ანგელოზები და დემონები

რომ არა ფარდის მიღმა დარჩენილი ამოუცნობი მიზეზები, ალბათ არც ერთი მასშტაბური ტრაგედია, საყოველთაო დრამა ან კატაკლიზმი არ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასე სულისშემძვრელი... სწორედ საიდუმლოა ის, რაც ყველაზე მეტად მიიპყრობს ადამიანთა ყურადღებას და მეხსიერებაში დიდხანს რჩება. ჩვენ გვაშფოთებს ომები, უმუშევრობა, ავადმყოფობა, მიწისძვრა – გვაქვს წარსულის გააზრების, აწმყოში ორიენტირების და მომავლის რისკების გათვლის სურვილი. მსგავსი შიშები ისეთივე ძველია, როგორც ადამიანის ფსიქიკა. არსებულ ცოდნასთან სიცხადის სურვილის შეუსაბამობა, ჯადოსგან თავდახსნილ საზოგადოებაშიც პრობლემად რჩება. ვინც პასუხს ეძებს, აუცილებლად პოულობს. ხშირად მარტივადაც. მაშასადამე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შეთქმულებათა სამყაროში.

ეს სამყარო შავ-თეთრია. ბოროტი ძალა კეთილს ებრძვის. აქ არაფერი ხდება შემთხვევით – ყველა მოვლენის უკან, გამდიდრებისა და ძალაუფლების მოსურნე შეთქმულთა ჯგუფის გეგმები დგას. მოვლენები ისეთი როდია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს – ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება: „რუხი კარდინალები” ადამიანებს მარიონეტებივით მართავენ და საკუთარ მიზნებს უქვემდებარებენ ეკონომიკას, პოლიტიკას, საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ასე ჩნდება მოვლენათა საყოველთაოდ მიღებული და ოფიციალური ვერსიების ალტერნატიული ისტორია. იქმნება თანამედროვე დემონოლოგია და ადამიანები ამ გზით იკმაყოფილებენ მოთხოვნილებას, მოუძებნონ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას საყოველთაო, ნანატრი ახსნა. ისინი ცდილობენ, გამოავლინონ მტერი და იპოვონ ყველა იმ წარუმატებლობისა თუ უსამართლობის წყარო, რასაც ცხოვრების გზაზე ეჩეხებიან. 

სამყაროს ხედვა მსგავსი პერსპექტივიდან იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს. მაგალითად, დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სჯერა იმ სათადარიგო ვერსიის, რომლებიც 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტის გარშემო აიგო. უამრავი ინტერნეტ-საიტი თუ ფილმი გვიმტკიცებს, რომ ამ ტრაგედიის თავი და თავი არა ისლამისტი ექსტრემისტები, არამედ ბუშის ადმინისტრაციაა. მოვლენის ხანდაზმულობის მიუხედავად, აქტუალობას არც პრეზიდენტ კენედის მკვლელობა თუ პრინცესა დაიანას ავტოკატასტროფა კარგავს. ბევრს მტკიცედ სწამს, რომ შიდსი მასების გასაკონტროლებლად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. მათი რწმენით, ამავე მიზანს ემსახურება გლობალური დათბობა და ეს, სინამდვილეში, სიცრუეა. რაღა თქმა უნდა, UFO – უცხოპლანეტელები არსებობენ და აშშ-ის საიდუმლო ლაბორატორიები ამ აღმოჩენას ხალხისგან საგულდაგულოდ მალავენ. თურმე ნუ იტყვით, აპოლოს მთვარეზე დაჯდომაც „დადგმულია” და დედამიწაზე გადაღებული კადრებით მთელ მსოფლიოს თვალს უბამენ. საუბრობენ იმაზეც, რომ პრეზიდენტი ობამა აშშ-ში სულაც არ დაბადებულა და, შესაბამისად, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი აშშ-ში დაბადებული უნდა იყოს, თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კონსპირაციებისა, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საბოლოოდ შეთქმულებათა აბურდული ძაფები რაიმე მეტანარატივის გარშემო იყრის თავს. შეთქმულების თეორიები საქართველოშიც მეტად პოპულარულია. როგორც წესი, მათი უმრავლესობა ნაციონალისტური და რელიგიური მითებისა თუ შიშების  ნაზავს წარმოადგენს. მთავარი შეთქმულება, რომელიც სხვა წვრილმანი გამოვლინებების პირამიდის სათავეში დგას, მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძვის მსოფლიო ქართულ ფასეულობებსა და მართლმადიდებლობას. საბოლოოდ თეორია სამყაროს აპოკალიპტური დასასრულის ხედვით იკვრება: ანტიქრისტე, მეორედ მოსვლა, საქართველოს როლი და მისია ამ ამბებში, კაბალისტიკა და აპოკალიპტური წინასწარმეტყველებები – მსგავსი მოლოდინებით გაჯერებულ მსოფლმხედველობას ექვემდებარება ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მოვლენების ანალიზი.

