გარიყულა ევროპის სახლში

23 თებერვალს ევროპის სახლში მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო: ფერწერა, კონცეპტუალური და ხმოვანი ხელოვნება, გრაფიკა, ქანდაკება, არტ-ობიექტი, ინსტალაცია, ვიდეოარტი და ფოტოკოლაჟი. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, პირველი რასაც საგამოფენო დარბაზში შესვლისას იგრძნობოდით, სიმჭიდროვე იყო, ხალხმრავლობა, რაც თბილისის საგამოფენო დარბაზებს ხშირად აკლია.  

„აქეთ, ევროპელი ხელოვანები გარიყულაში, გარიყულა კი ევროპის სახლში”, – ასეთი სახელწოდებით  ორგანიზატორებმა გამოფენის ძირითადი მიზანი და კონცეფცია გამოხატეს. ეს არის არტ ვილა გარიყულას – ქართველ და უცხოელ შემოქმედთა თანამშრომლობის შედეგი, რამაც  გარიყულას სარეზიდენციო პროგრამისა და საერთაშორისო პროექტების მონაწილე ევროპელი ხელოვანები გააერთიანა. აქ თავი მოიყარა გარიყულას საინტერესო კოლექციამ, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, პოსტსაბჭოთა კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების პირველ ცენტრში იქმნებოდა. გამოფენის მონაწილეთა შორის არიან: ბათუმის ბულვარში ახლად გახსნილი ქანდაკების WHERE ავტორი, ფრანგი მხატვარი ჟან დეპუი და  ემილ ლოჟიე, ნიკოლას პერეტი, გილბერტ ბრეტერბაუერი, ანიტა კალმილა. გამოფენაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არტისტებიც იღებენ მონაწილეობას: გელა წულაძე (საფრანგეთი) და გოგა ოქროპირიძე (ავსტრია). ექსპოზიციამ, რომელმაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა (ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ლატვია, პოლონეთი და სხვა) თბილისის ევროპის სახლი 13 მარტამდე პატარა “ევროპად” გადააქცია.

გამოფენაზე მისულს თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ელიზა ფანტოზის მცირე სკულპტურა „კედები კვერცხებზე”, ავტორის მარადიული თემა წონასწორობის შესაძლო შენარჩუნებაზე. აქვეა გელა წულაძის ყირამალაზე მდგომი კაცი გულით ხელში და ჟან დეპუის  WHERE-ს მცირე მაკეტი, ლითონისა და შუშის კონსტრუქციები, ქაღალდითა და ფირით შექმნილი ინსტალაციები, კონტურული მონუმენტები, ფოტოებით აწყობილი კოლაჟები. უჩვეულო ვორქშოფიც კი, რომელიც 24 თებერვალს გამოფენის ფარგლებში ჩატარდა, თემის „განსაკუთრებულობით” გამოირჩეოდა. ვორქშოფი ნორვეგიაში მოღვაწე ბრიტანელმა ხელოვანმა, ამანდა შტეგელმა შემოგვთავაზა – “ქალბატონები და ბატონები – თბილისის საპირფარეშოები”. “რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, – ამბობს შტეგელი, – საჯარო ტუალეტები ის ადგილებია, რომელიც მასიური მოთხოვნით სარგებლობს და ასოცირდება ცივილიზაციასთან, ჰიგიენასა და გენდერულ სხვაობასთან. საჯარო ტუალეტები იმ ადგილების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც გენდერული გამიჯვნა ღიად იჩენს თავს თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში”. ამიტომაც ეს საჯარო ადგილები, მისი ყურადღების ქვეშ ხვდება.

პროექტის კურატორი, ევროპის სახლის პროგრამის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი: „ეს გამოფენა ხანგრძლივი გეგმის ერთი მცირედი ნაწილია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. ევროპის სახლის მიზანიც ამ შემთხვევაში არის ის, რომ ხელი შეუწყოს კულტურათა შორის ურთიერთობების გაღრმავებას. უკვე 10 წელია, არტ ვილა გარიყულას პროექტების ფარგლებში უცხოელი და ქართველი ხელოვანები თანამშრომლობენ. სწორედ ამან გაუხსნა გზა ქართველ ხელოვანთა ნაწილს ევროპისაკენ და პირიქით – ევროპელები საქართველოს დააკავშირა. ფაქტობრივად, ეს არის სახალხო დიპლომატია კულტურის მეშვეობით”.

კომენტარები