საქართველო და 5 ევრო-გამარჯვება

 1.
 საქართველო 5:0 უელსი (16.11.1994)

პირველ ორ თამაშში 0 ქულა: სამარცხვინო საშინაო წაგება მოლდოვასთან 0:1 და 0:2 მარცხი ბულგარეთში. სწორედ ეს ორი თამაში გაიმართა უელსელებთან თბილისში შეხვედრამდე. სოფიაში ჩატარებული პირველი ტაიმი ალექსანდრე ჩივაძის გუნდის ერთადერთი პლუსი იყო შესარჩევი ციკლის დაწყებიდან.
 
ბრიტანელებთან მატჩის წინ იმედიანად ცოტა თუ იყო: თბილისში ქვეცნობიერად ჯერ კიდევ უფრთხოდნენ წარსულის ვარსკვლავებს – იან რაშს, მარკ ჰიუზს, ნევილ საუთჰოლს... არა მარტო გულშემატკივრები, ფეხბურთელებიც.
 
მატჩი უშუქო და გაყინულ თბილისში შუადღის 2 საათზე დაიწყო და ალბათ, ამით თუ აიხსნება მაიკლ სმიტის გუნდის უსახური თამაში – მათთვის ხომ დილის 10 საათი იყო, ამ დროს კი ფეხბურთისთვის, თუნდაც ბრიტანეთში, ცოტას თუ სცალია.
 
მაგრამ საქართველოს ნაკრების პირველი ოფიციალური გამარჯვება მეტოქის სუსტი თამაშის ბრალი ნამდვილად არ იყო. ქართველები, საწყის წუთებში საგრძნობი ნერვიულობის შემდეგ, ჩინებულად ათამაშდნენ და სასწაული მოახდინეს, სასწაული ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: 29-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა! ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გოლი ოფიციალურ ტურნირებში. ტაიმის დამთავრებამდე გიო ქინქლაძემ მეორე შეაგდო, შესვენების შემდეგ კი ვეტერანი საუთჰოლის კარში კიდევ სამი გოლი გავიდა: ჯერ ქეცბაიამ და გოჩა გოგრიჭიანმა გაიტანეს, 65-ე წუთზე კი შოთა არველაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0!
 
...1953 წელს უელსმა საფრანგეთთან 1:6 წააგო. მას შემდეგ ბრიტანელები 5 ბურთის სხვაობით პირველად სწორედ თბილისში დამარცხდნენ.
 
გოლები: 1:0 თ.ქეცბაია (29), 2:0 გ.ქინქლაძე (39), 3:0 თ.ქეცბაია (48), 4:0 გ.გოგრიჭიანი (58), 5:0 შ.არველაძე (65)
 
საქართველო: ა.დევაძე, ზ.რევიშვილი, კ.ცხადაძე (კაპ), მ.შელია, გ.ჩიხრაძე, კ.გოგიჩაიშვილი, გ.ნემსაძე (გ.ინალიშვილი 42), გ.გოგრიჭიანი, თ.ქეცბაია (მ.ყაველაშვილი 74), გ.ქინქლაძე, შ.არველაძე
 
2.
საქართველო 1:0 რუსეთი (30.04.2003)
 
ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენმა გუნდმა შვეიცარიაში განადგურებით დაიწყო, ამას ოქტომბერში რუსეთთან თბილისში არდასრულებული თამაში მოჰყვა, გაზაფხულზე კი მორიგი იმედგაცრუება – ირლანდიასთან შინ 1:2 მარცხი და შვეიცარიასთან უგოლო ფრე.
ალექსანდრე ჩივაძემ შესარჩევის დასრულებაზე უარი თქვა, სფფ-ს კი ბევრი არ უფიქრია: ნაკრების გაძღოლა თბილისის დინამოს ხორვატ მწვრთნელ ივო შუშაკს ჩააბარა, იმ დროს ქართულ ფეხბურთში ყველაზე პოპულარულ ადამიანს.
 
შუშაკმა სიხარულით მიიღო შეთავაზება, ნაკრებში მის გამოჩენას კი დიდი ხმაურიც მოჰყვა – გოლეადორმა შოთა არველაძემ შეკრება დატოვა. ის რუსეთთან მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა და...
 
ეს არ იყო მორიგი შესარჩევი მატჩი, ეს იყო ომი – ორი ქვეყნის დაპირისპირება საფეხბურთო მინდორზე! შუშაკის ბიჭებმა ომი მოიგეს: მოსკოვის ლოკომოტივში სწორედ იმ წელს გადასულმა მალხაზ ასათიანმა თავური დარტყმით გაიტანა გამარჯვების გოლი!
 
საფინალო სასტვენს ზღვა ემოცია მოჰყვა, სამწუხარო კი მხოლოდ ისაა, რომ რუსებთან მოგებული ომი სხვა გამარჯვებებით აღარ გაგრძელდა.
 
გოლი: 1:0 მ.ასათიანი (11)
 
საქართველო: გ.ლომაია, ზ.ხიზანიშვილი, ო.ხიზანეიშვილი, კ.კალაძე, დ.კვირკველია, ლ.ცქიტიშვილი, გ.ნემსაძე (კაპ), ლ.ბურდული (გ.შაშიაშვილი 80), მ.ასათიანი (გ.დიდავა 75), გ.დემეტრაძე, მ.აშვეთია (რ.ალექსიძე 85)
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)
 
3.
საქართველო 2:1 ბულგარეთი (11.10.1995)
 
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ბულგარეთის ნაკრები ევრო 96-ის საკვალიფიკაციოშიც ჩინებულად ასპარეზობდა და გერმანიასაც უსწრებდა. ამიტომაც იყო, რომ დიმიტარ პენევის გუნდი საქართველოს თავაწეული ესტუმრა.
 
