ნინო კალანდაძე: ტორშინის განცხადება მიზანმიმართული პროვოკაციაა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ნინო კალანდაძემ  რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ტორშინის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველოს დადანაშაულებას  ”შემაშფოთებელი” განცხადება უწოდა.   მისი თქმით, ამ განცხადების მიღმა ”ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი უნდა დავინახოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მოსაზრება.”

"აქ საუბარია ძალიან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე, მით უმეტეს, რომ განცხადება სრულიად უსაფუძვლოდ გაკეთდა,” აღნიშნა კალანდაძემ ”ასე რომ, როცა,  უხეშად რომ ვთქვათ, ციდან მოტანილი ამბის საჯარო პირის მიერ გაცხადება ხდება, ის უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს, ვიდრე მხოლოდ ერთი პირის მიერ მიცემული ინტერვიუ და მისი პირადი მოსაზრებაა,” დასძინა მან.

ალექსანდრე ტორშინმა 25 თებერვალს რუსულ გაზეთ როსიისკაია გაზეტასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ  დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების უკან ისლამისტი მებრძოლები დგანან. მან აფეთქების დაკვეთაში საქართველო დაადანაშაულა. "დარწმუნებული ვარ, რომ ტერორისტული აქტი საზღვარგარეთიდან იყო ორგანიზებული... დიახ ვიტყვი საიდან, თუმცა მესმის, რომ ჩემმა სიტყვებმა შესაძლოა რისხვისა და გაუგებრობის ქარიშხალი გამოიწვიოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო საქართველო და მისი მმართველი რეჟიმი,” აღნიშნა ტორშინმა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ მალავს თავის ”მტრულ განწყობას” რუსეთის მიმართ. ”დიდი ხანია, რაც მან ანტირუსული განწყობა კონკურენტულ პროდუქტად აქცია და ყიდის მას. იქ სხვა არც არაფერია გასაყიდი. ქართული ღვინო უცხოურ ბაზრებზე ცუდად იყიდება... ხოლო რუსოფობიაზე მოთხოვნა მაღალია. უმაროვიც არ სჭირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს ტერაქტების მოსაწყობად, ვინაიდან არსებობს ოსი მოღალატე, სანაკოევი და მისი აგენტურა,“ განაცხადა ტორშინმა.

ტოროშინის ინტერვიუს პარალელურად, რუსულმა ინტერნეტ გამოცემა  trud.ru-მ  გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ  საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას აპირებს ”სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის და რევანშის მიზნით.” გამოცემის მტკიცებით, ამ მიზნით, საქართველო აშშ-სგან   Patriot-3 და  Stinger-ის ტიპის შეირაღების შესყიდვას აპირებს. რუსი ექსპერტების ნაწილის აზრით, მსგავსი განცხადებებით კრემლმა საქართველოსთან ომისთვის რუსეთის საზოგადოებრივი აზრის მომზადების კამპანია დაიწყო.

ქართველი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ   2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაციის  მხოლოს პირველი ფაზა იყო. ”არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ როდესაც რუსული მხარე მზად იქნება, იგი აგრესიის მაშტაბებს გააფართოვებს,” განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, გიორგი თავდგირიძემ რადიო ეხო კავკაზასთან საუბრისას ”თუ რუსეთის ანალიტიკური სამსახურები ჩათვლიან, რომ  საქართველო წარმოადგენს პრობლემას, რომელიც უნდა გადაწყდეს და თუ ამისთვის იქნება მზადყოფნა,  რუსეთი არ გაუწევს ანგარიშს არც ევროპას  და არც ამერიკას,” დასძინა მან.

კომენტარები