Georgia in Sex

რამდენიმე თვის წინ, ერთ ბლოგზე პოსტის – Sex in Georgia-ს წაკითხვა მირჩიეს – აღშფოთდები რომ წაიკითხავ და მერე კომენტარებს რომ ნახავ, ვეღარ მიხვდები, პოსტზე უფრო აღშფოთდები თუ კომენტარებზეო. როგორც მეტ-ნაკლებად პედანტმა ადამიანმა და წინასწარი დასკვნებისგან თავის დასაცავად, გადავწყვიტე ბლოგის ავტორის ამ გახმაურებულ პოსტამდე დაწერილი ყველა ტექსტი წამეკითხა.

აღმოჩნდა, რომ ბლოგი არანაკლებ გახმაურებული ქართული მოვლენის, TLG-ის („ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”) ნიუ იორკელ მასწავლებელს ეკუთვნოდა, და ერთობ გაცვეთილი სახელი, Georgia on My Mind ერქვა. როგორც ჩანს, მასწავლებელმა გადაწყვიტა ბლოგი მთლიანად თავისი ქართული გამოცდილებისთვის მიეძღვნა. პოსტები ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა. მე თუ მკითხავთ, ჩვენი ჟურნალის ცნობილ მესვეტეს, სულელ უცხოელს, ერთგვარ კონკურენციასაც კი გაუწევდა.         

წერის უნართან ერთად, მასწავლებელს მსუბუქი კულტურული იუმორი თუ მახვილი თვალიც არ ღალატობს. მაგალითად, ერთ პოსტში უწერია, რამე კარგი ამერიკული საჭმელი მომენატრა – პიცა ან ჰამბურგერიო (და ქართველი მკითხველის დაუნდობლობას მიჩვეული, ფრჩხილებში აღნიშნავს, არ დამიწყოთ ახლა, ვიცი – პიცა იტალიურია და ჰამბურგერი – გერმანულიო).

აი, პოსტში კი, დიდად სკანდალური ვერაფერი ვნახე. მოთხრობილი იყო, როგორ გააფრთხილეს TLG-ელები ადგილობრივმა თანამშრომლებმა, რომ ქართულ სექსთან ფრთხილად ყოფილიყვნენ: კაცებმა იმ დღეში არ ჩაიგდოთ თავი, რომ არასასურველ ქორწინებაში აღმოჩნდეთ, ქალები კი ფრთხილად იყავით, სექსუალური მანიპულაციის მსხვერპლნი არ გახდეთო; ამიტომ, იქნებ სუსტმა სქესმა ყალბი საქორწინო ბეჭდებიც ატაროთო, რადგან პატიოსან გოგოებს აქ “პატრონები” – მამები ან ძმები – ჰყავთ და ქორწინებამდელი სექსი ეკრძალებათო. ბიჭები კი ქორწინებამდე სექსში გამოცდილები უნდა იყვნენო. მესამე ფაქტორის გარეშე ეს სისტემა არ იმუშავებსო, ამბობს ავტორი, ამისათვის კი მეძავები არსებობენ და დასავლელი ქალები, რომლებიც ქართველ კაცებს პერის ჰილტონები ჰგონიათო. ეს ტრადიციები უფრო რურალურ რეგიონებს ეხებათ, თბილისში უკეთესი მდგომარეობააო. თუმცა, მაინც სავალალოდაა საქმე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩამოსული TLG-ელების უმეტესობა 20-30 წლისები ვართო.

პოსტის ქვეშ კომენტარების ჯარი დღემდე არ წყდება. ამ ჯარიდან ორი ძირითადი რამ გამოიკვეთა: ვინც ინგლისური და კომპიუტერი იცის, ქორწინებამდელი სექსის წინააღმდეგი არაა; ოღონდ კითხვა არ იციან: ვერ იგებენ იმას, რომ ავტორი საკუთარ გამოცდილებას კი არა, TLG-ის ქართველი თანამშრომლებისა და მოქალაქეების საუბრებს ეყრდნობა. შედეგად გაჩნდა ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი კომენტარების კასკადი (ნუ გვაბრალებ ქართველებს სისულელეებსო, წადი შე ამერიკელო ღორო სადაც გინდაო და ა.შ.). ამიტომაც ავტორმა ცალკე პოსტი მიუძღვნა ინტერნეტში კომენტირების ელემენტარულ წესებს, რომლის ბოლოსაც თქვა – ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სტრესები, პრობლემები და ცუდი დღეებიო, და არ ვაპირებ თავი მოგაჩვენოთ, თითქოს მე გამონაკლისი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე ჩემი მკითხველი იმდენად მგრძნობიარეა, მათ ქვეყანაში თუ ავად ვხდები, ჰგონიათ, ამით მათ ქვეყანას ვაყენებ შეურაცხყოფასო.

პოსტის მონახულების და კომენტარების რიცხვმა რეკორდები რომ მოხსნა, ავტორმა ნახევრად ირონიულად იკითხა – ნეტავ, რამდენმა დაგუგლეთ სიტყვათაშეთანხმება სექსი და საქართველოო.

ამ ფრაზაზე ერთი პირადი ინციდენტი გამახსენდა. ერთხელ ერთი ბიჭი მომეწონა – ეტყობა ძალიან, იმიტომ რომ ინტერნეტში ჩვენი ზოდიაქოთა თავსებადობის კითხვით რომ ვიჯერე გული, მერე Google-ში გამალებით ვწერდი: “მოვწონვარ თუ არა” და შესაბამისი ტესტების შევსება დავიწყე. მას მერე, რაც 30 ასეთი ტესტი შევავსე ანუ ვუპასუხე სხვადასხვა ვარიაციებში დასმულ კითხვებს – “წითლდება ან ოფლიანობს ხოლმე რომ გელაპარაკება?”, “გაგაცნო საკუთარ მეგობრებს?” “შენ დანახვაზე მისი მეგობრები ჩურჩულებენ?” “შენთან თვალებით კონტაქტს ამყარებს?” და ა.შ., – 31-ე ტესტის შედეგმა, დანარჩენი 30 იმედისმომცემისგან განსხვავებით, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. აი, რა ეწერა: არა. არ მოსწონხარ, იმიტომ რომ ნამდვილი ლუზერი ხარ. შეეშვი საძიებო სისტემების აჭრელებას უაზრო კითხვებით. თუ გაინტერესებს, ადექი და ჰკითხე.

თვითირონია დამიბრუნდა, გამეღიმა და დავანებე თავი ყოვლისშემძლე Google-ს. არა მგონია, გვირილის ფურცლებზე მარჩიელობას გოგოსთვის ოდესმე მსგავსი მახვილგონივრული პასუხი გაეცა.

კომენტარები