რაც უფრო ბევრი ადამიანი მისდევს მსჯელობის მსგავს წესს, მით უფრო დიდია შეთქმულების თეორიის ეფექტი საზოგადოების ცხოვრებაზე. შესაბამისად, მეტია პრობლემები. გარე სამყაროს შიში და მითიური საფრთხეებისგან თავდაცვის სურვილი, სავარაუდოდ, საბჭოთა გადმონაშთია. ამავე პერიოდის პერიფრაზია გრანდიოზული შეთქმულება, კოდური სახელწოდებით „კაცობრიობა ქართველობის წინააღმდეგ”. სწორედ მისი ცალკეული გამოვლინებებია ის ადეკვატურობას მოკლებული შიშები, რომლითაც არა ერთხელ გავუნებივრებივართ უკანასკნელ წლებში ჩვენივე საზოგადოებას. მაგალითად, თავის დროზე მავანნი თბილისში სწრაფი კვების ობიექტის, მაკდონალდსის გახსნასაც აპროტესტებდნენ, რადგან გლობალიზაციის ცუნამის მაუწყებლად მიიჩნევდნენ. ყველას გვახსოვს ის დავიდარაბაც, რაც საარჩევნო პროცესზე მარკირების წესის შემოღებას მოჰყვა –  იმ შიშის გადალახვას, რომ თითზე დასხმული სითხე ქართველი ერის წინააღმდეგ ანტიქრისტეს შეთქმულება იყო, პატრიარქის ოფიციალური განცხადება დასჭირდა. მაშინ ავტორიტეტმა გაჭრა და არჩევნები შედგა, თუმცა დღეს ისევ ვდგავართ მსგავსი პრობლემის წინაშე: ბიომეტრული პასპორტები მტარვალი მტრის მიერ შემოგდებულ მორიგ საცდურად აღიქმება და ამ მოსაზრების გავრცელებას ქართველი სასულიერო პირებიც მონდომებით უწყობენ ხელს ქადაგებებით.

რაღა თქმა უნდა, კონსპირაცია პოლიტიკასაც გადასწვდა და მთლიანად მოიცვა: შორს რომ არ წავიდეთ, შეთქმულების თეორიის მიხედვით, 2003 წლის ვარდების რევოლუციაც წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებული „სპექტაკლი” იყო. კონსპირაციის უფრო ჩახლართულ ვერსიებში, ადგილის გაცვლა მოხდა მასონთა ლოჟის წევრ შევარდნაძესა და ასევე მასონ სააკაშვილს შორის, იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ შეთქმულთა სურვილების შესაბამისად.

ბუნებრივია, აუცილებელი არ არის, მტერი მასონთა ლოჟა იყოს. ის შეიძლება სომხური ლობის, ანაც შეთქმულთა მთავრობის სახით მოგვევლინოს, რომელსაც ხალხის „ტანჯვა” თვითმიზნად აქვს ქცეული. მისი „რუხი კარდინალები” კულისებში მოქმედებენ და საზოგადოების გარკვეული მოდელის მიხედვით გადაწყობისა და შეცვლის ბოროტი განზრახვა ამოძრავებთ.

ასეა თუ ისე, მტრის მსახვრალი ხელი ცდილობს, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს დაეპატრონოს. მისი ამოცნობა შეიძლება დასავლურ მულტფილმებში, ფილმებში, საკვებ პროდუქტებსა თუ ვალუტაში... „გლობალიზაციის აგენტები” დასავლეთ სამყაროსთან იგივდება, შესაბამისად, „შეთქმულება მართლმადიდებლობის წინააღმდეგ” ოკეანის გადაღმიდან გვემუქრება და საბოლოოდ ეს ნარატივი რუსეთს ბოროტებასთან ბრძოლაში ჩვენს მხარეს აქცევს.

