იემენი აფეთქების ზღვარზე

 გასულ კვირას იემენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტომის შეიხი ჰუსეინ ალ-აჰმარი მმართველ პარტიას განუდგა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს გადადგომისკენ მოუწოდა. ქვეყანაში, სადაც ტომობრივი კავშირები და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართული, შეიხ ამარის ნაბიჯს შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს და პრეზიდენტის პარტია სხვა ტომების ლიდერებმაც დატოვონ. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება იემენის ლიდერისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, სანას ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების დაშოშმინებას ცდილობს. 

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე სანას ქუჩებიც დემონსტრანტებით გაივსო. მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის და მისი მთავრობის გადადგომაა. საბაბად კი, ამ შემთხვევაშიც, კორუფცია და ეკონომიკური არასტაბილურობა იქცა. Transparency International-ის მონაცემებით, კორუფციის დონის მიხედვით იემენი 180 ქვეყნიდან 154-ე ადგილს იკავებს; Freedom House-ის მოქალაქეთა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კი ქვეყანა არათავისუფალ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება.  

 
ალი აბდულა სალეჰის მმართველობა იემენში უკვე 32 წელი გრძელდება. 1978-1990 წლებში ის ჩრდილოეთ იემენის (იემენის არაბული რესპუბლიკა) ხელმძღვანელი იყო. 1990 წელს, მრავალწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა და ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი გაერთიანდნენ. მარქსისტული სამხრეთისა და მუსლიმური ჩრდილოეთის უნიფიკაციას ბერლინის კედლის დაცემამ და მსოფლიოში კომუნიზმის გავლენის შემცირებამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი. გაერთიანებული იემენის პრეზიდენტი კი სალეჰი გახდა. 
 
საპროტესტო მოძრაობის დაწყებისთანავე სალეჰმა წინასწარი ზომები მიიღო. მან პირობა დადო, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, ამას არც მისი უფროსი ვაჟი, აჰმედი გააკეთებს, რომელიც დღეს რესპუბლიკურ გვარდიას მეთაურობს. როგორც ეგვიპტურმა გამოცდილებამ აჩვენა, მსგავსი დაპირებები ქუჩაში გამოსული ხალხისთვის ნაკლებად იმედისმომცემია. პირიქით, პრეზიდენტის „არაადეკვატურობამ” პროცესები დააჩქარა და საპროტესტო გამოსვლებს უფრო დიდი მასშტაბი შესძინა.
 
იემენში სიტუაციას ორი ძირითადი ფაქტორი ართულებს: გააქტიურდნენ სამხრეთელი სეცესიონისტები, რომლებიც სამხრეთ იემენის ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილისაგან გამოყოფას მოითხოვენ. სამხრეთელები ანიმისტები და ქრისტიანები არიან. მათ მუსლიმურ ჩრდილოეთთან ერთ სახელმწიფოში ყოფნა არ სურთ. სამხრეთული სეცესიონიზმი ახალი მოვლენა არ არის, მაგრამ რეჟიმის დასუსტებამ და ქაოსმა ეს საკითხი უფრო მტკივნეულად წარმოაჩინა. ძალადობამ საპორტო ქალაქ ადენში ბოლო დღეებში პიკს მიაღწია. 
 
დედაქალაქში სიტუაციას ქაოტურობას პრეზიდენტის მხარდამჭერთა ჯგუფების გამოჩენა მატებს. 19-20 თებერვალს ალი აბდულა სალეჰის მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მომიტინგეთა დარბევაში იემენის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ. 
 
სიტუაციის ესკალაციის მიუხედავად, სალეჰი გადადგომას არ აპირებს. 20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ოპოზიციას ძალაუფლების მოსაპოვებლად საარჩევნი ყუთების გამოყენება მოუწევს. სალეჰის ტონის გამკაცრების მიუხედავად, მისი პოზიციები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზე, სუსტდება. სალეჰი აშშ-ის ერთგული მოკავშირე იყო ალ-ყაიდასთან ბრძოლაში. მაგრამ,  ევროკავშირის შემდეგ, ვაშინგტონმა დაგმო ძალადობა სალეჰის მხარდამჭერთა მხრიდან. „აშშ მოუწოდებს სანას პროტესტის მონაწილეთა უფლებების დაცვისკენ და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ”.
 
ამის საპასუხოდ ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ „არბიტრი ხალხია და არა ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირი”. თუმცა დღეს, სწორედ ეს ხალხი დგას ქუჩაში და რაოდენ პრინციპულიც უნდა იყოს მისი პოზიცია, სალეჰის მათი გათვალისწინება მოუწევს. 
რეჟიმის დასუსტება მნიშვნელოვან საფრთხეებს წარმოშობს საერთაშორისო დონეზეც. დაშლილი და არასტაბილური იემენი ზედმეტად კომფორტული ადგილია საერთაშორისო ტერორიზმის განვითარებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამისტური დინამიკა იემენში უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეგვიპტეში. სალაფიტების, ჯიჰადისტებისა და სხვა ჯგუფების გვერდით, აქ მოქმედებს კარგად ორგანიზებული პარტია – იემენის გაერთიანება რეფორმებისათვის (მუსლიმური საძმოს იემენური ვერსია). ჯიჰადისტებს მომხრეები, როგორც ქვეყნის სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში, ასევე დაზვერვაშიც ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში  ალ-ყაიდას იემენური ფრთაც გამოცოცხლდა. ის აქტიური პროპაგანდის გზით ცდილობს სხვადასხვა ტომთან ურთიერთობის დამყარებას. სიღარიბის დონისა და ტომობრიობის გათვალისწინებით ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა. როგორც Wall Street Journal-ის იემენის პროფილშია აღნიშნული, იემენის ტომები კვლავაც ძველი ლოგიკით მოქმედებენ – „ჩემია ის, ვინც ჯიბეს ფულით მივსებს”. მიმდინარე კრიზისის პირობებში კი, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება

კომენტარები