ნიკიტა მიხალკოვმა იაპონიაში მომხდარი სტიქია იაპონელების ”უღმერთობას” დააბრალა

 ”იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურებები ღვთის სასჯელია და  ამაში დამნაშავე  თავად იაპონელები არიან” - ეს განცხადება მოსკოვის კინოს სახლში სიტყვით გამოსვლისას  ოსკაროსანმა რეჟისორმა, რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარემ,  ნიკიტა მიხალკოვმა გააკეთა.

ლენინისა და სტალინის პრემიების ორდენოსანის,  საბჭოთა კავშირის ანტისემიტური კამპანიის აქტიური წევრისა და კოსმოპოლიტიზმთან  მებრძოლო კომუნისტის, საბჭოთა კავშირის ორი ჰიმნის ავტორის, ცნობილი მწერლის სერგეი  მიხალკოვის შვილი დარწმუნებულია, რომ  ”იაპონელებს ღვთის რისხვა დაატყდათ არა იმიტომ, რომ რწმენა არ აქვთ”, არამედ იმიტომ, რომ ”მათ სულებში უღმერთობაა”.

რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ ”სულებში  უღმერთობის” გამო   იაპონელები ისე იქცევიან, თითქოს  დედამიწაზე მათ გარდა სხვა არავინ არსებობს და ცხოვრობს. ”ისინი ამცირებენ ყველაფერს, რაც მათ გარშემოა. სწორედ ამან მიიყვანა ღმერთი  იქამდე, რომ ვეღარ გაუძლო და იფიქრა: ადამიანებო რას ჩადიხართ?! და ამ საქციელის პასუხად  გამოუგზავნა საზარელი მიწისძვრა და  მას დამატებული დამანგრეველი ცუნამი,” განაცხადა  რეჟისორმა.

1994 წელს ნიკიტა მიხალკოვმა   ფილმისთვის ”მზისგან გათანგულები” ოსკარი მიიღო.  2008 წელს ის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა.  მის არჩევას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მიხალკოვი თავიდან იმ ყრილობის დელეგატიც კი არ იყო, რომელსაც რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე უნდა აერჩია. საქმეში კრემლი  ჩაერია   და კინემატოგრაფისტთა კავშირს დაემუქრა, თუ თავმჯდომარე მიხალკოვი არ გახდებოდა, ორგანიზაცია დაიხურებოდა.  ამის შემდეგ რუსეთის რამდენიმე ცნობილმა რეჟისორმა  და საზოგადო მოღვაწემ რეჟისორს ღია წერილი მისწერა  და მას ”კრემლის ლაქია” უწოდა. 

კომენტარები