ცხინვალი ევროსასამართლოში სარჩელების ხელახლა შეტანას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სახელით სარჩელებს განმეორებით შეიტანს. სააგენტო ოსინფორმის ცნობით,  ამ მიზნით ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურაში იბარებენ მოქალაქეებს, რომელთაც ადრე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ქონდათ სარჩელი და ევროსასამართლომ მათ განხილვაზე უარი თქვა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავარი პროკურორის მოადგილის, ელდარ კოკოევის განცხადებით, მათი საჩივრები ხელახლა იწერება. ”განმცხადებელბი მოითხოვენ, რომ საქართველო სცნონ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში  დამნაშავედ,” აღნიშნა მან.

კოკოევის თქმით, ცხინვლის დე ფაქტო პროკურატურა ამ კუთხით   რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობს, ვინაიდან ევროსასამართლოში  ”სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებს(რომლებიც ამავე დროს რუსეთის მოქალაქეებიც არიან) რუსეთის გენერალური პროკურატურა წარმოადგენს.

2011 წლის  იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ  შეტანილი 3300 საქმიდან 1549 სარჩელი დახურა. სასამართლოს პრეს სამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზად საქმეების განხილვისთვის აუცილებელი ინფორმაციის არქონა დასახელდა.  ”სასამართლომ მოსარჩელეების იურიდიულ წარმომადგენლებს ინფორმაციის მოწოდების შესახებ თხოვნა 2010 წელს ორჯერ გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია,” ნათქვამია პრეს რელიზში.

მოსკოვსა და ცხინვალში   ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების თითქმის ნახევრის დახურვის შესახებ, მკაცრად გააკრიტიკეს.  რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ  ”ეს ძალიან პოლიტიზირებული პოზიციაა, რომელსაც აშკარად ანტირუსული მიმართულება აქვს,” ოსეთის დე ფაქტო ოფიციალურმა პირებმა კი სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას ”უსამართლო” უწოდეს. 

კომენტარები