და მაინც, რა არის შეთქმულების თეორიის პოპულარობის მთავარი მიზეზი? არსებობს ერთი ფსიქოლოგიური ასპექტი: ადამიანები ფიქრობენ, რომ დიდ და მნიშვნელოვან მოვლენას მიზეზიც თანაზომიერად „დიადი” უნდა ჰქონდეს. ამ ლოგიკით, არ  შეიძლება, აშშ-ის პრეზიდენტს უბრალოდ ესროლონ ან ყველასთვის საყვარელი პრინცესა ჩვეულებრივი მოკვდავივით ავარიაში დაიღუპოს. სულაც, ჩვენი ქვეყნის მაგალითი ავიღოთ: როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრმა არ დაიჯერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბუნებრივმა აირმა იმსხვერპლა. გარკვეულ ჯგუფებს არც ის სჯერათ დღემდე, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ადგა და უბრალოდ თავი მოიკლა. ადამიანებს სურთ, რომ მსგავსი შემთხვევების უკან უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი იმალებოდეს. თუ კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, ან არსებული პასუხები ზედმეტად ბანალურია, ფანტაზიას ასპარეზი ეხსნება და შეთქმულების თეორიათა მთელი სიმრავლე იბადება.

ამ გზით ტრაგედიები, ომები თუ ეპიდემიების გავრცელება გასაგები ხდება. უფრო მარტივია, იყო გაბრაზებული, ვიდრე დაბნეული. ხშირად სჯობს, მოვლენები, რომლებსაც უარყოფითად აფასებ, ბნელ ოთახში შეკრებილ სამ-ოთხ კაცს და მათ ღვარძლიან გეგმებს დააბრალო, ვიდრე პირადი წარუმატებლობა, ან სოციალური თუ ინსტიტუციონალური ნაკლი გააანალიზო და დისონანსის რეალური წყარო აღმოაჩინო. ნაკლებად შფოთის მომგვრელია ფიქრი, რომ ის ძვრები, რომელიც გარშემო ხდება, ადამიანთა მიერ იმართება და არა ადამიანურ კონტროლს მიღმა არსებული ფაქტორებით. თუ ჩავთვლით, რომ მოვლენათა ჯაჭვს გარკვეული პირები მართავენ და მისით მანიპულირებენ, ყოველთვის რჩება შანსი, შეთქმულთა ჯგუფი დაამარცხო, ან მათი ძალაუფლება გაინაწილო. შეთქმულების თეორიები მზა მორალურ კონტექსტში აქცევენ იმ მოვლენებსა თუ პროცესებს, რომლის ახსნისთვისაც მეტი განათლება ან ინფორმაციასთან წვდომაა საჭირო. ასე დაიძლევა წინააღმდეგობა აღიარებულ „ფაქტებსა” და პირად რწმენებს შორის. ემოციური აღელვება სადღაც, საზოგადოების მიღმა გადაიტყორცნება. პასუხისმგებლობაც „მათ” ეკისრებათ. კონსპირაციის მსხვერპლი კი სულიერ სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას მოიპოვებს. ამრიგად, სოციალური ფენომენი აღიქმება, როგორც უკიდურესად პირადი, დრამატული მოვლენა და „მსხვერპლის” წარმოდგენაში შემოდის ნანატრი სიცხადე – შეთქმულების აპოკალიპტური გარდაუვალობა მოიცავს ყველაფერს: პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს, ღირებულებების ყველა სისტემას. ბოროტ ძალებზე საუბარი აზრს ანიჭებს იმას, რაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს საზრისისგან დაცლილ, ქაოტურ სამყაროდ მოეჩვენებოდათ. ამ აზრით, მასონების, კაპიტალისტების, მონოპოლისტების თუ სხვათა ყოვლისშემძლე ძალაუფლების რწმენა შეიძლება რელიგიის ჩამნაცვლებლადაც განვიხილოთ.

