ახლად აღმოჩენილი ავტორიტარული სოციალიზმი

2011 წლის იანვარში ტუნისში საპროტესტო აქციების შედეგად დაემხო ექსპრეზიდენტ ზაინ ბენ ალის 23-წლიანი მმართველობა. ავტორიტარული რეჟიმის დასასრულს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. მემარცხენეთა ლიდერმა მარტინ შულცმა გააკრიტიკა ნიკოლა სარკოზის მთავრობის სიახლოვე ბენ ალის რეჟიმთან. მან განაცხადა, რომ ავტორიტარულმა მმართველობამ ტუნისს ეკონომიკური უთანასწორობა, ელიტების სიმდიდრე და მასების სიღატაკე მოუტანა. ამას გარდა, მან გაიხსენა, რომ ბენ ალის კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ რამდენიმე ხნის წინ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მემარჯვენე ორიენტაციის ევროპის სახალხო პარტიასთან. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, შულცს დავიწყებული ჰქონდა, რომ კონსტიტუციური დემოკრატიული მოძრაობა თითქმის 30 წლის მანძილზე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი იყო. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, შულცმა განაცხადა, რომ შოკირებულია მსგავსი ავტორიტარული პოლიტიკური ძალის ერთიანი სოციალისტური ოჯახის წევრობით. თუმცა იქვე დაამატა, რომ პარტია უკვე გარიცხეს ინტერნაციონალიდან.

სულ რამდენიმე წლის წინ ევროპელ სოციალისტებს ტუნისის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. ბენ ალის რეჟიმით შოკირებული არ იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე და 2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის სავარაუდო კანდიდატი დომინიკ შტრაუს-კანი. მან 2008 წელს ტუნისის ეკონომიკური და პოლიტიკური მოდელი განვითარებადი ქვეყნებისთვის სამაგალითოდ გამოაცხადა, ტუნისი კი ეკონომიკური წარმატებებისთვის შეაქო. ბენ ალის რეჟიმის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსისადმი გულგრილი არც საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 2007 წლამდე საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წევრი ბერნარ კუშნერი ყოფილა. მისი თქმით, ტუნისს მცირე ყურადღება ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მოხსენებებში, რაც ადამიანის უფლებათა დაცულობაზე უნდა მიუთითებდეს. ორგანიზაციის 2010 წლის რაპორტში ტუნისს 6 გვერდი აქვს დათმობილი და აღწერს ადამიანების წამების, მედიასა და მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს.

სოციალისტური ინტერნაციონალის წევრობას დღემდე ინარჩუნებს კოტ დ’ივუარის პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს პოპულარული ფრონტი. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გბაგბო დამარცხდა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მეორე კანდიდატი ალასან უატარა გამოაცხადა. თუმცა გბაგბოს პრეზიდენტობა არ დაუთმია და ეს ჯერჯერობით ვერც საერთაშორისო ზეწოლამ აიძულა. სოციალისტური ინტერნაციონალი კი, როგორც ჩანს, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყებას ელოდება ავტორიტარი მმართველის პოლიტიკური პარტიის საკუთარი რიგებიდან გასარიცხად.

კომენტარები