ფეხბურთი: საქართველო - სომხეთი, მეხუთე სერია

ხვალ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და მისი ნახვა პირველ არხზე შეგეძლებათ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას მიერ გამოძახებული შემადგენლობიდან, ერთადერთი, ვინც კვიპროსში ვერ ითამაშებს, ლადო დვალიშვილია. ჰაიფას მაქაბის ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში კუნთი გაიჭიმა და ექიმებმა დასვენება გამოუწერეს.

დანარჩენი მოთამაშეები კი ნელ-ნელა ჩადიან კვიპროსში. ერთადერთ სრულყოფილ ვარჯიშს თემურ ქეცბაია დღეს საღამოს ჩაატარებს, როდესაც მის განკარგულებაში ყველა გამოძახებული ფეხბურთელი იქნება.

9 თებერვალს საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები მეხუთედ შეხვდებიან ერთმანეთს. აქამდე გამართული ოთხი დაპირისპირებიდან 2 ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ერთშიც სომხებმა გაიმარჯვეს.

ჯვაროსნებმა მეტოქეს ყველაზე დიდი ანგარიშით 1997 წლის 30 მარტს მოუგეს - თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი 7:0 დამთავრდა. ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იყო. საქართველოს ნაკრებს არც მანამდე და არც შემდეგ ასეთი ანგარიშით აღარავინ დაუმარცხებია და ეს შედეგი დღემდე სარეკორდოდ რჩება.

თოთხმეტი წლის წინ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მისი ამჟამინდელი მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც თამაშობდა. მან კვიპროსში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია

მცველები: კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე, ლევან კობიაშვილი, ჯაბა კანკავა, დავით კვირკველია, სანდრო გურული, გიორგი მერებაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გოგიტა გოგუა

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი

კომენტარები