დასავლური პერსპექტივა

თავის წიგნში აღმოსავლეთმცოდნეობის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ოცდაათი წლის წინ, ედვარდ საიდი თვლიდა, რომ დასავლეთის მიერ აღმოსავლეთის აღქმა ევროცენტრულ ცრურწმენას ეფუძნებოდა, რაც ევროპის კოლონიზატორულ და იმპერიულ ამბიციებს კვებავდა. 21-ე საუკუნეში, ამგვარი დასავლური ამბიციები რადიკალურად შემცირდა, მაგრამ რამდენად შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება “აღმოსავლეთის მიმართ”? ჯერ კიდევ არსებობს აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან დაკავშირებული არაერთი მოსაზრება – განსაკუთრებით კი მის ისლამურ ნაწილზე – რასაც სერიოზულად მცდარი პოლიტიკისკენ მივყავართ. ეს მოსაზრება ასევე სხვა მიმართულებითაც მუშაობს. ევროპის აღქმას და ამგვარი მოსაზრების მნიშვნელობას შეუძლია პოლიტიკის დამახინჯება და ვესტერნიზაციის რეფორმის გადაქცევა კონტროლის ინსტრუმენტად. არჩევნების გამოყენება ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის პოპულარული მოსაზრების პროპაგანდირების ნაცვლად კარგ მაგალითს წარმოადგენს. საქართველო ცხადყოფს ორივე ამ ტენდენციის არსებობას – როდესაც დასავლელები არასწორად აფასებენ ქართულ რეალობას და ქართველები

არასწორად განმარტავენ დასავლურ ღირებულებებს და მოდელებს.
ტიპ ო’ნილი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა ქვედა პალატის თავმჯდომარე 70-იან წლებში, მახვილგონივრულად აღნიშნავდა, რომ “ყველა პოლიტიკა ლოკალურია”. ამით ის გულისხმობდა, რომ ეროვნული პოლიტიკის მაკროგანმარტება არაადეკვატური იყო.

ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება ავტონომიურად: ისინი დაკავშირებული არიან ადგილობრივ საკითხებთან, ინტერესებთან და ჯგუფებთან. ჩვენ ეს გვესმის აშშ-ში და ევროპაში, ხოლო როდესაც საქართველოსკენ ვიხედებით, ჩვენ ვიყურებით ეთნიკურობის, რელიგიის და პოლიტიკური კულტურის მოუხერხებელ ჩარჩოებში და ვეღარ ვხედავთ რთულ ადგილობრივ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სკოლებთან, დასაქმებასთან და ჯანდაცვასთან, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და განსაზღვრავენ საქართველოს პოლიტიკურ ქცევას. მაგალითად, საქართველოში ნაციონალიზმის ყურადღებით ანალიზი – რასაც ჩვენ იშვიათად ვიღებთ დასავლელი დამკვირვებლებისაგან, რომლებიც სწრაფად გმობენ ქართველებს მათი სამხრეთული ვნებების გამო – იძლევა იმ კლიშეების საპირისპირო დასკვნას, რასაც დასავლურ პრესაში ვკითხულობთ. ქართული ნაციონალიზმი, როგორც ამას ვეცნობით დასავლურ პოპულარულ პრესაში და ასევე სამეცნიერო სტატიებშიც, წარმოადგენს საქართველოს ისტორიის მამოძრავებელ ძალას. მაგრამ ეს არასწორი აღქმაა.

