ალფა რომეო 4C პატარა შუაძრავიანი სუპერავტომობილი

 ჟენევის საავტომობილო გამოფენას არაერთი ახალი სუპერავტომობილი ამშვენებდა, თუმცა მათ ფონზეც, ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი ალფა რომეოს კომპაქტური და ხელმისაწვდომი „სუპერავტომობილი”, კონცეპტუალური 4C იყო. 

მომცრო ზომები რომ არა, ამ ავტომობილს მართლა შეიძლება სუპერი უწოდო, რადგან სწორედ ამ კლასის სპორტსმენების სტილშია შესრულებული: ორადგილიანი სალონი, ბაზაში მოთავსებული ძრავი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის. და, რა თქმა უნდა, აგრესიული გარეგნობა – ყველაფერი ეს სწორედ სუპერების კლასს შეეფერება.

 

მილანური კომპანიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „4C ბრენდის ფასეულობებს სრულად გამოხატავს. ესაა იტალიური სტილი, ტემპერამენტი და დახვეწილი ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ უსაფრთხოება და მართვით სიამოვნების მიღება უზრუნველყოს”.
სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ავტომობილი წარმატებულ კუპე 8C კომპეტიციონეს მომცრო ვერსიაა – ისინი გარეგნობითაც ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. კონცეპტუალური  ალფა რომეო 4C-ს სიგრძე 4.00 მეტრი, ბაზა კი 2.40 მეტრია. კომპაქტური გაბარიტების მიუხედავად, ის სუპერავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც, მაგალითად, ლოტუს ელისი.
 
ალფას ორი კუპე ერთმანეთს მარტო გარეგნობით როდი ჰგავს. 4C-ზე ზოგიერთი ის ტექნოლოგია და მასალებია გამოყენებული, რომლებიც 8C კომპეტიციონემ თავის მხრივ, ფერარისგან მიიღო. ესაა უკანა წამყვანი ბორბლების სისტემა, კარბონის კომპოზიტი და ალუმინის დეტალები. სამაგიეროდ, მის კაპოტქვეშ V8 ძრავის ჩადგმაზე არავის უფიქრია.
 
ამ პატარა სუპერს მბიძგველ ძალას, მისთვის შესაფერისი ზომის აგრეგატი – ბენზინის ოთხცილინდრიანი 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი ანიჭებს, რომელიც ჯულიეტა კვადრიფოლიო ვერდესგანაა ნასესხები. ეს აგრეგატი 200 ცხენის ძალას ავითარებს, მასთან კი წყვილდისკოიანი ქუროს მეშვეობით, უახლესი ავტომატური ტრანსმისიაა (ალფა TCT) დაკავშირებული.
 
შესაძლოა, 200 ცხენის ძალა გეცოტაოთ, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ ალფა რომეო 4C მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის, სიმძლავრესაც „ფასი მოემატება”. უფრო კონკრეტულად კი, მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა დაახლოებით 4-ის ტოლია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. სიმსუბუქე იმან განაპირობა, რომ ავტომობილის ტანი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მისი შეჯახებისას დამცავი და ძრავის საყრდენი სტრუქტურები კი ალუმინის შენადნობისგანაა აწყობილი.
 
მცირე წონა ალფა რომეო 4C-ს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს განაპირობებს: მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.
 
ევროპელი დილერების შოურუმებში, ალფა რომეო 4C გაისად გამოჩნდება. 

კომენტარები