პუტინი ბაიდენს უვიზო რეჟიმის შემოღებას და „ყველაფრის თავიდან დაწყებას“ სთავაზობს

რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსეთსა და აშშ-ს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება შესთავაზა. „ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს ვმართავთ ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატები ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას აწარმოებს. რუსეთი და აშშ უვიზო რეჟიმის შესახებ უფრო ადრე რომ მოლაპარაკებულიყვნენ, ვიდრე ეს ევროკავშირთან მოხდა, ეს ისტორიული ნაბიჯი იქნებოდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში,“ განაცხადა ბაიდენთან შეხვედრისას პუტინმა. „ეს კარგი იდეაა,“ უპასუხა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა. რუსეთის პრემიერის თქმით, აშშ-სთან უვიზო რეჟიმის შემოღება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „ყველა ძველი სტერეოტიპის დანგრევას“ და „ყველაფრის თავიდან დაწყებას“ შეუწყობს ხელს.

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება. უცხოელი ექსპერტების ვარაუდით, ბაიდენის ვიზიტი მოსკოვში აშშ-ს მიერ დიმიტრი მედვედევის კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით არჩევის მხარდაჭერას გამოხატავს. ანალიტიკოსების თქმით, ვაშინგტონი ცდილობს პუტინი დაარწმუნოს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.  

კომენტარები