ისტორიულად, ქართული ნაციონალიზმი – მისი პოლიტიკური ფასადი – სუსტი იყო და არა ძლიერი დასავლურ ნაციონალიზმთან შედარებით (გერმანია ჰიტლერის დროს ან საფრანგეთი ნაპოლეონის დროს); ის არასდროს ყოფილა ექსტრემალური; საქართველოში კონფლიქტები უმეტესწილად გამოწვეულია არა ეთნიკური საბაბით, არამედ სახელმწიფოებრიობის რღვევით და ზევიდან მანიპულაციებით; ხოლო ნაციონალიზმი შეიძლება იყოს ერთობის, ისევე როგორც ფრაგმენტაციის, მნიშვნელოვანი წყარო.
შევარდნაძის დროს უფრო მეტი ნაციონალიზმი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ უფრო ნაკლები კორუფცია იქნებოდა და სახელმწიფოც ნაკლებად დანაწევრდებოდა.

დასავლელები ეთნიკურობას ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში სხვა მხრივაც. ჩვენ გვიყვარს საპარლამენტო წარმომადგენლების დათვლა. დღესდღეობით პარლამენტის 150 წევრიდან 6 არაქართველია; ჩვენ დასავლეთში მივიჩნევთ, რომ ეროვნული უმცირესობები არასაკმარისადაა წარმოდგენლილი საქართველოში. შესაძლოა, მაგრამ არის კი სწორი პარლამენტის შერჩევა ჩვენი ყურადღების ობიექტად? ანიჭებენ ეროვნული უმცირესობები მნიშვნელობას მათი საპარლამენტო წარმომადგენლების ეთნიკურ წარმომავლობას? არაქართველი მოსახლეობა მარნეულში ან ახალქალაქში შეიძლება ხმას აძლევდეს თავიანთი ეროვნების მქონე პირს, მაგრამ ისტორიულად ისინი უმეტესწილად ქართველებს აძლევენ ხმებს. მათ სურთ დეპუტატები, რომლებიც მათ რეგიონში სამუშაო ადგილებს მოიტანენ. ხშირად, იმავე ეროვნების წარმომადგენლები ნაკლებად ჩანან ასპარეზზე, ვინაიდან ისინი ცალკე კლანებზე მუშაობენ, ან უუნაროები და უკონტაქტოები არიან. ჩვენ იმავე დასკვნას ვაკეთებთ ცენტრალურ მთავრობაში წარმომადგენლების ეთნიკური იდენტობის შესახებ. შაშკინი, განათლების მინისტრი, რუსული წარმომავლობისაა. მაგრამ ამას ქართველები ან ადგილობრივი რუსები რაიმე მნიშვნელობას ანიჭებენ? ან ეს ფაქტი რაიმე ზეგავლენას ახდენს მის მიერ საგანმანათლებლო რეფორმის ადმინისტრირებაზე ან მის მიერ კაბინეტის გადაწყვეტილებებში მონაწილეობაზე?

რაც შეეხება ეკონომიკას, დასავლეთის არასწორი ინტერპრეტაცია კატასტროფული იყო, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ახლა აღიარებს. ისინი აღიარებენ, რომ ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას სოციალური შედეგები აქვს, რასაც შეუძლია პოლიტიკური სტაბილურობის და დემოკრატიის ხარისხის დაზიანება. მასობრივი პრივატიზაცია და დერეგულირება ამჟამად დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ უკუაგდო, როგორც წარუმატებელი ექსპერიმენტი, რამაც კაპიტალიზმი კრიზისამდე მიიყვანა. საქართველოში ეს “დასავლური” პოლიტიკა ჯერ ისევ გამოიყენება, როგორც ერთადერთი ალტერნატივა – თუმცა ის კორუფციას უქმნის კარგ ნიადაგს და ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს. ამას ემატება ეკონომიკური ინფორმაციის უფრო ზოგადი პრობლემა და ჩვენ მიერ მისი გამოყენების გზები. ეკონომიკური სიჯანსაღის დასავლური განსაზღვრებები ნაკლოვანია – ჯოზეფ ე. სტიგლიტსი (კოლუმბიის უნივერსიტეტი) და ამარია სენი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) სერიოზულ ეჭვს გამოთქვამენ ჩვენ მიერ მშპ-ს გამოყენების სისწორეზე, როდესაც ვაფასებთ ისეთი ქვეყნის ეკონომიკას, როგორიცაა საქართველო. მშპ წარმოადგენს პროდუქციის წარმოების და არა ეკონომიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელს. იგივე შეიძლება ითქვას უმუშევრობის შეფასების შესახებ (დასავლეთის ყველა ქვეყნის ხელისუფლება მიუთითებს აბსურდულ 12-13%-ს საქართველოში). დასავლეთის შეფასების მეთოდები ამახინჯებენ ჩვენ მიერ საქართველოს ეკონომიკის აღქმას. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სცდება მიზანს.

