ძიუდოისტთა შეკრება იაპონიაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ ზაიზენბახერმა გუნდი შეკრებაზე იაპონიაში წაიყვანა. მწვრთნელმა თან მხოლოდ შვიდი სპორტსმენი იახლა - ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ლევან წიკლაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირაკლი ცირეკიძე და ნოდარ მეტრეველი.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართული, ქართველთათვის წარუმატებელი  გრან-პრის შემდეგ, ზაიზენბახერმა თბილისში გამოუშვა მეორე მწვრთნელი ზურაბ ზვიადაური და ორი ძიუდოისტი, დავით ასუმბანი და ზვიად ხანჯალიაშვილი.

იაპონური შეკრება 18 დღეს გაგრძელდება. შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისათვის მზადების ფინალურ ეტაპზე გადავა. ჯერჯერობით გაურკვეველია 21-24 აპრილს სტამბოლში დაგეგმილ კონტინენტის პირველობაზე ნაკრები რა შემადგენლობით გამოვა. ამ შეჯიბრებაზე ყველა ქვეყანას აქვს უფლება შვიდივე წონაში 2-2 წარმომადგენელი ჰყავდეს. თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას პიტერ ზაიზენბახერი.

ამასობაში პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 26-27 თებერვალს ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილი ერთადერთი საერთაშორისო შეჯიბრებაც გაიმართება. აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ნკარებიც მიიღებს მონაწილეობას. გუნდს პოლონეთში ზურაბ ზვიადაური წაიყვანს.

ტურნირზე წამსვლელ სპორტსმენთა შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისებულია. თბილისის მსოფლიო თასზე გამარჯვების შემდეგ პირველად გავა ტატამზე 73 კგ-ში მოასპარეზე ამბაკო ავალიანი.

პოლონეთში საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით გამოვა: 60 კგ. - დავით ასუმბანი, 66 კგ. - გიორგი შოშიაშვილი, 73 კგ. - ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი,  81 კგ. - პაატა ღვინიაშვილი, 90 კგ. გიორგი ცოციაშვილი, 100 კგ. დავით ლორიაშვილი, +100 კგ. ადამ ოქრუაშვილი

კომენტარები