”იტალია ბორდელი არ არის” - იტალიელი ქალები ბერლუსკონის წინააღმდეგ

იტალიაში ასობით ათასმა ქალმა პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სექს-სკანდალების გასაპროტესტებლად ფართომასშტაბიანი აქციები გამართა. დემონსტრაციები ბერლუსკონის გადადგომის მოთხოვნით იტალიის 60 ქალაქში ჩატარდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით ”იტალია ბორდელი არ არის.” დემონსტრაციების ორანიზატორების თქმით, იტალიის პრემიერ მინისტრი თავისი საქციელით იტალიელი ქალების ღირსებას ლახავს და ქვეყნის იმიჯს ჩრდილს აყენებს.

ბერლუსკონის ბოლო სკანდალი ღამის კლუბის მოცეკვავეს, კარიმა ელ მაჰრუკს, იგივე რუბის უკავშირდება. სამართალდამცველების აზრით, იტალიის მთავრობის მეთაურს მასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუბი 17 წლის იყო. გამოძიების მტკიცებით, ბერლუსკონი მას სექსის სანაცვლოდ ფულს უხდიდა. არასრულწლოვან მეძავთან კავშირი იტალიაში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. თავად ბერლუსკონი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ”პოლიტიკურად არის მოტივირებული.”

კომენტარები