ამერიკელმა პასტორმა ყურანი ”სიკვდილით დასაჯა”

 ფლორიდის შტატის ერთ-ერთი ეკლესიის პასტორმა, უეინ საპმა ყურანის ერთი ეგზემპლარი საჯაროდ დაწვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება. სააგენტოს ცნობით, საპი თავისი კოლეგის, ტერი ჯონსის მითითებებით მოქმედებდა. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის მუსლიმების წმინდა წიგნის საჯაროდ დაწვის იდეა.

ჯონსმა განმარტა, რომ 20 მარტს მან და მისმა თანამოაზრეებმა ყურანის იმპროვიზებული სასამართლო პროცესი გამართეს. მისი თქმით, რამდენიმეწუთიანი თათბირის შემდეგ ”ნაფიცმა მსაჯულებმა” წიგნს ”მრავლობით დანაშაულში”დასდეს ბრალი და ”სასიკვდილო განაჩენი” გამოუტანეს. განაჩენის აღსრულებას ქალაქ გეინსვილის ეკლესიაში 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ტერი ჯონსის თქმით, ყურანის დაწვა ”უნიკალური მოვლენაა.” ”ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება,” აღნიშნა მან. სააგენტო AFP-ს ცნობით, ყურანის დაწვის ცერემონიის ერთ-ერთმა დამსწრემ განაცხადა, რომ ”მუსლიმები მონსტრები არიან.”

ფლორიდელი პასტორი ტერი ჯონსი და მისი თანამოაზრეები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2010 წლის ზაფხულში მოექცნენ. ჯონსმა წინადადება წამოაყენა, 11 სექტემბერი აშშ-ში ყურანის დაწვის დღედ გამოეცხადებინათ. მისი ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და აშშ-ს ადმინისტრაციამ მკაცრად გააკრიტიკა, რის გამოც ჯონსი იძულებული გახდა თავის ჩანაფიქრზე ”დროებით” უარი ეთქვა.

კომენტარები