რელიგიასა და შეთქმულების თეორიას ერთმანეთს ამსგავსებს ისიც, რომ, საბოლოო ჯამში, ორივე რწმენას ეყრდნობა. ხშირად კონსპირაციის მომხრეები თავს დებენ, რომ მათი დასკვნები ფაქტებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს და ზურგს დამამტკიცებელი საბუთები უმაგრებს. იშვიათად ისიც ხდება, რომ „მორწმუნე” უარყოფს კონსპირაციის შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც ეს თეორია აშკარად ეწინააღმდეგება რაიმე ფაქტს. მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი სხვაგვარადაა: რაც უფრო ფართოვდება შეთქმულების თეორია, მით უფრო რთულდება მისი თავის და ბოლოს გაგება. მთავარი მომხიბვლელობაც სწორედ ეს არის – შეთქმულების თეორია მით უფრო კარგია, რაც უფრო ძნელია მისი შემოწმება. მეტიც,  ის მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როცა აზრის ჩაკეტილ სისტემაში ექცევა და საპირისპირო არგუმენტებისა და კრიტიკისათვის მიუწვდომელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეთქმულების თეორია არ შეიცავს გამცდარების შესაძლებლობას, რაც მეცნიერული და რაციონალური დაშვებების აუცილებელი მახასიათებელია – ვარაუდი ფალსიფიცირებადი უნდა იყოს, ანუ უნდა შეიცავდეს დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობას. როგორც წესი, არ არსებობს მექანიზმი და მეთოდოლოგია, რომელიც კონსპირაციული თეორიის მთავარი დაშვებების შემოწმებას მოახდენდა. ამ გზით ყველა საპირისპირო არგუმენტი კიდევ უფრო აძლიერებს თეორიას და რადგან არ არსებობს ამ მტკიცებების უარყოფის რაციონალური საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს ძალა, რომელიც შეთქმულების მომხრეებს ან სულაც, პარანოიით შეპყრობილ პიროვნებებს ამ რწმენას გაუქარწყლებდა.

რიგ შემთხვევებში ამ ყველაფერს ხელს ობიექტური გარემოპირობებიც უწყობს: შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთქმულების თეორიებს განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი ავტორიტარულ რეჟიმებში აქვთ. იქ, სადაც ინფორმაცია შეზღუდულია, მეტი საბაბი რჩება იმპროვიზაციებისთვის. მაგრამ ეს უფრო მასშტაბური ხასიათის მოვლენაა, ვიდრე რომელიმე კონკრეტული საზოგადოების სენი. გარკვეული კვლევების მიხედვით, კონსპირაციული სულისკვეთებით აღსავსე ამბები აქტუალური ხდება მაშინ, როცა საზოგადოებაში ანომიის დონე მაღალია – არსებული ნორმებისგან, ინსტიტუტებისა და სისტემისგან გაუცხოება, უნდობლობა თვითონ საზოგადოების წევრებს შორის, იწვევს დაუცველობის და გათიშულობის განცდას. ისტორიული კატასტროფების, მასშტაბური ეკონომიკური კრიზისებისა და საყოველთაო ფრუსტრაციის პერიოდებში ადამიანებს უჩნდებათ საჭიროება, აღმოაჩინონ მტერი, რომელშიც თავს მოიყრის და პერსონიფიცირდება ყველა ის პრობლემა, რაც სხვაგვარად აბსტრაქტული და არაპერსონალური ჩანს. ამით აიხსნება ზოგადსაკაცობრიო თუ ლოკალური შეთქმულებების, უცხოპლანეტელებისა და პარანორმალური მოვლენებისადმი განსაკუთრებით გაცხოველებული ინტერესი 90-იანი წლების საქართველოში. თუმცა პასიური სახით შეთქმულების თეორიები ცხოვრების მეტ-ნაკლებად დალაგებულ და მშვიდ პერიოდებშიც ნარჩუნდება. ამას ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიური ტრადიციები, მითები და წარმოდგენები.

