ქვეყანაში ნეგატიურად აღიქმება. ანალიტიკოსების აზრით, UMP-ის პოპულარობის აღდგენას, მისი ლიდერი ლიბიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებით ცდილობს. ამასთანავე საიფ კადაფიმ განაცხადა, რომ სარკოზის პარტიას აფინანსებდა. საფრანგეთში პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება დანაშაულად ითვლება. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს დამფინანსებლის ავტორიტარული ხასიათი. ამას ემატება საპენსიო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებული უკმაყოფილებაც. მნიშვნელოვან როლს თამაშობს უმუშევრობის დონე, რომელმაც მეოთხე კვარტალში უკვე 9,2%-ს მიაღწია. UMP-ის ლიდერები მათთვის სასურველი შედეგების არარსებობას, ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას აბრალებენ. 

ფოტო: REUTERS ©
სახალხო მოძრაობისთვის კავშირის ლიდერი ჟან ფრანსუა კოპე
მიუხედავად იმისა, რომ ხმათა უმრავლესობა სოციალისტურმა პარტიამ მიიღო, ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. პარტიის ამჟამინდელი ლიდერი დამფუძნებლის, ჟან მარი ლე პენის ქალიშვილია. ჟან მარი ლე პენმა დაუვიწყარი კვალი დატოვა ფრანგულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე, როდესაც 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაკ შირაკს სერიოზული ოპონირება გაუწია. 2008 წლის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, სადაც ნაციონალურმა ფრონტმა ხმათა მხოლოდ 5% მიიღო, წელს პარტიამ დიდ პროგრესს მიაღწია. „პირველი ნაბიჯია უდიდესი აღორძინების, რომლისკენაც ფრანგი ხალხი ილტვის”, განაცხადა ქალბატონმა ლე პენმა. ეს ადგილობრივ არჩევნებში პარტიის საუკეთესო შედეგი იყო. ულტრამემარჯვენეების ლიდერის მოადგილე, ლუისა ალიოტა აღნიშნავს, რომ არსებული ტენდენციის მიხედვით, მალე საფრანგეთის სათავეში UMP-ის ნაცვლად ნაციონალური ფრონტი იქნება. 
 
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებული Harris Institute-ის გამოკითხვის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ ჩატარებულიყო, პირველ ადგილს მარინ ლე პენი დაიკავებდა და სარკოზისა და მემარცხენე კანდიდატებს უკან ჩამოიტოვებდა. გამოკითხვის მიხედვით, 42 წლის მარინ ლე პენი არჩევნების პირველივე ტურში 23%-ს მიიღებდა, სარკოზი და სოციალისტური პარტიის დღევანდელი ლიდერი მარტინ ობრიც თანაბრად, 21-21%-ს დასჯერდებოდნენ. გამოკითხვაში არ იყო შეტანილი დომინიკ შტრაუს-კანის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სოციალისტების სავარაუდო კანდიდატის შესახებ.
 
პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ფიიონმა, პირველად აღნიშნა, რომ შესაძლოა, UMP-მა ვერ გადალახოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ნიკოლა სარკოზის ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის აპირებს ბრძოლას.  მარინ ლე პენმა კი უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მის მთავარ მოწინააღმდეგედ სოციალისტური პარტიის კანდიდატი რჩება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით გაურკვეველია. 

კომენტარები