სახელმძღვანელოები – განათლების სამინისტროს ახალი სამიზნე

 განვითარებულ მსოფლიოში სასწავლო პროცესში სახელმძღვანელოების როლი სულ უფრო მცირდება. ის მასწავლებლებლისთვის ერთ-ერთია, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის სხვა მრავალ საშუალებას შორის. საქართველოში კი სასწავლო წიგნების მიმართ ყურადღება სულ უფრო იზრდება. 
 
სექტემბრიდან, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლებში სახელმძღვანელოებიც ახალი იქნება. 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების შემდგომ განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი, გამკაცრებული წესები დაამტკიცა. პირველ ეტაპზე მას სწავლების დაწყებით საფეხურზე, I-დან VI კლასის ჩათვლით დანერგავენ. სასწავლო წიგნებმა, სკოლებში მოსახვედრად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული კონკრეტული ტექნიკური, მეთოდური და შინაარსობრივი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.

სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება იგივეა, რაც მისი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის ოფიციალური დასტური. განათლების სამინისტროს მესვეურთა პროგნოზით, გრიფირების ახალმა, გამკაცრებულმა წესმა ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოები უნდა შეამციროს, ხელი შეუწყოს კონკურენციას და წიგნების ბეჭდვაზე მონოპოლია აღმოფხვრას. 
 
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებზე გამოცხადებული კონკურსი 1 მარტს დაიწყო. მასზე სახელმძღვანელოს წარდგენა არა მხოლოდ გამომცემლობებს, არამედ ინდივიდუალურ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფებსაც შეუძლიათ. გარდა ამისა, წინა წლებისგან განსხვავებით, უნდა წარადგინონ არა ერთი სასწავლო წიგნი, არამედ კონკრეტული საგნის სახელმძღვანელოთა სერია მე-6 კლასის ჩათვლით. გრიფი 5 წლის ვადით  მიენიჭებათ – შესაბამისად, ამ ხნის მანძილზე სახელმძღვანელოები აღარ შეიცვლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საგნის ან კლასის შესაბამისი სასწავლო გეგმა იცვლება.
 
საბოლოოდ, წარდგენილ სახელმძღვანელოთა შეფასება გრიფირების წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით განხორციელდება. საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოცემულია 40 შინაარსობრივი და 10 ტექნიკური კრიტერიუმი. გრიფის მოსაპოვებლად წიგნმა ან სერიამ შინაარსობრივ ნაწილში ჯამური ქულების მინიმუმ 90% უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო ტექნიკური კრიტერიუმების შემთხვევაში – 50%. ნათქვამია ისიც, რომ შეფასების ამ კრიტერიუმებს ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს. მათვე უნდა შეაფასონ საბოლოოდ სახელმძღვანელოები. თუმცა, ცენტრში ამბობენ, რომ ამ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეებს არ აქვთ გარანტია, რომ წიგნებს  სპეციალისტები შეაფასებენ და არა ბიუროკრატები.
 
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირობები, რომელსაც კერძო პირი ან გამომცემლობა, კონკურსში მონაწილეობის უფლების მისაღებად უნდა დათანხმდეს. გრიფის მინიჭების შემთხვევაში, ის ვალდებულია, ცენტრს მისი გამოყენების უფლებით ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება გადასცეს. ხოლო თუ სახელმძღვანელო ან სერია „განსაკუთრებით საუკეთესოა”, მაშინ განსაკუთრებული ლიცენზიით ავტორობის გადაცემაზე თანხმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოზე საავტორო უფლებების თანამესაკუთრე ხდება.  იმ შემთხვევაში, თუ  ამის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება” იარსებებს, ცენტრი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გადასცეს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს დაბეჭდვის უფლება. ასეთ შემთხვევაში, წიგნზე საავტორო უფლებების მფლობელს ჰონორარის სახით რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგების 10% ეკუთვნის. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გზით სახელმძღვანელოების ფასმა უნდა დაიწიოს. ამან ხელი უნდა შეუშალოს გამომცემლობებსა და სკოლებს შორის კორუფციული გარიგების შესაძლებლობასაც. აქ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც, მინისტრის თქმით, სკოლები კონკრეტული გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნებს წინასწარი შეთანხმებით ირჩევდნენ – სანამ მსგავსი არჩევანის საშუალება ჰქონდათ.
 