 „მტერი” ყველა შემთხვევაში მკვეთრადაა განსაზღვრული – ის ბოროტების და უგულობის იდეალური მოდელია. ამორალური ზეკაცი, სუპერმენი, რომელიც ყველგან არის და ცდილობს ისტორიის მსვლელობის ნორმალური კურსი ბოროტი მიმართულებით შეცვალოს. ის იწვევს კრიზისებს, აკოტრებს ბანკებს, კლავს საკუთარ ხალხს, ქმნის და ავრცელებს დაავადებებს, მალავს სიმართლეს უცხოპლანეტელების შესახებ და ა.შ. ყველა მსგავს ანტიგმირს ახასიათებს ფულისა და ძალაუფლების ავხორცი სიყვარული, მათ აქვთ განუსაზღვრელი შესაძლებლობები და კაპიტალი, ფლობენ „ტვინების გამორეცხვის” და ცდუნების საიდუმლო ტექნოლოგიებს. მათზე მუშაობს მედია, საგანმანათლებლო სისტემა, ხელისუფლება.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მტრის კონსპირაციული ხატი ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილების და მიუღწეველი მიზნების პროექციაა. ამით აიხსნება ის განსაკუთრებული ამორალობა და სექსუალური თავისუფლება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, კონსპირაციულ მტერს მიეწერება. არცთუ იშვიათად შეთქმულების თეორიაში ჩაფლული ადამიანების ფანტაზიები მძაფრ სადო-მაზოხისტურ ასპექტებსაც შეიცავს. ეს კარგად გამოიხატება, მაგალითად, მასონური დასჯის შესახებ ანტიმასონისტების აღტყინებულ წარმოდგენებში.

ყოველივე ზემოთ ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ შეთქმულებები არ არსებობს. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მთავრობები თუ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მართლაც ქმნიან  პრობლემებს, ცდილობენ, გარკვეული ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. რეალურად ხდება მკვლელობები, გარიგებები, გარკვეული მანიპულაციები. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის არა რომელიმე კონკრეტული შეთქმულების რწმენა, არამედ ის ლოგიკური პროცესი, რომელსაც ამ რწმენამდე მივყავართ და რასაც შემდგომი შედეგები მოჰყვება. საქმე ისაა, რომ ყველა ახალი მოვლენისა თუ პროცესის ასახსნელად იგება ახალი ისტორიები, რომლებიც ძველის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ აზრით, კონსპირაციულად მოაზროვნეები მეტად პროდუქტიულები არიან. კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანი, რომელსაც სჯერა ერთი შეთქმულების თეორიის, უფრო მარტივად იჯერებს ახალს: თუ რომელიმე შეთქმულება პასუხისმგებელია არსებულ პრობლემებზე, მაშინ ეს ახალი პრობლემაც მისი ან მსგავსი შეთქმულების ბრალი იქნება. ამ ლოგიკით კონსპირაციათა მთელი ქსელი იგება: შეთქმულება კონკრეტული მოვლენიდან ინსტიტუციურ დონეზე გადადის, საბოლოოდ კი სუპერთეორიის სტატუსს იძენს. ბოლოს მივდივართ დასკვნამდე, რომ ბოროტი ადამიანების ჯგუფი არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში ინტერესების გატარებისთვის იღვწის, არამედ მთელი ერის, მთელი კაცობრიობის, ტრადიციული წესრიგისა და ინსტიტუტების უზურპირება აქვს მიზნად.

და რადგან შეთქმულებები ხანდახან მართლაც ხდება, მაინც როგორ ამოვიცნოთ ის თეორია, რომელიც, დიდი ალბათობით, მცდარია? შეგვიძლია შევთანხმდეთ მარტივ ინდიკატორებზე: შეთქმულების რეალობასთან მეგობრობა მით უფრო საეჭვოა, რაც უფრო ჩახლართულია და რაც მეტ ისეთ ადამიანს მოიცავს, რომელსაც საიდუმლოს მკაცრად შენახვა ევალება. დადასტურების ალბათობა მით უფრო იკლებს, რაც უფრო იზრდება შეთქმულების ამბიციები, მოიცვას ერი, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები და, მით უმეტეს, მსოფლიო. ყველაფერი ნაკლებდამაჯერებელი ხდება, როდესაც შეთქმულების თეორიის მიმდევარი გზნებით ეძებს არგუმენტებს იმ თეორიის სასარგებლოდ, რომელიც მან წინასწარ უკვე დაიჯერა, ყველა საპირისპირო მტკიცებულებას კი სრულიად უგულებელჰყოფს. მთავარი პარადოქსი ისაა, რომ ყველა ეს მახასიათებელი, რაც, წესით, ცრუ თეორიის ამოცნობაში უნდა გვეხმარებოდეს, როგორც წესი, აძლიერებს და მეტ თავდადებულ მიმდევარს სძენს მას.

