საპარლამენტო უმცირესობა გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, ლევან ვეფხვაძემ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების ხელახალი გამოძიება მოითხოვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ამის შესახებ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისიის დასკვნის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კომისიის დასკვნა მოწმობს, რომ თავდაპირველად ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ”არასწორად წარიმართა.”

”საქმეში არ არსებობდა ნივთმტკიცებები და გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით დამტკიცდა, თუმცა მოგვიანებით, კომისიის მუშაობის დროს გამოჩნდა, რომ ეს ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო,” აღნიშნა ვეფხვაძემ ”ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი თავიდან დაიწყოს,” დასძინა მან.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნა დეპუტატებს დღეს კომისიის თავმჯდომარემ, ყოფილი პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გააცნო. მისი თქმით, მოწმეების ჩვენებები გამსახურდიას თვითმკვლელობის შესახებ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, აუცილებელია განახლდეს შეჩერებული გამოძიება. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ყოფილი პრეზიდენტის გვამის ხელახალი ექსჰუმაცია.  ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი დროებითი კომისია საქმეზე ბოლო 15 თვის განმავლობაში მუშაობდა. 

კომენტარები