გრიგოლ ვაშაძე: რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის 13 მარტის განცხადებას  იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში თბილისის გვერდის ავლით მაინც მოხვდება და ამიტომაც არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ  ვაშაძე  დღეს გამოეხმაურა.  მისი თქმით, ამ განცხადებით ლავროვმა ბერნის შეთანხმება დაარღვია, სადაც ქართული და რუსული მხარეები რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს განიხილავდნენ. მინისტრის თქმით, ბერნის შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება,  რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მხარეები პრესასთან კომენტარს არ გააკეთებდნენ და მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გაგრძელდებოდა.

ვაშაძის განცხადებით, ლავროვმა ეს შეთანხმება რამდნიმე დღეში დაარღვია.  ”მან ერთ წინადადებაში დაარღვია შეთანხმება, გამოგვიგზავნა მუქარა და წამოაყენა წინაპირობები. ასე რომ, შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ, როგორი მიდგომა აქვს რუსეთის დიპლომატიას მიღწეულ შეთანხმებებზე", აღნიშნა ვაშაძემ. 13 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ თუ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ რუსეთის ხილვა ვმო-ში, მათ „თბილისზე ზემოქმედება უნდა მოახდინონ.“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ქართველი ბიზნესმენების მისამართითაც გააკეთა განცხადება. მან  ბიზნესმენებს ურჩია ნუ ენდობიან რუსეთიდან  წამოსულ წინადადებებს ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.  "რუსეთის ეკონომიკის 70 პროცენტი არის ე.წ. "ატკატი", ჩინოვნიკი არ აწერს ხელს არაფერს, ვიდრე არ მიიღებს იმ სახელგანთქმულ კონვერტს. ამის შემდეგ, ქართველმა ბიზნესმენმა უნდა ჩაატაროს სარეკლამო კამპანია, იპოვოს დისტრიბუტორი, რომელსაც თვითონ უხდის ფულს და ამის შემდეგ, განათავსოს ამ დისტრიბუტორის ქსელში თავისი პროდუქცია. ეს არის უზარმაზარი ხარჯები,“ განაცხადა ვაშაძემ.  მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარი „მკვეთრად პოლიტიზირებულია“  და არავითარი გარანტია არ არის, რომ ქართული პროდუქცია ისევ ემბარგოს ქვეშ არ აღმოჩნდება.

 გუშინ რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ჰქონდა შეხვედრა. მისი თქმით, რუსული მხარე მზად არის, ქართველი ოფიციალური პირების გვერდის ავლით დაიწყონ პროცედურები  ქართული პროდუქციის ხარისხის შემოწმებაზე. ქართველმა ღვინის მწარმოებელმა  და უმსხვილემა ექსპოტიორმა კომპანიებმა ”ტაბულასთან” საუბრისას ონიშჩენკოსთან შეხვედრა უარყვეს.

ამ განცხადების პარალელურად, რუსეთში ყიზლარის ღვინის ქარხანამ ღვინის ქართული ბრენდების ”ხვანჭკარას” ”იჯალეშის” ”ქინძმარაულის” ”ალაზნის ველის” და ა.შ. სულ 17 დასახლების პროდუქტის დაპატენტების მოთხოვნით რუსეთის საპატენტო სამსახურს მიმართა.  ქართული კომპანიების თქმით, თუ ყიზლარის ღვინის ქარხანა ქართული ღვინის ბრენდებს დააპატენეტებს, ვერც ერთი ქართული ღვინის კომპანია რუსეთის ბაზარზე ამ დასახელების ღვინოს ვეღარ შეიტანს.

კომენტარები