მორალური კლიმატი

გამოგიტყდებით: ან გაუნათლებელი ვარ, ან უნამუსო.

სანამ ავხსნი, თუ რატომ ვარ შტერი და ნაძირალა, მოდით ტერმინოლოგიაში გავერკვეთ. როდესაც გვეუბნებიან კლიმატის ცვლილებაზე და (დაჟინებით!) მოგვიწოდებენ ამასთან დაკავშირებით რამე (ყველაფერი!) გავაკეთოთ, გვატყუებენ.
 
კლიმატი ყოველთვის იცვლებოდა, იცვლება და მომავალშიც შეიცვლება. კლიმატი (ჰავა, ამინდი) იცვლება ციკლურად. ზოგი ციკლის პერიოდი რამდენიმე ასეული ათასი წელია, ზოგის კი – მხოლოდ რვა. ხომ გაგიგიათ, „ასეთი თბილი ზამთარი ერთი ათი წელი არ ყოფილა”? ეგ არის!

რომის იმპერია დაეცა და მათ შორის, იმიტომ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ დაიწია. რენესანსი მოხდა, მათ შორის, იმიტომ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ აიწია და კაცობრიობას (ზოგადად) და ევროპელებს (კერძოდ) მეტი საჭმელი გაუჩნდათ. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობა, რომლის აღორძინებისკენ მოგვიწოდებს მთავრობაც და ოპოზიციაც, შუა საუკუნეების ეკონომიკის ბურჯი იყო. შესაბამისად, მაშინ ცივილიზაციის ბედი კლიმატზე პირდაპირ იყო დამოკიდებული.

სინამდვილეში, ის, ვინც კლიმატის ცვლილებაზე ლაპარაკობს, გულისხმობს გლობალურ დათბობას. გულისხმობს, მაგრამ არ ამბობს. იმიტომ, რომ გლობალური დათბობა ან არის, ან არ არის (მეცნიერები ჯერ არ შეთანხმებულან), ხოლო კლიმატის ცვლილება ნამდვილად არსებობს –  ამაზე ვერავინ იდავებს.

გლობალური დათბობა, როგორც ვითომ სამეცნიერო ფაქტი, პირველად აღმოაჩინა... გაერომ. უფრო სწორად მისმა ერთმა ფილიალმა, რომელსაც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი ჰქვია. ამ პანელმა, რომელშიც გაეროს ბიუროკრატები და მათთან დაახლოებული მეცნიერები შედიან, პირველმა „დაადგინა”, რომ დედამიწის ატმოსფერო თბება იმის გამო, რომ ადამიანების საქმიანობის შედეგად მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ მოიმატა. ნახშირორჟანგს უწოდეს სასათბურე გაზი, რადგან ის ხელს უწყობს ატმოსფეროში სითბოს შეკავებას.

როგორც კი პანელმა ეს „აღმოჩენა” გააკეთა, გაეროს ბიუროკრატია გასაოცებელი სისწრაფით ამოძრავდა. გლობალური დათბობა გამოცხადდა კაცობრიობის მთავარ პრობლემად: თუ კაცობრიობა ნახშირორჟანგის გამოყოფის კონტროლისთვის სასწრაფოდ რაიმეს არ მოიმოქმედებს, ნახევარ პლანეტას ადიდებული ოკეანეები დაახრჩობს, ხოლო მეორე ნახევარს მზე დაწვავს, მანამდე კი, გვალვების გამო, ხალხი შიმშილით დაიხოცება. ნახშირორჟანგს კაცობრიობა გამოყოფს ნავთობპროდუქტების დაწვით, შესაბამისად, ნავთობის მოხმარება უნდა შემცირდეს.

გაეროს გლობალური ბიუროკრატებისთვის გლობალური დათბობა გენიალური მიგნება იყო. ბიუროკრატის ნატურალური ამოცანაა რაიმეს რეგულირება და რაიმეს წინააღმდეგ ბრძოლა. რეგულირებისა და ბრძოლის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, რამე ეპიდემია (ქათმის გრიპი, ღორის გრიპი, ძროხის ცოფი...). მაგრამ ეპიდემიებს ერთი ცუდი თვისება აქვთ – ისინი ადრე თუ გვიან ჩერდებიან და ქრებიან. სამაგიეროდ ასეთი ნაკლი არა აქვს ჰაერს. ჰაერი რეგულირებისთვის იდეალური რამეა და ტემპერატურის მომატება იდეალურია მასთან ბრძოლისთვის. თუ ბიუროკრატი ხარ, რაც უფრო მეტს არეგულირებ და მეტს იბრძვი, მით უფრო ბევრ ფულს შოულობ. ნახშირორჟანგის ემისიის კონტროლი და გლობალურ დათბობასთან ბრძოლა ფულის ჰაერიდან შოვნის აბსოლუტურად ლეგალური საშუალებაა!

კლიმატურმა პანელმა თავისი პირველი მოხსენება 1990 წელს გამოაქვეყნა. მას მერე ბევრმა მეცნიერმა ამ მოხსენებაში მოყვანილი მონაცემები გადაამოწმა და გაირკვა, რომ გლობალურ დათბობაზე ცალსახად ლაპარაკი არ შეიძლება. ამიტომ რიტორიკა ოდნავ, მაგრამ მზაკვრულად შეიცვალა: აღმოჩნდა, რომ თურმე დედამიწაზე კლიმატი იცვლება! მაგრამ ამაზე ხომ არავინ დავობს, ეს ხომ ისედაც ვიცოდით?

ჰაერიდან ფულის შოვნის შესაძლებლობა (5 მილიარდი დოლარი წელიწადში კვლევებზე და ბრძოლაზე და კონფერენციებზე მოგზაურობაზე) დაცვის ექსტრაორდინარულ ზომებს მოითხოვს. მთავარი იარაღი აქ ყბადაღებული „მეცნიერთა კონსენსუსია”.

ნებისმიერი კლიმატური ალარმისტი ამაყად გეტყვით, რომ არსებობს მეცნიერთა კონსენსუსი, რომ გლობალურ დათბობას ადამიანი იწვევს.
ეს თავისთავად უცნაური პოსტულატია: მეცნიერული ფაქტი ან არის, ან არ არის. თუ რამეზე ყველა მეცნიერი არ თანხმდება (უკიდურესი მარგინალების გარდა), ეს რამე მეცნიერული ფაქტი არ არის. ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოში მაგალითად ასეთი რამ ეწეროს: „მეცნიერთა კონსენსუსია, რომ მანძილი უდრის სიჩქარეს გამრავლებულს დროზე”? საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების არგუმენტით მეცნიერება არ ოპერირებს. ამით ოპერირებს ან რელიგია, ან ცრურწმენა, ან მორალი.

კლიმატური ალარმისტები სწორედ რომ მორალს გვიკითხავენ. ადრე პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ გლობალური დათბობის არსებობის უარყოფა ჰოლოკოსტის უარყოფის ტოლფასია. ამას წინათ კი ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ, თურმე, „ამჟამად არ არსებობს განათლებული, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც კლიმატის ცვლილების არ სჯერა”.

ჰოდა, ჩემს განათლებასა და პატიოსნებას რომ დავუბრუნდეთ – მე ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების არ მჯერა, გამოდის, რომ ან გაუნათლებელი ვარ ან უნამუსო? სინამდვილეში, პირიქით, ან ერთი რომ ვიყო ან მეორე ან ორივე ერთად, კლიმატური ალარმისტი ვიქნებოდი.

კომენტარები