ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი მალაიზიაში 4 მარტს განახლდება

ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ბაბუცა გორდაძის მეუღლეს, ელდარ დავითიანს 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დავითიანი ქართველ სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. 

მისი მეუღლე და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, დარეჯან კოხტაშვილი ნარკოტიკების  უკანონო გადატანის ბრალდებით მალაიზიაში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. გორდაძეს ბრალდება უკვე წაუყენეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიის კანონმდებლობის შესაბამისად, გორდაძეს და კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. თუმცა, ელდარ დავითიანი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და დარეჯან კოხტაშვილმა არ იცოდნენ, რომ მათ ბარგში ნარკოტიკული ნივთიერებები იდო.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მალაიზიელი სამართალდამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაითვალისწინებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, ქართული მხარე მალაიზიელ სამართალდამცველებს ყველა შესაბამის მასალას გადასცემს. ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი 4 მარტს განახლდება

კომენტარები