კოსმეტიკური ცვლილებები?

სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაზე ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1.6% მოდის და მასში მუშახელის 5%-ია დასაქმებული, ორგანიზაცია ყველაზე მეტ თანხებს სწორედ ამ სფეროში ხარჯავს. წლების მანძილზე ევროკავშირის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიარდი ევრო, სოფლის მეურნეობას ხმარდებოდა. მიუხედავად რეფორმებისა, პოლიტიკის არსი იგივე რჩებოდა – ფერმერები უზარმაზარ სუბსიდიებს იღებდნენ, მომხმარებლები – მაღალ ფასებს, შინაური ცხოველები კი – უკეთეს საარსებო პირობებს.

ნოემბერში, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის კომისარმა დაქიან ჩიოლოშმა ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის რეფორმის ვარიანტები წარმოადგინა. მისი თქმით, ახალი მიდგომა უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი და ეფექტიანი უნდა იყოს. წინასწარ პროექტებში აქცენტი ხარჯების თანდათანობით შემცირებასა და თანხების აღმოსავლეთ ევროპაზე გადანაწილებაზეა გაკეთებული. ევროპელი ფერმერების ორგანიზაცია, კოპა-კოგესა უარყოფითად გამოეხმაურა მათთვის სუბსიდიების შემცირების პერსპექტივას. მათი აზრით, რეფორმები მსხვილ ფერმერებს ბაზრიდან გამოდევნის და ევროპის სოფლის მეურნეობას ძირს გამოუთხრის. აქამდე ერთიან სამეურნეო პოლიტიკაზე დახარჯული მთელი თანხების 80% ფერმერების მხოლოდ 20%-ს ხმარდებოდა. ფერმერების ეს მცირე რაოდენობა ძირითადად მსხვილ, მემკვიდრეობით ფერმებს წარმოადგენს.

რეფორმის პროექტი ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის კრიტიკოსებს ახალს არაფერს ჰპირდება. ეს პოლიტიკა როგორც ევროპელ გადასახადების გადამხდელებს დააზარალებს მომავალში, ასევე მეტ-ნაკლებად უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონზე.

მიუხედავად უზარმაზარი დაფინანსებისა, ერთიანი სამეურნეო პოლიტიკა მომხმარებელსაც ტვირთად აწევს. პოლიტიკის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი ევროკავშირში იბეგრება, რაც მსხვილი ფერმერების წისქვილზე ასხამს წყალს. სუსტი ან არარსებული კონკურენციის პირობებში, მათ შეუძლიათ, საკუთარი პროდუქცია საბაზრო ფასზე მეტად გაყიდონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ხელოვნურად შენარჩუნებული მაღალი ფასების გამო, ევროკავშირის მოსახლეობას ყოველწლიურად 50 მილიარდი ევროთი მეტის გადახდა უწევს სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Policy Exchange-ის მიხედვით, ევროპელი მომხმარებლები 42 პროცენტით მეტ თანხას იხდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, ვიდრე ერთიანი პოლიტიკის არარსებობისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემთხვევაში მოუწევდათ. ფინანსური რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას ერთიანი სამეურნეო პოლიტიკის მომხრეები სამუშაო ადგილებისა და აგრობიზნესის შენარჩუნებით ამართლებენ. ერთი მხრივ, სუბსიდიების მიუხედავად, ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების რიცხვი მცირდება. მეორე მხრივ, ფრანგი ეკონომისტის პატრიკ მესერლინის მიხედვით, 1990-იან წლებში სოფლის მეურნეობაში თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისთვის ევროკავშირის მოქალაქეები წელიწადში საშუალოდ 200 ათას ამერიკულ დოლარს იხდიდნენ.

საკვებზე მაღალი ფასები, როგორც ევროკავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სიღარიბის დაძლევას ართულებს. მცირე შემოსავლის მქონე მუშახელი გამომუშავებული ხელფასის გაცილებით დიდ პროპორციას ხარჯავს საკვებში, ვიდრე საშუალო ან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები. საკვებზე დაბალ ფასებს ირიბი გავლენა ტექნოლოგიურ ინოვაციაზეც ექნება, რადგანაც ადამიანებს მეტი მოტივაცია (და რაც მთავარია თანხა) დარჩებათ უახლეს ტექნოლოგიებზე დასახარჯად. ტექნოლოგიების ტრანსფერი განსაკუთრებით მწვავედ დგას აფრიკული ქვეყნების წინაშე, რომლებიც ევროკავშირის სამეურნეო პოლიტიკით გარკვეულწილად ზარალდებიან. სოფლის მეურნეობა მრავალი აფრიკული ქვეყნის ეკონომიკის საყრდენია, თუმცა პროტექციონისტული პოლიტიკის გამო, მათ არ აქვთ საშუალება საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შეიტანონ. ევროკავშირში ხელოვნურად მაღალი ფასები და კვოტები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სიჭარბეს უზრუნველყოფს. ნამატი საქონელი მსოფლიო ბაზარზე გადის და ევროკავშირის ფასებთან შედარებით გაცილებით იაფად იყიდება, რაც სხვა ბაზრებზეც ხელს უშლის ჩამორჩენილი ქვეყნების პროდუქციის გაყიდვას. მეორე მხრივ, ჭარბი პროდუქციის წარმოებაზე უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე ის მსოფლიო ბაზარზე იყიდება. ფინანსურ დანაკარგებს, ცხადია, ევროკავშირის მოსახლეობა გადასახადებით აბალანსებს.

სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის რეფორმის საკითხი მომავალ ბიუჯეტზე დისკუსიის პარალელურად გაგრძელდება. ბრიტანეთსა და შვედეთს სოფლის მეურნეობიდან თანხების გადაქაჩვა ტექნოლოგიური ინოვაციის პროექტებზე სურთ, რასაც მსხვილ ფერმერთა და ბუნების დამცველთა ორგანიზაციები შეეწინააღმდეგებიან. ნოემბერში შემოთავაზებული პროექტები რეფორმის ზოგადი მონახაზი უფრო იყო, საკანონმდებლო დონეზე განსახორციელებელი ცვლილებები კი, სავარაუდოდ, ფართო დისკუსიასა და მეტ პროტესტს გამოიწვევს.

კომენტარები