სანავარდო

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ოპერაში ჩემს გამონათქვამთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ ორიოდ სიტყვა. უფრო ზუსტად, იმ ვნებათაღელვის გამო, რაც ჩემს გამონათქვამს მოყვა. ამ დღეების განმავლობაში ეს თემა ყოველმხრივ იმდენად დაიღეჭა და გადაიღეჭა, რომ პირდაპირ საქმეზე გადავალ.

მაშ ასე, იმ დღეს ქუთაისის ოპერის თეატრში საღამოს 500 კაცი ესწრებოდა. ჩემი გამოსვლის შემდეგ ოციოდემ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 480 კაცს კი სრულიად ბუნებრივი რეაქცია ქონდა. ტაშის გარდა, მათ გულიანად იცინეს და იხარხარეს. თვალი და ყური თუ არ მატყუებს, მგონი, ასე იყო. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია მაქვს: 1. დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილმა (დავაზუტებ, ოციოდე კაცმა) ჩემი იუმორი ვერ გაიგო. 2. იმავე ოციოდე კაცმა ჩემი იუმორი ძალიანაც კარგად გაიგო და თავისებური იუმორით მიპასუხა, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე მე ვეღარ გავიგე მათი იუმორი. ანუ ჩვენ (ისინი და თქვენი მონა-მორჩილი) სხვადასხვა ქრონოტოპოსში აღმოვჩნდით. 3. შეიძლება საქმე კიდევ უფრო მარტივადაა, ვიდრე მე მგონია. კერძოდ, შეიძლება შეურაცხყოფილი ოციოდე კაცი ის „წითელი ინტელიგენცია” იყო, რომლისთვისაც არცთუ შორეულ წარსულში ქურდი უზენაესი ავტორიტეტი იყო, ბოზობა კი – ჩვეულებრივი ამბავი, და „სარკეში ჩახედვა” არ ესიამოვნა. ისე, ამდენ ჭინთვას და პრანჭიობას მათ ადგილზე მე ასე ვუპასუხებდი (საკუთარ თავს): „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!”

ჩემი ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის გამოსვლა მე აღვიქვი უმცირესობისთვის გზავნილად. ჩემი მოკლე ჭკუით, მან თქვა, რომ იგი ყველას პრეზიდენტია, უმცირესობისაც კი, კერძოდ – შეურაცხყოფილი ოციოდე კაცისაც. ანუ მათიც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ თვითონვე „ჩარეცხა”. რასაკვირველია, პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო ადეკვატური. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს არტისტის ცხოვრებაში და, მით უფრო – შემოქმედებაში. ვერაა მისასალმებელი საქმე, ყველა შემოქმედის პერფორმანსი პრეზიდენტმა განსჯის საგნად აქციოს და საგანგებოდ განიხილოს, და მთლად უარესი, მიუთითოს, ვინ სად რა უნდა თქვას, რაზე წეროს, რა ხატოს, როგორ იმღეროს, და ა.შ. მგონი, სწორედ მსგავს მენტალიტეტს ებრძოდა სააკაშვილი, როდესაც ქვეყნის სათავეში მოდიოდა. არ ვიცი, რამდენად გააზრებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, იყო იმპულსური და კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი. მისი სიტყვებიდან, პირადად მე, ცოტა არ იყოს, საბჭოური სუნი მეცა. ამასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ვერსია მაქვს. 1. პრეზიდენტის ან მრჩეველებმა ვერ ივარგეს. 2. ან ივარგეს, მაგრამ მათი რჩევა არ გაითვალისწინა. პირადად ჩემი რჩევა კი პრეზიდენტის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ხელები შორს არტისტებისგან!”. 

კომენტარები