დაბოლოს, დასავლელებს აქვთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ უცნაური, მაგრამ პროგნოზირებადი მცდარი წარმოდგენა. პირველად ჩვენ ვიხილეთ გამსახურდია, როგორც მამაცი ანტისაბჭოთა მებრძოლი და ადამიანის უფლებების დამცველი, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ ის იყო ავტორიტარული პოპულისტი. შევარდნაძეს მივესალმეთ როგორც პროდასავლურ რეფორმატორს, მაგრამ შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ის იყო კორუმპირებული „აპარატჩიკი”, რომელიც ვერ განთავისუფლდა საბჭოთა მენტალიტეტისაგან. და ბოლოს, აღმოვაჩინეთ სააკაშვილი, რომელმაც განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, რაც აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. დღეს კი ექსპერტები საუბრობენ არარაციონალურ ადამიანზე. ჩანს, დასავლეთი სწორად ვერ აფასებს ქართველ ლიდერებს და მხოლოდ იმ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას, რისი დანახვაც თავად სურს. ეს კი საბოლოოდ იმედგაცრუებას იწვევს და ქართულ-დასავლურ ურთიერთობებს ძაბავს. საქართველოს პოლიტიკისადმი ამ „ქარიზმატულ” მიდგომას უნდა ჩაენაცვლოს უფრო ფართო სოციალური და ინსტიტუციონალური მიდგომა, რომელიც ასახავს საქართველოს საზოგადოების და არა ელიტის შედარებით მცირე წრეების ცვლილებას. ტომას კაროთერსი თავის წიგნში “კრიტიკული მისია” (2004) არ ეთანხმება, რომ დასავლეთის ტრანსფორმაციის პარადიგმა – მოსაზრება, რომ ქვეყანა, რომელიც კომუნიზმს შორდება, დემოკრატიისაკენ მიიწევს – გამარტივებულია. დასავლეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა დემოკრატიის მშენებლობაზე საქართველოში, რადგან მან არ მიაქცია ყურადღება ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მნიშვნელობას.

თუ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომების გამეორება და შედეგად არ მივიღოთ საქართველოში დემოკრატიის მარცხი, ჩვენ, დასავლეთში ყურადღება უნდა გადავიტანოთ დემოკრატიის პარადიგმიდან (რომელიც, როგორც მარქსმა აღნიშნა, ფოკუსირებულია პოლიტიკურ სუპერსტრუქტურაზე) ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფილ შემეცნებაზე. ჩვენ არ უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა ესა თუ ის რეფორმა დემოკრატიული, არამედ უნდა ვიკითხოთ – აქვს თუ არა ჩვეულებრივ მოქალაქეს საშუალება ხელი მიუწვდებოდეს ელექტროენერგიაზე, ექიმის მომსახურებაზე, ესაუბროს მის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს ან არის თუ არა ის ეკონომიკურად დაცული. ეს ფუნდამენტური საკითხები შეადგენენ დემოკრატიას; დემოკრატიის ქულებით განსაზღვრა და ეკონომიკის რიცხვებით გამოანგარიშება უზრუნველყოფს დემოკრატიის ფორმალურ არსებობას და ბაზრის წარმოსახვითობას, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის ვერ იქნება სიკეთის და სარგებლობის მომტანი.

 

კომენტარები