ქართველი ჟურნალისტები ბულგარელებს შერატონ მეტეხი პალასში დახვდნენ. ყველას სურდა ევროპის 1994 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ხრისტო სტოიჩკოვთან გასაუბრება, თუმცა ბარსელონას ერთ-ერთმა ლიდერმა ყურადღება არავის მიაქცია და ლიფტში შევარდა, თან ეს უტაქტოდ გააკეთა. მას მეკარე ბორისლავ მიხაილოვმა და კიდევ ერთმა-ორმა ლიდერმაც მიბაძა, მეორე დღეს კი ყველა ქართული სპორტული გაზეთი მათი უსაქციელობის შესახებ წერდა. ამას ვარჯიშზე სტოიჩკოვის მორიგი გამოხდომაც დაემატა: ბურთის მიმტან ბიჭუნას წყლით სავსე ბოთლი ესროლა.
 
მოკლედ, ბულგარელებზე მთელი საქართველო გაბრაზდა, ქედმაღალ სტუმრებს კი ყველას ნაცვლად ჩვენმა ფეხბურთელებმა გადაუხადეს სამაგიერო!
 
საკვალიფიკაციო ტურნირში ბულგარელთა პირველი მარცხით ყველაზე მეტად ბერტი ფოგთსის გერმანიამ იხეირა – გადამწყვეტ მატჩში დიმიტარ პენევის გუნდს სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
 
გოლები: 1:0 შ.არველაძე (1), 2:0 გ.ქინქლაძე (48, პენ), 2:1 ხ.სტოიჩკოვი (88)
 
საქართველო: ი.ზოიძე, გ.ღუდუშაური (ბ.ბერაძე 83), დ.კუდინოვი, მ.შელია (კაპ), გ.ჩიხრაძე, კ.გოგიჩაიშვილი, გ.ნემსაძე, გ.ჯამარაული (გ.კილასონია 75), ა.არველაძე (მ.ყაველაშვილი 46), გ.ქინქლაძე, შ.არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
 
4.
საქართველო 2:0 შოტლანდია (17.10.2007)
 
ევრო 2008-ის შესარჩევში შოტლანდიამ ორჯერ დაამარცხა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი და კარგა ხანს ავსტრია-შვეიცარიის საგზურის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტადაც ითვლებოდა, მაგრამ...
 
წლების წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ტერი ვენეიბლზმა თქვა, საქართველო იმ ყაიდის გუნდია, ხუთ წელიწადში ერთხელ რომ დაიქუხებსო.
 
შოტლანდიელებმა ვენეიბლზის ნათქვამი საკუთარ თავზე გამოსცადეს: თბილისში წაგების შემდეგ ისინი კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩნენ.
კლაუს ტოპმიოლერმა გარისკა: კარი 17 წლის გიორგი მაკარიძეს ანდო, გამთამაშებლად მისი თანატოლი ლევან ყენია დააყენა, წინ კი კიდევ ერთი თინეიჯერი ლევან მჭედლიძე.
 
და საქართველომ მოიგო: მჭედლიძემ კუთხურის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმში კი დავით სირაძემ კიდევ ერთხელ გაგვახარა – 2:0! ნაკრებს ასეთი მაღალი დონის ფეხბურთი ამ საუკუნეში არ უთამაშია.
 
გოლები: 1:0 ლ.მჭედლიძე (16), 2:0 დ.სირაძე (65)
 
საქართველო: გ.მაკარიძე, ლ.სალუქვაძე, გ.შაშიაშვილი, მ.ასათიანი, ზ.ხიზანიშვილი (კაპ), დ.კვირკველია, ჯ.კანკავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ყენია (ი.კანდელაკი 80), ლ.მჭედლიძე (ა.კვახაძე 85), დ.სირაძე (ლ.ჯაკობია 90)
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
 
5.
ფარერის კუნძულები 0:6 საქართველო (16.08.2006)
 
არც მანამდე და სამწუხაროდ, არც მას შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროშესარჩევი ასე ლამაზად არ დაუწყია: ჩვენმა გუნდმა სტუმრად 6:0 მოიგო! მერე რა, რომ მეტოქე ფარერის კუნძულები იყო?! ამავე საკვალიფიკაციოში მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიამ ფარერებზე მხოლოდ 2:1 გაიმარჯვა...

საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა 6 გოლი!

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად პირველად შეაგდო 6 გოლი!

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოფიციალურ შეხვედრაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიქი!

გოლები: 1:0 დ.მუჯირი (16), 2:0 ა.იაშვილი (18), 3:0 შ.არველაძე (37), 4:0 ლ.კობიაშვილი (51, პენ), 5:0 შ.არველაძე (63), 6:0 შ.არველაძე (82)

საქართველო: გრ.ჭანტურია, გ.შაშიაშვილი, მ.ასათიანი, ი.კანდელაკი (დ.კვირკველია 67), ლ.კობიაშვილი (კაპ), კ.ალადაშვილი (გ.გახოკიძე 72), გ.გოგუა (გ.დემეტრაძე 58), ჯ.კანკავა, დ.მუჯირი, ა.იაშვილი, შ.არველაძე

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
 

კომენტარები