ევრონიუსი: ლიბიის ოპოზიცია ომისთვის ემზადება

ლიბიის ქალაქ ბენგაზიში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, ომისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ევრონიუსი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქში სპეციალური პუნქტები შეიქმნა, სადაც მოხალისეებს საშუალება აქვთ ქალაქის დამცველთა რიგებში ჩაეწერონ. მოხალისეების ნაწილი ქვეყნის დასავლეთით დაძვრას და იქ მყოფი თანამოაზრეების დახმარებას აპირებს. ევრონიუსი ასევე იუწყება, რომ ლიბიის სანაპიროსთან ამერიკული სამხედრო გემები გამოჩნდა.

ლიბიური ინტერნეტ გამოცემის ცნობით, პოლკოვნიკმა კადაფიმ დღეს დაზვერვის უფროსი, გენერალი ალ სანუსი გადააყენა და ამ პოსტზე მისი ერთ-ერთი პირადი მცველი დანიშნა. გენერალი ალ სანუსი მუამარ კადაფის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

ლიბიაში 17 თებერვალს დაწყებული საპროტესტო აქციები სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მოწინააღმდეგეები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, დასავლეთ ნაწილი კი კადაფის ექვემდებარება. თითქმის ორკვირიან დაპირისპირებებს ლიბიაში 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები