საქართველო რუსეთს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. რას ეფუძნება ეს საჩივრები, რა ეტაპზეა განხილვა და სხვა მსგავს საკითხებზე ტაბულა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანს ესაუბრა.
რას ედავება საქართველო რუსეთს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?
საქართველოს სარჩელი შეტანილი აქვს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის საფუძველზე. ფორმულირება ასეთია – რუსეთი პასუხისმგებელია 90-იანი წლებიდან დღემდე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში (და მიმდებარე ტერიტორიებზე) მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დევნაზე. სარჩელი 2008 წლის 13 აგვისტოს შევიტანეთ.
ეს კრემლისთვის შოკი და არც დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის იყო ჩვეული რამ – რუსეთი პირველად აღმოჩნდა მოპასუხედ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში არც ისე მარტივ თემაზე. რუსეთისთვისაც კი არ არის კომფორტული, საერთაშორისო სასამართლოში ედავოს მეზობელი, რომ ეთნიკური წმენდის, სულ მცირე, 17-წლიანი ისტორია აქვს.
სასამართლოს სწრაფი რეაქცია ჰქონდა. სხდომა მალევე გაიმართა და ოქტომბერში თქვა, რომ აქვს იურისდიქცია მსგავსი საკითხების განსახილველად. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სასამართლომ საქმე არსებითად არ განიხილოს და ეს საქმე მოკვდეს სწრაფად. პირველადი შეპასუხება მალევე შეიტანა.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ორი საკითხი – რუსეთი ამტკიცებს, რომ არ არსებობს დავა საქართველოსთან ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით. მეორე წინააღმდეგობა ისაა, რომ საქართველოს არ ამოუწურავს დიპლომატიური რესურსები – ამ კონკრეტულ საკითხზე ქვეყნებს შორის საკმარისი მოლაპარაკებები არ გამართულა და ჯერ არ აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. არადა, აცხადებდნენ, რომ საქართველოს მთავრობასთან ლაპარაკს არ აპირებენ. სასამართლო სხდომა გაიმართა 2010 წლის სექტემბერში და გადაწყვეტილებას ყოველდღე ველოდებით. თუ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა ეს საკითხები, რუსეთს შეპასუხების მოსამზადებლად ჩვენს არსებით არგუმენტებზე 7 თვე ექნება.
დავა ჩვენსა და რუსეთს შორის საერთაშორისოა და უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სასამართლოში. საქართველომ ამჯობინა, რუსეთთან საქმე გაარკვიოს ცივილურად და მშვიდობიანად. ეს მხოლოდ ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანი. მჯერა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს. ეს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს სჭირდება.
როგორ შეიძლება პასუხი აგოს რუსეთმა?
პასუხისმგებლობის საკითხი ორნაირად შეიძლება დადგეს ამ სასამართლოში. ერთი, რომ მისცეს შეფასება, რომ ეს ნამდვილად იყო ეთნიკური წმენდა, რომელზეც რუსეთია პასუხისმგებელი. ჩვენ გვაქვს ამაზე პოლიტიკური განცხადებები და დოკუმენტები, სადაც ეთნიკურ წმენდას აღიარებენ და გმობენ, მაგრამ სამართლებრივი შეფასება მხოლოდ სასამართლომ შეიძლება გააკეთოს.
მეორე არის ფინანსური თემა. რუსეთმა შეიძლება პასუხი აგოს ფინანსური კომპენსაციის გადახდით და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა მიეცეთ ეთნიკურად ქართველებს (ყველა სხვა ეთნიკურ ჯგუფსაც), რომ დაბრუნდნენ უკან და იცხოვრონ დისკრიმინაციის, ზეწოლისა და დევნის გარეშე.
ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთი ამას შეასრულებს...
საერთაშორისო სასამართლოს არ ჰყავს ჯარი, პოლიცია, რომ რუსეთს პასუხი აგებინოს. თუმცა, ადრე თუ გვიან, მოუწევს ამ გადაწყვეტილების შესრულება. იმ პერსპექტივასა და გეგმაში, რაც საქართველოს სახელმწიფოს აქვს – სხვადასხვა დიპლომატიური არხების მაქსიმალური გამოყენება და ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია-გაერთიანება მოხდეს – ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. არგუმენტები, რომლის დაყენებაც ჩვენ გვიწევს ამ ბრძოლაში, საჭირო აღარ გახდება. ჩვენ გვექნება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულია საერთაშორისო სამართალში.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელები შეტანილი აქვს ევროსასამართლოშიც. პირველი ე.წ. დეპორტაციების საქმეა, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოდევნას ეხება. საქმე 2009 წელს დასაშვებად ცნეს. რა ეტაპზეა პროცესი?
საქმე 2007 წელს შევიტანეთ. დეპორტაციები იყო მიზანმიმართული ქმედება ქართველების დასასჯელად. ადამიანებს მასობრივად აკავებდნენ და სვამდნენ საპატიმროებში გაუსაძლის პირობებში. შემდეგ ჩაატარეს ე.წ. სასამართლო პროცესები. ბევრი არც შეუყვანიათ სასამართლოში, ისე გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები და კვლავ აპატიმრებდნენ. არ მისცეს უფლება, თავად დაეტოვებინათ ქვეყანა. ეს იყო მთლიანად პოლიტიზირებული გადაწყვეტილება, რომლის დროსაც ათასობით ქართველის უფლებები დაირღვა. მსგავსი ქცევა თანამედროვე რასიზმი და ქსენოფობიაა – ევროპული სტანდარტებით მიუღებელია. დეპორტაციების საქმე არსებითად განიხილება. ერთი კვირის წინ გვქონდა მოწმეების მოსმენა.
რუსეთის არგუმენტი ისაა, რომ მიგრაციას აკონტროლებდნენ და ეს ადამიანები იქ უკანონოდ იყვნენ. ვაღიარებთ, რომ ადამიანების ნაწილი მართლაც დოკუმენტაციების დარღვევით იყო იქ, მაგრამ მათ ეს სანქცია გამოიყენეს რუსეთში კანონიერად მყოფთა – მათ შორის, რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების მიმართ. ამას მიგრაციის კონტროლთან საერთო არაფერი ჰქონდა. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია და ევროსაბჭოს ფარგლებში არაერთი დასკვნაა, რომ 2006 წელს რუსეთის კანონმდებლობა მიგრაციაზე ისეთი იყო, რომ გამორიცხული იყო ამ კანონმდებლობასთან აბსოლუტური შესაბამისობა. ეს მათ გამოიყენეს ქართველების წინააღმდეგ.
ვფიქრობ, ამ საქმეზე გადაწყვეტილება წელს იქნება. ჩვენ ვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას ამ ადამიანებისთვის – ადეკვატურს და სამართლიანს. თუ რას, ამას სასამართლო გადაწყვეტს.
საქართველოს სტრასბურგში კიდევ ერთი საქმე აქვს, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება...
ეს საქმე უფრო სპეციფიკურია. ეხება კონკრეტულად აგვისტოს ომსა და კონკრეტულ მუხლებს – სიცოცხლის უფლება – მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა; თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. ასევე ეხება ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობას – წამებას...
სავარაუდოდ, წელს იქნება ზეპირი განხილვა ამ საქმის დასაშვებობასთან დაკავშირებით. აქამდე მხარეებს შორის მხოლოდ წერილობითი დოკუმენტები იცვლებოდა. ყველა ამ საქმეს რამდენიმეწლიანი პერსპექტივა აქვს.
ევროსასამართლოში ოსი მოქალაქეები უჩივიან საქართველოს. საქმეების ნახევარი უკვე გაიცხრილა. რას დავობენ ისინი?
თავიდან შეტანილი იყო 3700 სარჩელი. არ ვიცით ამ სარჩელების შინაარსი. სასამართლომ 2 წლის მანძილზე მხოლოდ ორჯერ, 7-7 საქმე გადმოგვიგზავნა – სიცოცხლის უფლებაზე, ქონების განადგურებაზე... პირველ შვიდეულში 5 გამორიცხა სასამართლომ და ზედ მიაყოლა 1500. დანარჩენიც, დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ განხილვის ფაზამდეც ვერ მივა.
ევროსასამართლოში შეტანილია საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელებიც რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობოებმა მოამზადეს. ჩვენ არ ვიცით დეტალები. კარგია, რომ ქართული სარჩელები ჯერჯერობით არ ამორიცხულა სასამართლოს მხრიდან.
ევროსასამართლოში საქართველოს მისი მოქალაქეებიც უჩივიან. ძირითადად, რას ედავებიან სახელმწიფოს? არამხოლოდ მიმდინარე წელს, ზოგადად, ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ. რა იცვლება?
გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგში დიდი დრო სჭირდება საქმეების დამუშავებას. ახლა შეიძლება, მქონდეს საქმე, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში მომხდარს ეხება.
სარჩელების დიდი ნაწილი პენიტენციურ სისტემაზეა. ახალ საქმეებში მთავარი საკითხი არის ჯანდაცვა – ადეკვატური მკურნალობა. მინდა, ვთქვა, რომ დიდი პროგრესი გვაქვს საქმეების არგანხილვისა და დაუშვებლად გამოცხადებაზე სტატისტიკაში სასამართლოს მხრიდან. ეს ძირითადად პენიტენციურ სისტემაში რეფორმების მიმდინარეობის ხარჯზეა. ჩვენი ციხეების აბსოლუტური უმრავლესობაც არის ახალი და აღმოფხვრილია ბევრი პრობლემა, რაც ადრე იყო. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ რესოციალიზაციაზე, სამედიცინო საკითხებზე.
ამას ისე არ ვუყურებთ – რომ საქმეს ვიგებთ სტრასბურგში და აი, რა მაგრები ვართ. ჩვენი მიზანია, ჩვენი მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ წაღებული სარჩელების რაოდენობა იყოს მინიმალური. მუდმივად ვატარებთ რეფორმებს სისხლის სამართლის სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.