გამომცემლობები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან. ლოგოს პრესის დირექტორი, ლაშა ბერაია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი წესების მიუხედავად, ცენტრსა და გამომცემლობებს შორის ურთიერთნდობის ბალანსი არ დაირღვევა. ის იმედოვნებს, რომ ცენტრი ჩვეულებრივი ლიცენზიის სხვა პირთათვის გადაცემას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მიმართავს – თუ დაასაბუთებს, რომ ამას საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს: „ეს რომ წესად იქცეს და საავტორო უფლების მფლობელისთვის 10%-ის გადახდამ დაუმსახურებელი ზარალი მოუტანოს კეთილსინდისიერ გამომცემლობას, მაშინ ცენტრი დადგება საშიშროების წინაშე, რომ ეს გამომცემლობა სახელმძღვანელოებს მომავალში აღარ შექმნის”. საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რა იგულისხმება „საზოგადოებრივ საჭიროებაში”. ღიაა „განსაკუთრებით საუკეთესო” სახელმძღვანელოების საკითხიც. გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა კითხვებზე ამომწურავი პასუხი არც ბაკურ სულაკაურს მისცა. მისი თქმით, უცნაურია გრიფის მისაღებად 90%-იანი ბარიერის დაწესება: „ეს იმას ნიშნავს, რომ, საკმარისია, ერთ-ერთ ექსპერტს რამე არ მოეწონოს, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ბარიერის გადალახვა”. დასაზუსტებელია ჩვეულებრივი თუ განსაკუთრებული ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულების საკითხიც – მსგავსი დანართი დოკუმენტს არ ახლავს. არადა გრიფირების კონკურსზე სახელმძღვანელოების წარდგენა ავტომატურად გულისხმობს, რომ მონაწილეს შემოთავაზებულ პირობებზე თანხმობა უკვე აქვს გაცხადებული.
 
დაბეჭდვისა და გავრცელების უფლების ყველას მიერ ფლობა, თავისთავად, უარყოფითი მოვლენა არ არის. ზოგადად, საავტორო უფლებების არსებობის საჭიროება სადავო საკითხია. მაგალითად, ლიბერტარიანური ხედვით, ინტელექტუალური საკუთრება მატერიალური საკუთრებისგან განსხვავდება. მისი სხვების მიერ მოხმარებით და გავრცელებით თავდაპირველ ვარიანტს ან მის მფლობელს არაფერი აკლდება. შექმნილ ინტელექტუალურ პროდუქტზე მესაკუთრის მონოპოლია კი სხვას არაფერს იწვევს, თუ არა პროგრესის შეფერხებას – საავტორო უფლების ავტორს შეუძლია, ხელოვნურად შეაჩეროს სხვის მიერ მისი გამოგონების თუ ინტელექტუალური ნაწარმის გაუმჯობესების პროცესი, რაც ყველასთვის უკეთესი იქნებოდა. ეს არ გულისხმობს, რომ ავტორები თუ გამომგონებლები კომპენსაციის გარეშე უნდა დარჩნენ, ან პროდუქტთან მათი სახელის ასოცირება არ მოხდეს, თუმცა, ხსენებული მიზეზებიც ცხადყოფს, რომ ინტელექტუალურ პროდუქტზე მონოპოლიის ფლობა მისგან მოგების მიღების ერთადერთი და საუკეთესო მოდელი არ არის. 
 
საქმე ისაა, რომ გრიფირების არსებული წესი არა საავტორო უფლებების გაუქმებას, არამედ სახელმწიფოს თანამესაკუთრეობას ითვალისწინებს. თანაც, ეს კონკურსში მონაწილეებს ზედმეტ ვალდებულებებს აკისრებს: თუ სახელმძღვანელოს გრიფი მიენიჭება, გამომცემლობას ან ავტორს ევალება, ეს წიგნი საჩუქრად გადასცეს ყველა იმ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო პროცესში მისი სახელმძღვანელოდ გამოყენება მოუწევს. ხოლო ინგლისური ენის სახელმძღვანელოს (სერიის) შემთხვევაში, უსასყიდლოდ გადაამზადოს შესაბამისი საგნის ყველა ის მასწავლებელი, რომელიც მას სახელმძღვანელოდ გამოიყენებს. გამომცემლები ამბობენ, რომ წიგნების საჩუქრად დარიგება ისედაც მიღებული წესი იყო, თუმცა ახლა საავტორო უფლების გადაცემა სიტუაციას ცვლის. გარდა ამისა, სამინისტროს საშუალება ეძლევა, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს საავტორო უფლებების საკითხი და ინტერესის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე კონკრეტულ გამომცემლობას თუ პიროვნებას. სიმონ ჯანაშიას აზრით, დანაკარგების შიშით, სახელმძღვანელოების შექმნაში მინიმალური ინვესტიცია ჩაიდება, რაც წიგნების ხარისხსა და ალტერნატივას მხოლოდ შეამცირებს. 
 
ამრიგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ახალი ინიციატივა გამომცემლობებსა და ავტორებს სტიმულს მისცემს, თუ პირიქით, სახელმძღვანელოების ბაზარზე მოთამაშეთა რაოდენობის შეზღუდვა ავტომატურად გამოიწვევს მყიდველისთვის არჩევანის შეზღუდვას.  
სახელმწიფო იძულება შეუთავსებელია თავისუფალ ბაზართან – თუ ბიუროკრატია მიუთითებს და აიძულებს მომხმარებელს, შეიძინოს რომელიღაც კონკრეტული პროდუქტი, იგი არათანასწორ პირობებში აღმოჩნდება გამყიდველთან. ეს ამ უკანასკნელს პროდუქტზე არასაბაზრო ფასის დაწესების საშუალებას მისცემს.
 
არსებული მდგომარეობა სწორედ ასეთია: პროდუქტს სახელმწიფო ირჩევს, მოქალაქე კი მასში ფულს იხდის. 
 

კომენტარები