საინტერესოა, მაინც რატომ სჯერათ შეთქმულების შესახებ ეზოთერული ცოდნის მფლობელ ადამიანებს, რომ განსაკუთრებული პრივილეგია აქვთ, იცოდნენ მეტი, ვიდრე დანარჩენებმა? ერთი არგუმენტი ის არის, რომ ისინი მოვლენებს „შიგნიდან უყურებენ”, ანუ აქვთ წვდომა მოვლენის პირველწყაროსთან, ან რაიმე ავთენტურ ფაქტებთან, რომლებიც, გამონაკლისის სახით, შეთქმულთა ყოვლისმომცველ კონტროლს ხელიდან დაუძვრა. ასეთია, მაგალითად, UFO-ს დოკუმენტები, რომლებიც, რაღაც მანქანებით, ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების საქაღალდეებიდან პირდაპირ განმანათლებელთა მფლობელობაში აღმოჩნდა. არც ქართული რეალობისთვისაა უცხო ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ პირადად ესწრებოდნენ შეხვედრებს, სადაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი მზაკვრულ გეგმებს სახავდნენ. სხვებს უჭირავთ მოჩვენებითი დისტანცია მეინსტრიმული მედიისგან და ირწმუნებიან, რომ დანარჩენი საზოგადოებისგან განსხვავებით, გადაურჩნენ „ტვინის გამორეცხვას” და 25-ე კადრის ზემოქმედებას.

ყოველივე, რაც ზემოთ ითქვა, გვაჩვენებს, თუ რატომაა ინფანტილური შეთქმულების თეორიის მომხრეთა მსოფლმხედველობა. გამომდინარე მათი რწმენიდან, რომ კონკრეტული ჯგუფები ფლობენ ჯადოსნურ მექანიზმებს, მოახდინონ ეკონომიკისა და სოციალური ცხოვრების მასშტაბური კონტროლი და ასე მიაღწიონ სასურველ შედეგს, ისინი აღიარებენ: საზოგადოებით მანიპულაცია და მისი ცხოვრების ყველა ასპექტის ინჟინერია რეალურად შესაძლებელია. ეს დაშვება სოციალისტურ უტოპიებს წააგავს და უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოქმედებას თან განუზრახველი შედეგები ახლავს, რომლებიც მაშინვე ჩნდებიან, როგორც კი მავანთა გეგმები ინსტიტუტებთან ან სხვა ადამიანების არჩევანთან შედიან ინტერაქციაში. შეუძლებელია, ვინმემ გადააბიჯოს საზოგადოების კომპლექსურ ხასიათს და სრულად გააკონტროლოს პროცესები თუ ადამიანთა მოქმედება. მათი კოორდინირება და თანამშრომლობა უფრო რთული და სპონტანური, თავისთავად დარეგულირებული რამაა, ვიდრე კონკრეტული პიროვნებების მიერ კონსტრუირებული სამყაროს სასურველი მოდელი და მისი სწორხაზოვანი განხორციელება.

შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ყოველივე ასე მარტივია და მსგავსი ბერკეტის ფლობა მართლაც შესაძლებელია. მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ არ მოახდინეს მისით მანიპულირება კეთილმა ადამიანებმა? რატომ არ განახორციელეს შეთქმულება საყოველთაო კეთილდღეობისა და მიწიერი სამოთხის დასამყარებლად?

სინამდვილეში, სოციალური სამყაროს კომპლექსურობას მარტივ მიზეზებამდე ვერ დავიყვანთ. რაციონალურ ადამიანებს არ გამოადგებათ რწმენა, რომ „დაუჯერებელი არის ერთადერთი რამ, რისი დაჯერებაც შესაძლებელია” – აბსოლუტური ბოროტების დამარცხების მიუღწეველი მიზანი ფრუსტრაციას იწვევს, სამყაროს გაუმჯობესება კი სტრუქტურული პრობლემებისა და უცოდინრობის აღმოფხვრით მიიღწევა.

კომენტარები