ქეთევან პაპავა – ქართველი ბალერინა ვენის სახელმწიფო ოპერაში

28 თებერვალს, ვენის სახელმწიფო ოპერაში (Wiener Staatsoper) მარიუს პეტიპას ლეგენდარული დადგმის, „დონ კიხოტის” განახლებული ვერსია წარმოადგინეს. 

ბალეტი, რომელიც პეტიპამ პირველად 1871 წელს, პეტერბურგში, დიდ (Каменный) თეატრში დადგა, რუდოლფ ნურიევმა 1966 წელს, ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე განაახლა (თავად ნურიევი ბასილის პარტიას ასრულებდა). თითქმის 40 წლის შემდეგ, პეტიპას დადგმის ნურიევისეული ვარიანტი თავის „სამშობლოს”, ვენას სრული ანშლაგით დაუბრუნდა. 

თბილისში, ბალერინებისა და საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა პაპავამ განათლება ჯერ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელში, შემდეგ კი პეტერბურგში, ვაგანოვას აკადემიაში მიიღო. 2001-2006 წლებში მარინის თეატრის დასის წევრი გახლდათ და სოფიაში, სახელმწიფო ოპერის სცენაზე ცეკვავდა. 2006 წელს ვენის სახელმწიფო და სახალხო ოპერების (Wiener Staatsoper, Volksoper) სოლისტი გახდა, რასაც 2010 წელს, ვენის სახელმწიფო საბალეტო დასის წამყვან სოლისტად გადაყვანა მოჰყვა. „დონ კიხოტში” ქუჩის მოცეკვავის პარტიამდე ცოტა ხნით ადრე, ქეთი მთავარ როლებს ასრულებდა ვენის ოპერის ისეთ გახმაურებულ დადგმებში, როგორებიცაა Juwelen der Neuen Welt („ახალი მსოფლიოს სამკაული”), Marie Antoinette („მარია ანტუანეტა”) და Schritte und Spuren („ნაბიჯები და ნაკვალევი”). 
 
მის მიერ შესრულებულ როლებს შორისაა წამყვანი პარტიები დადგმებში: „ანა კარენინა”, „ონეგინი”, „ჟიზელი”, „კარმენი”, „გედების ტბა”, „მაკნატუნა” და სხვა. ქეთევანი თანამშრომლობს ბალეტის სამყაროს ისეთ მნიშვნელოვან ფიგურებთან, როგორებიც არიან ნიკოლოზ ცისკარიძე, ჟირი ბუბენიჩეკი და ბორის ეიფმანი. 
 
„დევიდ ბომბონას მიერ დადგმული „კარმენის” უპირობო ვარსკვლავია ქართველი მოცეკვავე ქეთევან პაპავა. უშეცდომო, გრაციოზული და არანორმალურად მიმზიდველი შესრულება მუსიკის ისტორიაში უდიდესი მაცდუნებელი ქალისა, გვაფიქრებინებს, რომ სწორედ მას აღწერდა პროსპერ მერიმე თავის ნოველაში”, – წერდა ვებგვერდი www.dasballet.at 2010 წელს. 
 
როგორ მოხვდი ვენის საბალეტო დასში?
 
პეტერბურგში ვცხოვრობდი, დეიდებთან – ბალერინა ირმა ნიორაძესა და საოპერო მომღერალ მზია ნიორაძესთან ერთად. მარინის თეატრი, სადაც ვაგანოვას დამთავრების შემდეგ, მთელი კურსიდან მხოლოდ 13 მიღებულ გოგონას შორის მოვხვდი, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება იყო. მაგრამ იქ უბრალო რობოტი ხდები, რომელსაც ავადმყოფობის უფლებაც კი არ გაქვს. თანაც, დასში 300 ადამიანია და სანამ შენს სოლო პარტიას დაელოდები, მთელი ცხოვრება გადის. ამიტომაც, საბუთების მსოფლიოს სხვა წამყვან თეატრებში გაგზავნა გადავწყვიტე. პირველი პასუხი ვენიდან მოვიდა. გაფრენამდე პეტერბურგში „მაკნატუნა” ვიცეკვე, საღამოს ვენაში ვიყავი და უკვე მეორე დღეს ვაშინგტონში, გასტროლებზე გავფრინდი. მას შემდეგ, ვენაში ვარ და ჯერჯერობით, აქედან წასვლას არსად ვგეგმავ. 
 
პირველი მნიშვნელოვანი პარტია შენს ცხოვრებაში?
 
ბორის ეიფმანის „ანა კარენინა”. ეს როლი დღემდე იმდენად მიყვარს, რომ ანას „ჩემს ბავშვს” ვეძახი. 
 
საქართველოში დაბრუნებას თუ გეგმავ?
 
არა, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. პერსპექტივას ვერ ვხედავ. დედამიწის სხვადასხვა წერტილში მიმოფანტული ქართველი მოცეკვავეები რომ შევკრიბოთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბალეტო სკოლა გვექნება, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა: ხალხმა ოპერაში სიარულის კულტურა დაკარგა, ინტერესი აღარ არის. ერთჯერადი პროექტებისათვის მუდამ მზად ვარ, თუმცა ინიციატივა ჯერ არავისგან წამოსულა.
 
მოცეკვავეობა ტრაგიკულ პროფესიადაა მიჩნეული – 35 წლის ასაკში უკვე პენსიაზე უნდა გახვიდე. შენ რა გეგმები გაქვს?
 
ამ სფეროდან წასვლას მოცეკვავის კარიერის დასრულების შემდეგაც არ ვაპირებ. ბალეტის მოცეკვავეთა უმრავლესობა მოღვაწეობას რეჟისორის, ქორეოგრაფის, ან სცენის მხატვრის ამპლუაში აგრძელებს. მეც ამ მიმართულებით განვაგრძობ. 
 
„დონ კიხოტი” ვენის ოპერის სცენაზე ახალი დირექტორის, მანუელ ლეგრის ინიციატივით დაბრუნდა.
 
დიახ. მანუელ ლეგრიმ – წარსულში მსოფლიოში აღიარებულმა ბალეტის მოცეკვავემ – ოპერაში სრულიად ახალი ხაზი შემოიტანა: კლასიკური და თანამედროვე სტილის მონაცვლეობა, რაც მოცეკვავისათვის იდეალური ბალანსია. ლეგრი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვარსკვლავი ადამიანობას არ კარგავს. პრემიერაზე მე არ უნდა მეცეკვა, მაგრამ კოლეგა მოულოდნელად ავად გახდა და შესაბამისად, ჩემი დებიუტი „დონ კიხოტში” არა 15 მარტს, არამედ 28 თებერვალს, სრულიად სპონტანურად შედგა. 
 
რა ხდება ცხოვრებაში ბალეტის გარდა?
 
ზოგჯერ, მოდის ჩვენებებზე მიწვევენ. ხშირად, ინიციატივა სამკაულის გამომშვები კომპანიებისაგან მოდის. ცოტა ხნის წინ, ჰოფბურგში, Chopard-ის შოუზე გამოვედი. მოდის სამყაროდან, ასევე, ვალენტინოსთან მითანამშრომლია, როდესაც  მის მიერ შეკერილ კოსტიუმებში ვიცეკვეთ. 

კომენტარები